აშშ-ში თეთრ სახლზე თავდასხმის მცდელობაში ეჭვმიტანილი დააკავეს

აშშ-ში თეთრ სახლზე თავდასხმის მცდელობაში ეჭვმიტანილი დააკავეს

ამერიკის შეერთებულ შტატებში თეთრ სახლზე თავდასხმის მცდელობაში ეჭვმიტანილი აშერ ჯალალ თაჰები დააკავეს. მას ბრალი უკვე წაუყენეს. ამის შესახებ Reuters-ი წერს.

ეჭვმიტანილის დაკავების ოპერაცია ჯორჯიის შტატში ჩატარდა. გამოძიების თანახმად, 21 წლის ბრალდებული პრეზიდენტის რეზიდენციის შესასვლელის ტანკსაწინააღმდეგო რაკეტით აფეთქებას, შემდეგ კი ცეცხლსასროლი იარაღით შენობის შტურმით აღებას გეგმავდა.

თეთრ სახლთან ერთად ბრალდებული ვაშინგტონში არსებულ სხვა სახელმწიფო უწყებებზე, ასევე ნიუ-იორკში თავისუფლების ქანდაკებაზე თავდასხმებსაც აპირებდა.

21 წლის თაჰებით სამართალდამცველები ჯერ კიდევ შარშან მარტში დაინტერესდნენ. როცა მისი რადიკალური შეხედულებების შესახებ მისივე მეგობრებმა პოლიციას აცნობეს.

2018 წლის აგვისტოში 21 წლის რადიკალმა საკუთარი ავტომობილის გაყიდვა გადაწყვიტა. ავტომობილი გამოძიების ფედერალურმა აგენტმა იყიდა, რომელიც სხვა სახელით გაეცნო და ნდობის მოპოვების შემდეგ, ეჭვმიტანილმა მასთან საკუთარ გეგმებზე დაიწყო საუბარი.

სწორედ ამ გზით შეიტყო გამოძიების ფედერალურმა ბიურომ, რომ თაჰები სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაზე თავდასხმას აპირებდა.