“დეტექტორმა გაზის გაჟონვა არ დააფიქსირა” – “ყაზტრანსგაზი” აფეთქების მიზეზს ვერ ასახელებს

“დეტექტორმა გაზის გაჟონვა არ დააფიქსირა” – “ყაზტრანსგაზი” აფეთქების მიზეზს ვერ ასახელებს

"ყაზტრანსგაზ თბილისი" ადასტურებს, რომ დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე მდებარე კორპუსში მომხდარ აფეთქებამდე რამდენიე საათით ადრე, კორპუსის მობინადრეებისგან შეტყობინება შევიდა გაზის სუნის შესახებ.

კომპანიამ ამასთან დაკავშირებით განცხადებს დღეს გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ კორპუსი მათი კომანიის სპეციალისტებმა სპეციალური მოწყობილობით შეამოწმეს, თუმცა გაზის გაჟონვა ვერ დააფიქსირეს.

"2019 წლის 16 იანვარს, შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისის" ცხელ ხაზზე (114) შემოვიდა მოქალაქე გიორგი იმედაძის შეტყობინება დიდ დიღომში, ავთანდილის ქ. #8-ში მდებარე კორპუსის სადარბაზოში გაზის სუნის შესახებ. აღნიშნულ შეტყობინებაზე რეაგირების მიზნით, მისამართზე სპეციალური აღჭურვილობით, შესაბამისი კვალიფიციური და გამოცდილი სპეციალისტების ჯგუფი გაემართა.

ამავდროულად კომპანიის ცხელ ხაზზე, იგივე მისამართიდან მეორე, მოქალაქე გიგა ჭანტურიას შეტყობინება შემოვიდა, რომელიც შესასრულებლად გზაში მყოფ იმავე ჯგუფს გადაეგზავნა. კომპანიის საავარიო სამსახურის მხრიდან შეტყობინებებზე განხორციელდა შესაბამისი რეაგირება კვალიფიციური და გამოცდილი სპეციალისტების მიერ. საავარიო სამსახურის ჯგუფი გამოცხადდა აღნიშნულ მისამართზე და ზემოხსენებული მოქალაქეების თანდასწრებით შეამოწმა შეტყობინებაში მითითებული ადგილები, ასევე, ლიფტის შახტი და კორპუსის მიმდებარედ არსებული ჭები. აღნიშნული ადგილები შემოწმდა ბუნებრივი გაზის კონცენტრაციის დამდგენი სპეციალური აპარატით „GASURVEYOR 3-500"-ით. დეტექტორმა გაზის გაჟონვა არ დააფიქსირა.

შემოწმების შედეგების შესახებ „ყაზტრანსგაზ-თბილისის" სპეციალისტებმა შეადგინეს შემოწმების აქტი, რომელიც დამოწმებულია საავარიო ჯგუფის წარმომადგენლებისა და განმცხადებლების ხელმოწერებით.

იმავე დღის 20:33 საათზე საპატრულო ეკიპაჟმა გადმოგვცა ინფორმაცია აღნიშნულ კორპუსში აფეთქების თაობაზე. კომპანიის წარმომადგენლების ადგილზე მისვლისას გაირკვა, რომ აფეთქება მოხდა, სავარაუდოდ, მე-6 სართულზე მდებარე 49-ე ბინაში. აღსანიშნავია, რომ კორპუსის რამდენიმე ბინაში (მათ შორის, აფეთქებული ბინის მეზობელთან) დამონტაჟებული ბუნებრივი გაზის გაჟონვის დეტექტორები დენის წყაროდან გამორთული იყო. აფეთქების გამომწვევი მიზეზი ამ ეტაპზე ჩვენთვის უცნობია", - ნათქვამია ყაზტრანსგაზ თბილისის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.