“რა ეღობება წინ იმას, რომ თვითგანვითარდე, (მხოლოდ ჭინჭები არ ეძებო

“რა ეღობება წინ იმას, რომ თვითგანვითარდე, (მხოლოდ ჭინჭები არ ეძებო"ამაზონზე" და იჭორაო) და ‘“გუგლით“  მაინც თარგმნო რეპორტაჟების წაყვანის ელემენტარული უნარ-ჩვევები?!”

16 იანვარს დიდ დიღომში მომხდარ ტრაგედიას ანალიტიკოსი  გია აბაშიძე სოციალურ ქსელში ეხმაურება:

“ვართ შეძრწუნებულნი, აღშფოთებულნი და ა.შ. მერამდენედ? რამე იცვლება?

უსაფრთხოების ნორმების დარღვევაზე, სამსახურეობრივ გულგრილობაზე ვინმე ოდესმე მკაცრად დასჯილა? ვაიძულებთ კი დროებით დაქირავებულთ, რომ კარდინალურად შეიცვალოს ვითარება?!. ყველას, უკლებლივ ყველას ბრალია, რომ ქმედითად არ ვტოკდებით სავალალო მდგომარეობის გაუმჯობესებაზე…

და კიდევ ერთი ამასთან შედარებით თითქოს უმნიშვნელო, თუმცა თვალშისაცემი:

აქ ვღადაობთ ხოლმე, ვწუხდებით კიდეც. ვითარება აქაც უცვლელი და გაუარესებულია. ქართული ტელე თუ ონლაინ-მედია. მესმის, რომ უბედური შემთხვევის ადგილიდან ლაივის წაყვანა რთულია. ღამით მორიგენი, ძირითადად, დამწყებნი ანდა სტაჟიორები არიან. თუმცა, რა ეღობება წინ იმას, რომ თუ სასწავლებელმა ვერ გასწავლა, დამქირავებელი არ/ვერ გასწავლის, თვითგანვითარდე, წაიკითხო (მხოლოდ ჭინჭები არ ეძებო "ამაზონზე" და იჭორაო) და „გუგლით“  მაინც თარგმნო რეპორტაჟების წაყვანის ელემენტარული უნარ-ჩვევები?! ქართულადაც რომ იკითხო ლიტერატურა, ინტერნეტში მაინც და ტავტოლოგიით არ წაგვლეკო?! ხომ აშკარად ჩანს, რომ სიტყვათა შეზღუდული მარაგი გაქვს?!. ცხადია, ჩემი ეს შენიშვნა ყველა ჟურნალისტს არ ეხება. ძალიან კარგებიც გვყავს, მაგრამ იკარგებიან ამ ზებრიყვული რეპორტაჟებისა და სიყვითლის ფონზე…”, – წერს აბაშიძე “ფეისბუქის” გვერდზე.

აფეთქება თბილისში, დიდ დიღომში გუშინ საღამოს მოხდა. შემთხვევის შედეგად, ოთხი ადამიანი დაიღუპა. დაშავდა რვა ადამიანი. ექვსი მცირეწლოვნიდან საავადმყოფოში ამ დროისთვის მხოლოდ ერთი რჩება. კლინიკა ასევე დატოვა ორმა ზრდასრულმა პირმაც, რომლებიც შემთხვევის შედეგად დაშავდნენ. აფეთქების შედეგად დაზარალებულები თბილისის მერიამ სასტუმროებში დააბინავა. პირველადი ვერსიით, აფეთქება გაზის გაჟონვამ გამოიწვია. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის მიერ დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილით დაიწყო, რაც მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რომელსაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა.

ადგილობრივების ინფორმაციით, მთელი დღის განმავლობაში კორპუსში ბუნებრივი აირის სუნი იგრძნობოდა, რის გამოც გამოიძახეს „ყაზტრანსგაზის“ თანამშრომლები. მისვლის შემდეგ კომპანიის წარმომადგენლებმა შეამოწმეს სადარბაზო, თუმცა, არანაირი ზომები არ მიუღიათ.

აფეთქების ადგილზე თბილისის მუნიციპალიტეტის ლაბორატორიის ექსპერტები კორპუსის მდგრადობის შესწავლას იწყებენ.

ექსპერტები ჯერ ვერ აკონკრეტებენ, რა დრო დასჭირდებათ საბოლოო დასკვნისთვის.

მათი თქმით, პირველადი დათვალიერებით კორპუსი რესტავრაციის შემდეგ საცხოვრებლად ვარგისი იქნება, თუმცა ეს სურათი შესაძლოა, შეცვალოს.

მოურავი ეჰ საქართველოში ჟურნალისტიკა დიდი ხანია მოკვდა. შესაბამისად პროფესიონალი ჟურნალისტიც აღარ არსებობს. ქვეყანაში, სადაც ინგა გრიგოლიას ჟურნალისტი ერქმევა, ჟურნალისტიკა ვერ განვითარდება.
5 წლის უკან