ბრიტანეთის პარლამენტმა Brexit-ის სამთავრობო გეგმას მხარი არ დაუჭირა

ბრიტანეთის პარლამენტმა Brexit-ის სამთავრობო გეგმას მხარი არ დაუჭირა

დიდი ბრიტანეთის პარლამენტში ისტორიული კენჭისყრა დასრულდა. კანონმდებლებმა Brexit-ის შესახებ ტერეზა მეის მთავრობის გეგმას მხარი არ დაუჭირეს. ამის შესახებ BBC წერს.

Brexit-ამდე 73 დღით ადრე ტერეზა მეის გეგმას მხარდაჭერა 202-მა კანონმდებელმა გამოუცხადა, 432-მა კი წინააღმდეგ მისცა ხმა.

Brexit-ის საკითხზე დებატები მთლიანობაში 8 დღის განმავლობაში გაგრძელდა. მას 55 საათი და 43 წუთი დაუთმეს, რა დროსაც სიტყვის უფლება 425-მა კანონმდებელმა გამოიყენა.

კენჭისყრის შემდეგ ტერეზა მეიმ განაცხადა, რომ მომდევნო ნაბიჯების გადადგმამდე სურს დარწმუნდეს, რომ პარლამენტის ნდობით სარგებლობს. რის შემდეგაც ოპოზიციის ლიდერმა ჯერემი კორბინმა მოითხოვა, რომ მეორე დღეს მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების შესახებ კენჭისყრა გაიმართოს. კორბინმა ასევე აღნიშნა, რომ 1920-იანი წლების შემდეგ ეს პარლამენტში მთავრობის ყველაზე დიდი მარცხია.

კენჭისყრა 2018 წლის 11 დეკემბერს უნდა გამართულიყო, თუმცა 10 დეკემბერს ტერეზა მეიმ კენჭისყრის გადადების ერთ-ერთ მიზეზად ის დაასახელა, რომ ბრიუსელთან შეთანხებულ პროექტს დეპუტატები მხარს არ დაუჭერდნენ.

გასული წლის 23 ივნისს,  ტერეზა მეიმ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებს შესთავაზა, რომ ყველა იმ მოქალაქეს მიეცემოდა მუდმივი ბინადრობის ნებართვა, რომელიც გაერთიანებულ სამეფოში, სულ მცირე, 5 წელი ცხოვრობდა. ეს სტატუსი Brexit-ის შემდეგ, მოქალაქეებს სამეფოში დარჩენის საშუალებას და სახელმწიფო მომსახურების გამოყენების საშუალებას მისცემს.

ევროპელმა პარლამენტარებმა დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრის წინადადება დაიწუნეს.

ოფიციალურ ლონდონსა და ბრიუსელს შორის Brexit-ის პირობების შესახებ ოფიციალური მოლაპარაკებები 2017 წლის 19 ივნისს დაიწყო. დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, ტერეზა მეიმ ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლის პროცედურის შესახებ დოკუმენტს ხელი 2018 წლის 29 მარტს მოაწერა.

დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირი 2019 წლის 29 მარტს უნდა დატოვოს. ევროკავშირში ოფიციალურად უშვებდნენ იმის შესაძლებლობას, რომ აუცილებლობის შემთხვევაში ლონდონს ვადას ივლისამდე გაუხანგრძლივებდნენ.

„მკაცრი ბრექსიტის“ მომხრეები ტერეზა მეის გეგმას აკრიტიკებენ, რადგან მიაჩნიათ, რომ ის ევროკავშირს დიდ გავლენას უნარჩუნებს. შეთანხმებას ეწინააღმდეგებიან ისინიც, ვინც „ბრექსიტზე“ ახალი რეფრენდუმის ჩატარებას ითხოვს. ოპოზიციის ლიდერი ჯერემი კორბინი ახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვს, რომ ევროკავშირიდან ქვეყნის გასვლის პირობები უკვე სხვა მთავრობამ შეათანხმოს.