პატიმართა წამების ამსახველი კადრებით მიღებული ორდღიანი შოკიდან მთავრობა გამოფხიზლდა. ქვეყნის პრეზიდენტმა დამნაშავის ძებნა უკვე დაპირისპირებულ პოლიტიკურ ძალაში დაიწყო. მართალია სააკაშვილმა შოკის დღეებში სისტემური კრიზისი აღიარა, მაგრამ შემდეგ, ცივ გონებაზე დაასკვნა, რომ ეს ყველაფერი იყო რომელიღაც პოლიტიკური ძალის დაკვეთა.
თუმცა საზოგადოებას უკვე კარგად ესმის, რომ ერთია, რას ამბობს პრეზიდენტი, მეორე - რა მოხდა რეალურად. თუკი ციხეში ადამიანების წამება წლების განმავლობაში მიმდინარეობდა, თუ ამაზე ლაპარაკობდა სახალხო დამცველი, არასამთავრობო ორგანიზაციები, უნდა სცოდნოდათ თუ არა ამის შესახებ ხელისუფლების უმაღლეს პირებს. შეეძლოთ თუ არა გადამდგარ მინისტრებს, ხათუნა კალმახელიძეს და ბაჩო ახალაიას დამოუკიდებლად გაეტარებინათ ციხეში წამების პოლიტიკა? სახალხო დამცველის აპარატის გარდა, რომელ სახელმწიფო უწყებას შეეძლო, სცოდნოდა ციხეში არსებული მდგომარეობის შესახებ და რომელ სახელმწიფო უწყებებს ევალებოდათ ამისი კონტროლი? რომელი კონკრეტული ადამიანები შეადგენენ იმ „ყველას“, ვისი პასუხისმგებლობაც უნდა მოითხოვოს საზოგადოებამ ამ და სხვა საკითხებზე განმარტება „ადამიანის უფლებათა პრიორიტეტის“ აღმასრულებელ დირექტორს,
ლია მუხაშავრიას ვთხოვეთ, რომელიც ამბობს, რომ კალმახელიძისა და ახალაიას გარდა, ეს არის მიხეილ სააკაშვილის, ვანო მერაბიშვილის, ზურაბ ადეიშვილის, გიგა ბოკერიას და გივი თარგამაძის პასუხისმგებლობა, რომლების ამ პოლიტიკის შემქმნელები და განმხორციელებლები იყვნენ.
საქართველოს პროკურატურაში და შინაგან საქმეთა სამინისტროში არსებობს სპეციალური დეპარტამენტები, რომლებსაც ციხის ზედამხედველობა ევალებათ. უნდა სცოდნოდათ თუ არა ამ უწყებებს მსგავსი ფაქტების არსებობის შესახებ?
- რა თქმა უნდა, აბა ხელფასს რაში იღებენ?! მარტო ერთი უწყების პასუხისმგებლობის საკითხი არ არის ეს და გარდა ამისა, ეს არ იყო მხოლოდ ქალბატონ კალმახელიძის ან ახალაიას პასუხისმგებლობის საკითხი.
ნულოვანი ტოლერანტობის გამოვლინება იყო ის, რაც სასჯელაღსრულებით სისტემაში დაინერგა და ჩვენ ხომ გვახსოვს საქართველოს პრეზიდენტის ნათქვამი პარლამენტში, „ესროლეთ დამიზნებით ყველას, ვინც არ დაემორჩილება ციხის ადმინისტრაციას“. იქ, სადაც სიკვდილი და მკვლელობაა ნებადართული, ცემა და წამება იმასთან შედარებით არაფერია.
ეს ხაზი პირდაპირ მიდის სააკაშვილთან და მინისტრს რომ ჩაავლონ ხელი, ის ხომ თავის დაცვას დაიწყებს და იტყვის, მე არა, ბატონო, ეს პოლიტიკა პრეზიდენტმა დააწესაო. ამიტომ ხდება მთელი ეს უმსგავსობა და მთელი დაუჯერებლობა ამ ამბის ამით აიხსნება.
