კორპუსის ექსპლუატაციაში მიღებასთან კავშირში არ არის გაზმომარაგება, წყალგაყვანილობა და ელექტრომომარაგება

კორპუსის ექსპლუატაციაში მიღებასთან კავშირში არ არის გაზმომარაგება, წყალგაყვანილობა და ელექტრომომარაგება

კორპუსის ექსპლუატაციაში მიღებასთან კავშირში არ არის  გაზმომარაგება, წყალგაყვანილობა და ელექტრომომარაგება. აღნიშნულის  შესახებ  თბილისის მერმა  კახა კალაძემ განაცხადა.

მისი თქმით კომპანია “ელ ჯგუფს“ დედაქალაქის მერიაში სათანადო დოკუმენტაცია  წარდგენილი ჰქონდა და უახლოეს დღეებში შენობა-ნაგებობა ექსპლუატაციაში შევიდოდა.

“შესაძლოა, დედაქალაქის მაშტაბით ათი ათასობით ადამიანი ცხოვრობდეს ისეთ საცხოვრებელ კორპუსებში, რომლებიც ექსპლუატაციაში არ არის მიღებული. კონკრეტულად გაზი, წყალი და ელექტრომომარაგება ექსპლუატაციასთან კავშირში არ არის. ექსპლუატაციაში მიღება ხდება იმის საფუძველზე, რომ მშენებელმა უნდა წარმოადგინოს ნებართვა, რომელიც ჰქონდა აღებული, თუ არის თანხვედრაში იმ ნებართვასთან, რომელიც იყო არქიტექტურის სამსახურიდან გაცემული.

რაც შეეხება კონკრეტულად იმ კორპუსს, რომელშიც გუშინ აფეთქება მოხდა -  სამშენებლო კომპანიას მერიაში წარმოდგენილი ჰქონდა დოკუმენტაცია ექსპლუატაციაში მიღებასთან დაკავშირებით. დაუდგინდა მცირე ხარვეზები. ეს ხარვეზები გამოსწორებული აქვს და უახლოეს დღეებში შენობა-ნაგებობა შევიდოდა ექსპლუატაციაში“, -განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, გუშინ საღამოს დიდ დიღომში ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა. აფეთქების შედეგად გარდაიცვალა 4 ადამიანი, მათ შორის ერთი მცირეწლოვანი ბავშვი. 8 ადამიანი კი დაშავდა. დაზარალებული ოჯახები თბილისის მერიამ სასტუმროებში გადაანაწილა.