„ივანიშვილმა ერთი წელი ითხოვა, როცა დაბრუნდა პოლიტიკაში და გაზაფხულზე გამოჩნდება, კეთდება საქმე თუ არა“

„ივანიშვილმა ერთი წელი ითხოვა, როცა დაბრუნდა პოლიტიკაში და გაზაფხულზე გამოჩნდება, კეთდება საქმე თუ არა“

„ბიძინა ივანიშვილმა სიტუაციის დასალაგებლად ერთი წელი ითხოვა, როცა ის დაბრუნდა პოლიტიკაში. ამდენად, გაზაფხულზე უკვე გამოჩნდება, ეს ერთი წელი როგორ მიმდინარეობს, კეთდება საქმე თუ არა“, - აცხადებს For.ge-სთან საუბარში ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი და წინმსწრებად 2019 წლისთვის მოსალოდნელ პროცესებზე საუბრობს.

ცალკეული ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ, 2019 წელს საქართველოში რევოლუცია მოახლოვდეს, ვინაიდან სახელმწიფო ინსტიტუტებისადმი ნდობა დაიკარგა და არც ხალხი ცხოვრობს დალხინებულად, სამართლიანობააღმდგარ გარემოში. თქვენ თუ ხედავთ ასე დრამატულად სიტუაციას?

- ცხადია, ასეთი სცენარი შეიძლება განვითარდეს იმ შემთხვევაში, თუ „ქართულმა ოცნებამ“ საქმე ვერ გააკეთა, ან ცუდად გააკეთა. პოლიტიკური ტემპერატურა, პოლიტიკური დაპირისპირების ხარისხი ქვეყანაში მაღალია. ეს საპრეზიდენტო არჩევნებმაც კარგად დაგვანახა და ამის განმუხტვის ერთადერთი საშუალება მმართველი პარტიის ხელშია. ბურთი ახლა მმართველი პარტიის მოედანზეა და მან საქმე უნდა აკეთოს. ის რეფორმები, რაც აუცილებელია, სასწრაფოდ გასატარებელია. დროის დაკარგვა არ შეიძლება, ეს არის დეცენტრალიზაციის რეფორმა, ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმა, კიდევ რამდენიმე ფუნდამენტური საკითხია, მათ შორის, მიწის რეფორმა. რა თქმა უნდა, ამას უნდა მოჰყვეს ქვეყნის ეკონომიკური განვითარება.

როგორ უნდა განვითარდეს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა, როდესაც თვით ეკონომიკის მინისტრიც კი ფიქრობს, რომ ხალხი კარგად ცხოვრობს.

- ეკონომიკის მინისტრს გარკვეული კალამბურები ახასიათებს, რაც განსჯის საგანია, მაგრამ, მთლიანობაში, რასაც ამბობს, აქცენტები სწორად არის დასმული. მისი ბოლო კომენტარით, ის არ უარყოფს, რომ 20%-ზე მეტია სიღარიბეში მცხოვრებ ადამიანთა რიცხვი და ეს ძალზე ბევრია.

სამაგიეროდ, მამუკა ბახტაძე გვამშვიდებს, რომ მათი ამოცანაა ყოველწლიურად 50-60 ათასი სამუშაო ადგილის შექმნა. ბახტაძე ფიქრობს, რომ ბიზნესმა უნდა შექმნას ეს ადგილები.

- რა თქმა უნდა, ეკონომიკის მამოძრავებელი ერთ-ერთი მთავარი ძალა შეიძლება იყოს აქცენტების გადატანა რეგიონებში, მუნიციპალიტეტებში, დასახლებებში და რაც შეიძლება მეტი ადამიანის გააქტიურება და ჩართვა საქმეში. ამის იმედი მაქვს და, როცა დეცენტრალიზაციის სტრატეგიას მივიღებთ, ეს იქნება პრობლემების გადაწყვეტის ყველაზე კარგი გზა. ეს თავისთავად ნიშნავს ეკონომიკის განვითარებას. დღევანდელი მდგომარეობით, 600 ათას ჰექტარზე მეტი მიწა დაუმუშავებელია. ეს ეკონომიკის დილემაა, თუ ამ უდიდესი რესურსის ამუშავება მოხდება და ამაში ჩართული იქნება ადგილობივი მოსახლეობა და მოხდება ამის დამუშავება საზოგადოებრივი საჭიროების მიხედვით, ეს ბევრ რამეს გამოაცოცხლებს.

საკუთარი ძალების უნდა ვირწმუნოთ და დეპრესიული მდგომარეობიდან გამოვიდეთ. ახლა ბევრს ამბობენ ინვესტიციების მოზიდვის შესახებ, ესეც ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია მატერიალური კაპიტალი.