კონკრეტულად რა ევალება და რა შეიძლებოდა, სცოდნოდა ადეიშვილის უწყებას?
- ადეიშვილის უწყებას ჰქონდა საჩივრები. ეს იყო ადვოკატების საჩივრები და თვითონ პატიმრების საჩივრები. ამ ზაფხულს 700-მა პატიმარმა მოაწერა ხელი განცხადებას - ასეთი მასობრივი ხელმოწერით შევიდა განცხადება პროკურატურაში, სადაც პატიმრები ითხოვდნენ - საპყრობილეებში ხდება საშინელება და მოგვხედეთო. მსგავსი საჯარო განცხადება პატიმრებს გაეკეთებინოთ, მსოფლიოში ძალიან ძნელად მოიძებნება მსგავსი მაგალითი და ამაზე არ იყო რეაქცია.
ასეთი ფაქტები, რა თქმა უნდა შედიოდა, გამოძიებამ იცოდა ამის შესახებ და დუმდა. ეს არ იყო ერთეული სადისტი თანამშრომლის ექსცესები. ეს იყო სისტემური, მასობრივი პოლკტიკა, რომელიც რა თქმა უნდა, მათ იცოდნენ. ამიტომაც არ მოხდა არაფრის გამოძიება - არც ერთი შემთხვევის.
ეს არის უმძიმესი დანაშაული და თუ ვინმეს პასუხისმგებლობა მიბმულია ამაზე, ის ეცდება, რომ გამოიძიოს, მაგრამ ვინაიდან ეს იყო დაკანონებული პოლიტიკა და წესი, ამიტომ არავინ არაფერს არ იძიებდა და იყო მასობრივი სიჩუმე.
უნდა დადგეს თუ არა ადეიშვილის პასუხისმგებლობის საკითხი?
- ყველას პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს. საზოგადოება იმიტომ არის ასე უკიდურესად აღშფოთებული. გამოდის, რომ პოლიტიკური პასუხისმგებლობით შემოიფარგლნენ და ერთი-ორი ადამიანით, მაშინ, როდესაც ეს არის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი.
ეს არის უმძიმესი დანაშაული. წამება აკრძალულია საომარი და საგანგებო ვითარების დროსაც კი. ომში, როცა ჯარისკაცის მკვლელობა ნებადართულია, წამება აკრძალულია!
როდესაც წამება ხდება საპატიმროში, ამას აქვს სისტემატური და სისტემური პოლიტიკის ხასიათი, ეს არის უმძიმესი დანაშაული. ფაშისტები გაასამართლეს თავის დროზე, სწორედ ამისთვის.
არის თუ არა ეს ვანო მერაბიშვილის პასუხისმგებლობია საკითხი, როდესაც ვამბობთ, რომ ყველა პასუხისმგებელია, აქ იგულისხმება თითქოს მხოლოდ პოლიტიკური პასუხისმგებლობა, თუმცა როგორც იკვეთება, სწორედ კონკრეტული მაღალჩინოსნების სისხლის სამართლებრივ პასსუხისმგებლობის საკითხთან გვაქვს საქმე...
- აქ არის ლაპარაკი ძალიან კონკრეტულ თანამდებობებზე და ძალიან კონკრეტულ უწყებებზე. ყველა ის უწყება, რომელსაც გამოძიების ფუნქცია აქვს, ყველა ის უწყება, რომელიც მართლმსაჯულებას ახორციელებს. ყველა ის უწყება, რომელიც ზედამხედველობას ახორციელებს კანონიერებაზე, მათ შორის საპყრობილეებში. თავად პრეზიდენტი, რომელმაც გამოაცხადა და მერე განახორციელა ეს პოლიტიკა.
