ნუკრი კაპანაძე: "არც ვიცი, რა კომენტარი გავაკეთო. ეს არის უმსგავსობა! აქამდეც გვსმენია, რაც ხდებოდა ციხეში, მაგრამ სისასტიკის ასეთი ხარისხი წარმოუდგენელი იყო, ეს უპატიებელია! აქამდე მეგონა, რომ მე ჩემი სიმღერით ვიდექი ქვეყნის სამსახურში, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს ის ქვეყანა არ არის, რომ მხოლოდ ჩვენს საქმეში ვიყოთ ჩაფლული და ამით ვემსახუროთ სამშობლოს.
გული მწყდება, რომ არ გამოვედი და ბოლომდე არ გავაპროტესტე სანდრო გირგვლიანის მკვლელობა. მინდა, ყველას მოვუწოდო, ახლა მაინც არ დადუმდნენ. გირგვლიანის სიკვდილი ბოლომდე რომ არ გავაპროტესტეთ, ახლა ვიმკით ამას. ახლა მაინც უნდა დავძლიოთ შიში".
"ასეთ დროს გასართობი გადაცემა ამორალურია!"
მაია ასათიანი: "შოკირებული ვარ ამ კადრებით, არც კი ვიცი, რა ვთქვა. სწორედ ამ მიზნით არ გავიდა ეთერში ხუთშაბათს გადაცემა "პროფილი", ვთვლი, რომ ასეთ დროს გასართობი გადაცემის ეთერში გასვლა ამორალურია".
"არჩევნებამდე არ გავაკეთებ კომენტარს"
ეკა კვესიტაძე: "პოლიტიკური შეფასებებისგან პრინციპულად თავს ვიკავებ. არჩევნებამდე არ გავაკეთებ არანაირ კომენტარს".
"...მივხვდი, რომ სადისტი ვარ"
ნანუკა ჟორჟოლიანი: "ყველა ამბობს, რომ აქამდეც იცოდნენ ციხეში არსებული მდგომარეობის შესახებ. ისმის კითხვა, რატომ ვიყავით აქამდე სირაქლემას პოზიციაში? ჩემი აზრით, ყველა უნდა დაისაჯოს, მათ შორის ისიც, ვინც ამ კადრებს იღებდა. კადრების ხილვის შემდეგ მივხვდი, რომ სადისტი ვარ და არაქრისტიანი, რადგან მეც ისევე მინდა დავსაჯო ის ადამიანები, ვინც ასეთი სისასტიკით უსწორდებოდნენ პატიმრებს. არასოდეს დამავიწყდება იმ პატარა ბიჭის ხმა, რომელსაც აწამებდნენ. ის მანიაკი, ვინც ამას იღებდა, უნდა ჩამოიყვანონ ბრიუსელიდან და ისიც უნდა დასაჯონ!
არ შეეძლო, როცა გადაიღო, მაშინვე "იუთუბზე" აეტვირთა? სოლიდარობას ვერ გამოვუცხადებ ყველა პატიმარს, იმიტომ, რომ ზოგიერთები იქ საკუთარი შვილების გაუპატიურებისთვის სხედან, მაგრამ მძულს ყველა ბადრაგი, რომელიც კადრში ვნახე. მე ბოდიში მოვუხადე ჩემს მაყურებელს, რადგან სამშაბათს, 22 საათზე, როცა ჩემი გადაცემა ეთერში გავიდა, ზუსტად 20 წუთში მოხდა ეს ამბები... მაშინ მე ეგვიპტეში ვიყავი და იქიდან მოვლენები სხვანაირად ჩანდა, გადაცემის ეთერში არგაშვების გადაწყვეტილება არხის პროდიუსერს, გიორგი ლომინაძეს უნდა მიეღო, ეს ჩემი პრეროგატივა არც არის. ჩემი გადაწყვეტილება რაც არის, სამშაბათს ნახავთ! მინდა ყველამ იცოდეს, რომ გადაცემა წინასწარ იყო ჩაშვებული, როცა ამ კადრების დადება დაიწყო. წინა დღით რომ მომხდარიყო ეს ყველაფერი, ორ შვილს გეფიცებით, ეთერში არ გავიდოდა".
"გიჟივით ვარ, ცხოველი არ მოიქცევა ასე"
მერაბ სეფაშვილი: "სათქმელი აღარ მაქვს, ცხოველი არ მოიქცევა ასე. ეს არის ბარბაროსობა და არაადამიანობა. გიჟივით ვარ, სახელსაც ვერ ვარქმევ ამ ყველაფერს. არ ვიცი, რა ვთქვა.
ჩემი კოლეგების საქციელს, როდესაც ათიათასობით კაცი იყო ფილარმონიასთან შეკრებილი და ისინი ამ დროს "ვერის უბნის მელოდიებში" მონაწილეობდნენ, გამართლება არა აქვს. როდესაც ქვეყანაში ასეთი ტრაგედია ხდება და ასეთი ფაქტები ვრცელდება, უნდა გადაიდოს ყველა კონცერტი და კულტურული ღონისძიება. ახლა კი შეწყდა "ვერის უბნის მელოდიების" წარმოდგენა ფილარმონიაში, მაგრამ თავიდანვე უნდა შეეწყვიტათ".