საქართველოს ჰყავს პირველი ქალი პრეზიდენტი. ჩვენ გადავედით სრულფასოვან საპარლამენტო დემოკრატიაზე. ეს ნიშნავს, რომ საქართველოსთვის მართლაც საუკეთესო მოდელი ვიპოვეთ და ამიერიდან მაინც სიმშვიდე დამყარდება ჩვენს ქვეყანაში?

- იდეალური სახელმწიფო მოწყობის მოდელი არ არსებობს. საპარლამენტო რესპუბლიკას თავისი პლუსები და თავისი ნაკლი აქვს. საპრეზიდენტო რესპუბლიკასაც ასეთივე პლუს-მინუსები აქვს. უბრალოდ, სააკაშვილის პერიოდში ჩვენ ვიხილეთ, რას ნიშნავდა საქართველოში ხელისუფლების უზურპაცია, ასეთ ვითარებაში ჩვენ გვაქვს ისეთი კონსტიტუცია საპარლამენტო რესპუბლიკაში, რომ ძალიან რთულია, პრაქტიკულად გამორიცხულია, ერთი ადამიანის ხელში მოხდეს ძალაუფლების უზურპაცია. ეს არის საპარლამენტო რესპუბლიკის მთავარი უპირატესობა. თუმცა არის რისკებიც, რადგან საპარლამენტო რესპუბლიკაში მთავარი წამყვანი როლი პოლიტიკურ პარტიებს ენიჭებათ. ჩვენთან კი ამ თვალსაზრისით არც თუ სახარბიელო მდგომარეობაა. პარტიების განვითარება იქნება მთავარი ამოცანა ამ ოთხი წლის განმავლობაში.

რატომ არის, რომ 2020 წელს სრული პროპორციული არჩევნები ვერ იქნება? ამის ერთ-ერთი ფუნდამენტური მიზეზი ისიც არის, რომ პარტიებმა გარკვეული პასუხისმგებლობა უნდა აიღონ, პარტიები მარტო უფლებები არ არის, ეს არის ვალდებულებაც. ახლა ჩვენს პარტიებს რომ ვუყურებ, სურვილი მაქვს, მათ უფრო მეტად გააცნობიერონ საკუთარი პასუხისმგებლობა ქვეყნის წინაშე. აშკარად ჩანს, რომ მათ ეს აკლიათ.

როგორც ჩანს, სააკაშვილი უკვე ფსონს დებს ემიგრანტებზე და ახალ მოძრაობას აყალიბებს. გაზაფხულზე გველის თუ არა, სააკაშვილთანერთად სახლშიდაბრუნება?

- რომელ დაბრუნებაზეა საუბარი, დაბრუნდეს ბატონო და, აგერ, ციხეში ჩაჯდეს, თუ ამის ვაჟკაცობა ეყოფა.

სხვათა შორის, თამარ ჩერგოლეიშვილმაც მიმართა სააკაშვილს, ლენინიც გადაცმული ჩავიდა რუსეთში და, თუ ჩამოდიხარ საქართველოში, როგორმე ჩამოდიო.

- ლენინის დონეზე სააკაშვილი ვერ მივა, საშინელება იყო სააკაშვილის რეჟიმი, მაგრამ მას მაინც ბევრი უკლია ლენინამდე. ღრმად არასერიოზულია სააკაშვილის ყველა მცდელობა, გარედან შექმნას არეულობა. თუმცა ყველაფერი დამოკიდებულია მმართველ პარტიაზე. თუ მმართველი პარტია შექმნის ეფექტურ პოლიტიკას, მაშინ ყველაფერი კარგად იქნება, თუ არადა, შეიძლება, მის სტაბილურობას საფრთხე დაემუქროს. ივანიშვილმა ერთი წელი ითხოვა, როცა ის დაბრუნდა პოლიტიკაში. გაზაფხულზე უკვე გამოჩნდება, ეს ერთი წელი როგორ მიმდინარეობს, კეთდება საქმე თუ არა.

უკვე საუბრობენ იმაზეც, რომ პრემიერი ბახტაძე, მართალია, ფიქტიურად უმაღლესი თანამდებობის პირია, მაგრამ მაინც ივანიშვილი მასზე მაღლა მდგომია და ეს ყველაფერი საბჭოთა მართვის სტილია. კერძოდ, წინათ პოლიტბიურო იღებდა გადაწყვეტილებებს და ამან საბჭოთა კავშირშიც არ გაამართლა. ამდენად, ხომ არ აჯობებს, თავად ბიძინა ივანიშვილი გახდეს პრემიერი, რომ ასეთ შეფასებებს ბოლო მოუღოს?