ნულოვან ტოლერანტობას ჰქონდა რამდენიმე მიმართულება. ერთი, რომ პოლიცია ქუჩაში ხოცავდა ხალხს და ყველა რჩებოდა დაუსჯელი. პარლამენტმა მიიღო დანაშაულის შეკრებითობის პრინციპი, შემდეგ მოსამართლეები კრებდნენ სასჯელებს, ხოლო სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში მიმდინარეობდა წამება დატერორება და „დაჩმორება“. ეს არის ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკის ერთ-ერთი გამოვლინებათაგანი.
შეგვიძლია, ვთქვათ, თუ არა, რომ სისტემური პრობლემაა არა მხოლოდ ციხეში, არამედ ყველა სამართალდამცველ სტრუქტურაში?
- ეს დასტურდება და დამტკიცდა. საზოგადოებას ასე მასშტაბურად არ ესმის, თორემ ეს იმ მოზაიკის, რომელსაც ნულოვანი ტოლერანტობა, ჰქვია, ერთ-ერთი მხარეა, ერთ-ერთი კენჭია საპყრობილეში პატიმართა წამება.
რაც შეეხება ვანო მერაბიშვილს, ამ შემთხვევაში მისი პასუხისმგებლობა როგორია?
- ჯერ ერთი, როგორც პრემიერს, ეკისრება პასუხისმგებლობა მისი მთავრობის მინიმუმ ორ წევრზე, რომელიც გადადგა. იმათ თუ გადადგომა ეკუთვნით, ამას ეკუთვნის, რომ გადადგომისკენ ნაბიჯი მაინც გადადგას.
მეორე - ვანო მერაბიშვილი წლების მანძილზე იყო იმ უწყების პირველი პირი, რომელსაც გამოძიების ფუნქცია ჰქონდა და მათ შორის, ციხეებში ჩადენილ დანაშაულებზე გამოძიების ფუნქცია. ასე რომ, ამ მხრივაც მისი პასუხისმგებლობის საკითხი არსებობს.
თავის დროზე ვანო მერაბიშვილი უშიშროების საბჭოს მდივანი იყო და უშიშროების საბჭოს ერთ-ერთი ფუნქციაა სწორედ საპყრობილეებზე ზედამხედველობა და კანონიერება განახორციელოს.
აქ გიგა ბოკერიას პასუხისმგებლობაზეც არის ლაპარაკი?
- ბუნებრივია, დღეს ბოკერიასი, იმიტომ, რომ უშიშროების საბჭოში შედის სწორედ ეს უწყებები. ამაში შედის, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის პასუხისმგებლობის საკითხი, ანუ გივი თარგამაძის.
ანუ ყველაზე ძირეული გარემოცვა პრეზიდენტისა, სწორედ ამ საკვანძო თანამდებობებზე იყო, რომლებიც ახორციელებდნენ ამ პოლიტიკას თავ-თავის ადგილას, თავ-თავის დროზე. ამიტომ ყველას პასუხისმგებლობა სწორედ ამ პირებს მოიაზრებს, თორემ კულტურის მინისტრს ვერ მოსთხოვ პასუხს.
თქვენი შეფასებით, შესაძლოა, საზოგადოებას კარგად არც კი ესმის, რეალურად რასთან გვაქვს საქმე?
- საიდან უნდა ესმოდეს, ამისი გამოცდილება არ არსებობს. სასჯელაღსრულების სისტემას ცალკე სამინისტრო რომ ჰყავს ქვეყანაში, ეს უკვე არის გარკვეულწილად რაღაცის ნიშანი. ევროპაში ჩემპიონები რომ ვართ სასჯელაღსრულების სისტემაში მოთავსებული ადამიანების რაოდენობით და ამხელა ფული იხარჯება ამდენი ათასი პატიმრის შენახვაზე, რომელსაც კიდევ ცალკე სამინისტრო ჰყავს თავისი ბიუჯეტით, ეს ხომ უკვე პრობლემაა შორიდან, შიგნით რომ არ შევიდეთ.
