"წითელას 335 შემთხვევაა, რაც ეპიდაფეთქებაა" - ჯანდაცვის მინისტრი

დღევანდელი მდგომარეობით, წითელას 335 დაავადების შემთხვევაა, ეს არის ეპიდაფეთქება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

ჯანდაცვის მინისტრი მოსახლეობას მოუწოდებს, რომ ვაქცინაცია ჩაიტარონ.

"დღევანდელი მდგომარეობით, 335 დაავადების შემთხვევაა წითელასი, რომელიც მკვეთრდა მატულობს დღეების მიხედვით. განსხვავებით გრიპის სტატისტიკისა და ეპიდემოლოგიისგან, ამ შემთხვევაში ეს რაოდენოდა უკვე საკმარისია, რომ მოხდეს დეფინიცია - ეს არის ეპიდაფეთქება. ამის სპეციფიკა ის არის, რომ ერთადერთი და გარანტირებული დაცვა ამ დაავადების გავრცელებისგან არის ვაქცინაცია, რომელიც ყველასთვის ხელმიწვდომადია.

მთელი ამ წლების განმავლობაში ბევრჯერ იყო მცდელობა რომ მომხდარიყო მასიური კამპანიური აცრა წითელას წინააღმდეგ, რადგანაც ახლა ჩვენ პრობლემა გვაქვს 20-40 წლამდე ასაკის ადამიანებში, მათში, ვისაც 90-იან წლებში უნდა გაეკეთებინა გეგმური ვაქცინაცია, მაგრამ დიდწილად ეს არ ხერხდებოდა ცნობილი მიზეზის გამო.

2008 წლის მდგომარეობით, ეს იყო 1 მილიონი ადამიანი, იმ წელს ჩატარებული კამპანიის შედეგად ნახევარი მილიონის ვაქცინაცია მოხერხდა, ნახევარის - ვერა და ამაში გარკვეული წვლილი მაშინ გარკვეულმა მედიასაშუალებებმა შეიტანეს", - განაცხადა სერგეენკომ.