შენობები, რომელთა ფასადზეც საბჭოთა კავშირის დროინდელი სიმბოლები იქნება გამოსახული, სულ მალე შეიძლება დაანგრიონ ან მათი რეკონსტრუქცია დაიწყონ. კანონის თანახმად, საბჭოთა სიმბოლოების გამოყენება გარდა ფასადებისა, ქუჩის სახელწოდებებშიც კი აკრძალულია. ვინც კანონს არ დაემორჩილება, ჯარიმის გადახდა მოუწევს. ოფიციალურ პირებს კი შესაძლოა, თანამდებობის დატოვებაც მოუხდეთ.
სავარაუდოდ, პარლამენტარები, პირველ რიგში, საკუთარ საკანონმდებლო ორგანოს მიადგებიან და საბჭოთა გერბის გადაფხეკის ადრე დაწყებულ სამუშაოებს ბოლომდე მიიყვანენ. თუმცა ინტერნეტფორუმებზე ამასთან დაკავშირებით მოკლე კომენტარსაც შეხვდებით - პარლამენტის შენობაზე საბჭოთა სიმბოლიკა უნდა დარჩეს, რადგან ეგ სიმბოლიკა ძალიან ზუსტად გამოხატავს ამჟამინდელი ჩვენი პარლამენტარიზმის ჭეშმარიტ არსს! ზოგიერთს აშენების მაგივრად დანგრევა და განადგურება უფრო სიამოვნებს!
საზოგადოებას ამ საკითხზე საკუთარი აზრის გამოხატვას არც არავინ აცლის და არც არავის სჭირდება ხალხის პოზიცია. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს ამაზე ნაფიქრიც ჰქონია. ზოგისთვის საბჭოთა სიმბოლიკა უკვე ისტორიის საკუთრებაა, ყოველგვარი იდეოლოგიური დატვირთვის გარეშე და იგი უნდა შენარჩუნდეს თუნდაც ხელისუფლებისთვის ასე ნანატრი ტურისტების მოზიდვის მიზნით.
თავად კანონის ავტორი - გია თორთლაძე საბჭოური სიმბოლიკის მიღმა ყოველგვარ სატანისტურს ხედავს და, რასაკვირველია, მის აზრს აქვს არსებობის უფლება. მაგრამ აქ საკითხის აუცილებლობაზეა საუბარი. რამდენად დროულია ჩვენი პარლამენტარების მცდელობა, დაკავდნენ საბჭოთა გადმონაშთების შემუსვრით პროგნოზირებადი მძიმე ზამთრისა და უმუშევრობის პირობებში?!
მართალია, კანონპროექტის ავტორი ირწმუნება, რომ საბჭოური გადმონაშთის დატოვების შემთხვევაში, ჯარიმები და აკრძალვები ისტორიულ ნაგებობებს არ შეეხება, მაგრამ ხომ შეიძლება ვინმეს მომავალში ძველ შენობებზე გამოსახული ბარელიეფებიც არ მუვიდეს თვალში? მით უფრო, თბილისში ზოგან მართლაც დემონურ გამოსახულებებსაც შეხვდებით, მაგალითად, ეროვნული ბანკის შენობის ფასადზე და სხვა.
ამასთან დაკავშირებით თბილისის ძველ უბანში, გალაკტიონ ტაბიძის ქუჩაზე (N23 და N24) ერთმანეთის პირისპირ მდგარი ორი სახლის ისტორია მახსენდება, რომელთა გარეგნული ექსტერიერიც სომეხი ვაჭრების პაექრობის არეალად იქცა ახლო წარსულში. მაშინ არ იყო გია თორთლაძე დაბადებული, თორემ გადაწყვეტილებასაც უმალ მიიღებდნენ.