ახლა გაირკვა, ამდენ ფულს ვხარჯავთ, მთელი უწყება შეიქმნა და ეს უწყება ემსახურება იმას, რომ თუ ვინმე ამ სისტემაში მოხვდება, იმ წნეხში გაიაროს, რომლის შედეგად ადამიანი ხდება წამების მსხვერპლი.
ამ მსხვერპლებს მთელი დარჩენილი სიცოხლე ესაჭიროებათ მკურნალობა, რეაბილიტაციის ფსიქო-სოციალური კურსი. ხვდებით ეს კიდევ რა ხარჯებთან არის დაკავშირებული? რატომ უნდა გადავიხადოთ გადასახადის გადამხდელებმა ფული იმაში, რაც არც ჩვენი ბრალია, არც ჩვენი მიზეზით არ მომხდარა.
მხოლოდ ის უნდა ეკმაროთ ამათ, რომ გადადგნენ და ხელფასს აღარ აიღებენ? პირიქით, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობასთან ერთად, მათ უნდა დაეკისროთ ქონებრივი პასუხისმგებლობა, რომ ის ზიანი, რაც ამ ადამიანებს მიაყენეს, რაც მათ მკურნალობასა და რეაბილიტაციაშია საჭირო გადაიხადონ პირადად მათ, საკუთარი ქონებიდან. ეს არის ახლა მნიშვნელოვანი რომ ითქვას და არა ის, რომ ვიღაც თუ გაიპარა ამ ქვეყნიდან შერჩეს ხახვივით თუ არა.
თუ შერჩებათ, ამის განმეორების პრეცედენტები იარსებებს. თუ ქეჩოში ჩავავლებთ ერთსაც და მეორე მინისტრსაც და თავისივე საპყრობილეში მივაბრძანებთ, ეს იქნება ყველაფრის პრევენცია, რომ ორი ათეული წლის მანძილზეც არავის თავში აზრად არ მოუვიდეს არც მთავრობაში, არც პარლამენტში, რომ მსგავსი სისტემა შეიქმნას, თორემ სადისტები და პათოლოგიური ფსიქიკის მქონე ადამიანები ყველგან არიან და ამისგან არავინ არ არის დაზღვეული. მაგრამ ეს არის ხოლმე ერთჯერადი შემთხვევა, რომელსაც გამოიძიებ და დამნაშავეს დასჯი, რომ სხვამ ვერ გაბედოს.
ცდილობენ საზოგადოებას მოხვიონ აზრი, რომ ასეთი ფაქტები ხდება ყველგან, მაგრამ ამაზე არ ლაპარაკობენ ხმამაღლა. ისე აბრუნებენ საქმეს, რომ ის გამოიყვანონ დამნაშავედ, ვინც ეს კადრები მოიპოვა და გამოაქვეყნა. უნდა გამხდარიყო თუ არა ეს კადრები საჯარო?
- აქ ლაპარაკია იმაზე, რომ, რა თქმა უნდა, ერთეული შემთხვევები ხდება. ან ციხის უფროსია სადისტი, ან მორიგე, რომელსაც ხელი მიუწვდება, რომ ერთ პატიმარს მიაყენოს დაზიანება ერთჯერადად.
როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ რამდენიმე ათეული, ერთი დუჟინი კაცი გამზადებული დგას და რიგ-რიგობით ყველა პატიმარს აწამებს, როცა იქ არის არა მხოლოდ რიგითი თანამშრომელი, არამედ საპყრობილის უფროსი, როცა იქ ფიგურირებს დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ეს არის შემთხვევა, რაც თვითონვე ადასტურებს, რომ ეს არის სისტემური პრობლემა და ასეთ დროს იმაზე ლაპარაკი, რომ ასეთი რამ ყველგან ხდება, არის უბრალოდ, უვიცობა და საქმეში ჩაუხედავობა. ყველგან ხდება, გასაგებია, მაგრამ ეს არის გამონაკლისები, ეს არის იშვიათობები, და ყველა შემთხვევა ისჯება.