- ამაში არის გარკვეული სიმართლე. ივანიშვილს გაცილებით მეტი წონა აქვს. სოციალურ კაპიტალზე როცა ვსაუბრობ, ვგულისხმობ იმას, რომ ივანიშვილს მეტი სოციალური კაპიტალი აქვს, ვიდრე ნებისმიერ სხვა სუბიექტს საქართველოში. გარკვეულწილად, მისი კაპიტალის კონვერტაცია უნდა მოხდეს, მისმა მთავრობამ საპარლამენტო მოდელში თავისი როლი და ფუნქცია უნდა შეასრულოს, ამის შემდეგ მომავალი გვიჩვენებს, ივანიშვილი რას გადაწყვეტს. არის მოსაზრებები, რომ ის უფრო აქტიურად დაბრუნდეს პოლიტიკაში, ანუ დაიკავოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობა. ვნახოთ, მთავარი ის არის, რომ ივანიშვილს თავისი პარტიის შიგნით აქვს უზარმაზარი გავლენა და ეს გავლენა სწორად უნდა იყოს გამოყენებული. დღესდღეობით არაფორმალურ მმართველობაში მისი დადანაშაულება შეუძლებელია, რადგან მას პოლიტიკური თანამდებობა უჭირავს, მმართველი პარტიის ლიდერია. საბჭოთა სისტემასთან მისი შედარება არასწორია, მარტივი მიზეზის გამო - საბჭოთა სისტემა იყო ერთპარტიული. იმ დროს ერთი პარტია არსებობდა. ახლა კი არ არის ასე. ძალიან სერიოზული კონკურენტები ჰყავს „ქართულ ოცნებას“.

პრემიერების ასე ხშირი ცვლა რამდენად სერიოზულად აღიქმება გარეშე თვალით?

- ეს არ არის კარგი. ამ მხრივ სიტუაცია სტაბილური უნდა იყოს. პრემიერების ხშირი ცვლა ნიშნავს, რომ მმართველი პარტია ჩამოყალიბების პროცესშია. ჩვენ პარტიების პრობლემაზე ვსაბრობთ და ამ დროს თავად მმართველ პარტიაშიც არსებობს პრობლემა, რათა ის ევროპული ტიპის პარტიად ჩამოყალიბდეს. ეს გზა გასავლელია. სხვა პარტიები კი გაცილებით ცუდ დღეში არიან, სხვა პარტიებს ისიც არ შეუძლიათ, მთავრობის ფორმირება მოახერხონ. მაგალითად, არჩევნების დროს, განსაკუთრებით, საპარლამენტო რესპუბლიკაში პოლიტიკურ იდეოლოგიებს, პროგრამებს შორის ხდება არჩევანის გაკეთება, მაგრამ ასევე ხდება მთავრობებს შორის არჩევანის გაკეთებაც. როცა ქვეყნდება ხოლმე საარჩევნო პროგრამა საპარლამენტო არჩევნებში, იქვე ქვეყნდება ჩრდილოვანი კაბინეტიც, ანუ როგორი მთავრობა მოდის, თავისი კონკრეტული შემადგენლობით, ანუ ვინ იქნება პრემიერ-მინისტრი, განათლების მინისტრი, ეკონომიკის მინისტრი, თავდაცვის მინისტრი, შს მინისტრი. ეს ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ არჩევანი ამის მიხედვით გავაკეთოთ.

ახლა ვინმემ რომ მკითხოს, რამდენ პარტიას შეუძლია დღევანდელ საქართველოში თავისი მთავრობის ფორმირება, ალბათ, გამიჭირდება პასუხის გაცემა, რადგან არც ისე ბევრია ასეთი პარტია. კარგად რომ დავფიქრდეთ, ალბათ, სულ ორია ასეთი პარტია („ქართული ოცნება“ და „ნაცმოძრაობა“). ეს არის მთავარი პრობლემა. „ევროპულ საქართველოს“ განა შეუძლია საკუთარი მთავრობის ფორმირება? ეს კითხვის ნიშნის ქვეშაა. მესამე ძალაზე როცა საუბრობენ, ეს იმას უნდა ნიშნავდეს, რომ პოლიტიკურ ასპარეზზე გამოჩნდეს ისეთი პარტია, რომელსაც საკუთარი მთავრობის ფორმირება შეეძლება.

პატრიოტთა ალიანსსაცარ შეუძლია მთავრობის ფორმირება?

- არ შეუძლია. ისინი ვერ მოახდენენ მთავრობის ფორმირებას.