გადმოცემის თანახმად, ორმა სომეხმა ვაჭარმა ამ სახლების მშენებლობა ერთდროულად დაიწყო. ერთი მათგანი (ტერ აკოფოვი) გაცილებით მდიდარი გახლდათ, ვიდრე - მეორე. ჰოდა, ამ მდიდარმა აკოფოვმა სახლის ფასადი მშვენიერი ორნამენტებით შეამკო. მეორე ვაჭარი საგონებელში ჩავარდა, მიხვდა, რომ მეზობელს კონკურენციას ვერ გაუწევდა. ამიტომ პრაგმატული გადაწყვეტილება მიიღო-მთელი ფასადის პერიმეტრზე, მეორე სართულის ფანჯრების თავზე გამოსახა ეშმაკისეული იერის მქონე ადამიანის სახე, რომელსაც ენა გამოაყოფინა. როცა აკოფოვმა თავისი სახლის ფასადით ტრაბახი დაიწყო, მეორე ვაჭარმა მიუგო: სამაგიეროდ, მე ყოველ დილით, აივანზე რომ გამოვალ, შენს ლამაზ სახლს დავინახავ და ხასიათი გამომიკეთდება, შენ კი გარეთ გასვლისას უთუოდ გაგიფუჭდება ხასიათი და შენი საქმეებიც ცუდად წავაო.
ამგვარი მასკარონიანი (ნიღბიანი) სახლები თბილისში უხვადაა. თაღებზე, ფანჯრისა და კარის ღიობებზე ხან კომიკური თუ რომანტიკული, ხან კი დემონური ადამიანების ან ცხოველების თავებს გამოსახავდნენ.
არქიტექტორი და ურბანისტი კოკა ამირეჯიბი არ ეთანხმება გია თორთლაძის პოზიციას და საკუთარი ოჯახის რეპრესიული წარსულის მიუხედავად, შენობა-ნაგებობებზე ისტორიული სახის შენარჩუნების მომხრეა.
ბატონო კოკა, გია თორთლაძის აზრით, საბჭოური ნიმუშები სატანისტური სიმბოლიკის ნაშთია. თქვენც ასე მიიჩნევთ?
- არა მგონია, გია თორთლაძე სწორი იყოს. მართალია, მე 1937 წელს დამიხვრიტეს მამა და, როგორც რეპრესირებულის შთამომავალი, ძალიან უარყოფითად ვარ განწყობილი საბჭოურის მიმართ, მაგრამ მაინც მგონია, რომ ეს უნდა დარჩეს. ყოველ შემთხვევაში, სადღაც უნდა მიუჩინონ ბინა. მით უფრო, მაინცდამაინც გამოსაჩენ ადგილზე არაა ეგ ძეგლები. ბოლოსდაბოლოს, გამოყონ ბაღი ან შესაბამისი ადგილი და დადგან ეს ძეგლები. ეს მაინც ჩვენი ისტორიაა. რაც არ უნდა იყოს, ხომ გავიარეთ ასეთი წარსული?! ისე მოვიქცეთ, როგორც ეს ბალტიისპირეთშია მიღებული. იქ აიღეს საბჭოური ძეგლები და ერთად მოუყარეს თავი.
კანონპროექტი ითვალისწინებს, დაჯარიმდნენ ის ადამიანები, რომლებიც არ მოხსნიან ამ სიმბოლიკის აღმნიშვნელ ნიშანს, ეს შეეხება კერძო პირებს და არა ფიზიკურ პირებს.
- ახლანდელი მთავრობა ჯარიმებს აწესებს იმისთვის, რომ ბიუჯეტი შეავსოს. არა მგონია, ჯარიმა რაღაცას ნიშნავდეს. უბრალოდ, ფულის ამოღება უნდათ.
ძველი ისტორიული შენობების ფასადებზე გამოსახულია მასკარონები, მათ შორის, ეროვნულ ბანკზეცაა დემონური იერის მქონე ადამიანის გამოსახულება. მათ შესახებ რას გვეტყვით?
- იმ დროს ასეთ სტილში შენდებოდა სახლები. ესეც ისტორიაა და უნდა შენარჩუნდეს. აბა, შეიძლებოდა იმელის შენობაზე ბარელიეფი რომ იყო, იმის მოშლა? უნდა დარჩენილიყო. იქ იყო ლენინის, სტალინის გამოსახულებაც, ასევე, მუშების სახეები და სხვა.
მაშინ თავის დროზე პარლამენტის წინ პროლეტარი ქალ-ვაჟის ქანდაკებები რომ იდგა, რომელიც ძალიან ამახინჯებდა ქალაქს, არ უნდა მოეშალათ?
- არა, ის უკვე მართლაც ზედმეტი იყო. თანაც, ისეთი ღირებულების ძეგლები ნამდვილად არ ყოფილა.