რაც შეეხება ვიდეოგადაღებას, მის შესახებ სხვადასხვა მოსაზრებები გამოითქვა. რაში შეიძლებოდა დასჭირვებოდათ ამ წამებების ვიდეოფირზე ასახვა?
- ძალიან მარტივად აიხსნება. ძალადობის, მათ შორის სექსუალური ძალადობის კადრებს იღებდნენ იმ მოტივით, რომ მერე ეთქვათ ამ მსხვერპლისთვის, თუ შენ ამაზე იჩივლებ, ამას გავავრცელებთო.
ანუ შანტაჟისთვის იყენებდნენ...
- ეს იყო შანტაჟის იარაღი და ამიტომაც ყველას პირში წყალი ჰქონდა ჩაგუბებული.
უნდა დამდგარიყო თუ არა ამ შემთხვევაში სახალხო დამცველის მორალური პასუხისმგებლობის საკითხი?
- არა, სახალხო დამცველი ამაზე წერდა და სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით დგებოდა ძალიან ბევრი ავტორიტეტული ანგარიში, ისინი ამ ინფორმაციას ეყრდნობოდნენ.
სახალხო დამცველის მორალური პასუხისმგებლობა მხოლოდ ერთი მიზეზით დადგება, რომ ის დათანხმდა ამ საზიზღარ უწყებაში, რომელიც არის სრულიად წარმოუდგენელ მდგომარეობაში, დღეს მინისტრობა გაეწია. ან ვერ აცნობიერებს დღეს გიორგი ტუღუში რა გადაწყვეტილებაზე დათანხმდა, ან მას ჰგონია, რომ შეძლებს მართლა შეცვალოს იქ სისტემა.
როგორც მახსოვს, ბაჩო ახალაიაც ამ უწყებიდან წავიდა ციხეში...
- დიახ, სოზარ სუბარის მოადგილე იყო, ანუ ეს მანკიერი პრაქტიკა და ტრადიცია გვაქვს, რომელიც ახლა ბატონმა ტუღუშმა დააგვირგვინა.
რაც შეეხება გადამდგარ მინისტრებს, თუ პრეზიდენტი და პრემიერი ასე შეაძრწუნა ამ ამბავმა, მინიმუმ, მაშინვე უნდა გადაეყენებინათ მინისტრები, პასუხისგებაში თუ არ მისცემდნენ. აღშფოთების ადეკვატური ნაკლებად არის დალოდება, როდის გაიღებდნენ თავად მინისტრები მსხვერპლს და როდის დაწერდნენ განცხადებებს. ეს რაზე მეტყველებს?
- თავად ეს ფაქტი მეტყველებს, რომ ეს ყველაფერი არის ფარსი. თუ მინისტრი გადადგა, მაშინ რატომ ხარ აღშფოთებული, პრემიერი და პრეზიდენტი რომ ხარ. და თუ შენ აღშფოთებული ხარ, ვიდრე ის დაწერს განცხადებას და დაწერეს განცხადება მინიმუმ 24 საათის შემდეგ, რაც სკანდალი გამწვავდა, პირველ 2 საათში უნდა გამოეცათ განკარგულება და მოეხსნათ თანამდებობიდან. მაშინ რა თქმა უნდა, პრეზიდენტი და პრემიერი ხელებს დაიბანდნენ პილატესავით.
ეს გადადგომები, ეს აღშფოთება, ყველაფერი ფარსია, რომელმაც არ გაჭრა. ბოლოს ახალი მინისტრის დანიშვნაა ფარსი, რომელიც ჰგონიათ, რომ საზოგადოებაში ნდობას მოაპოვებინებს და მთავრობას თავს გადაარჩენინებს. ტუღუში ვერ გამოდგება დასახრჩობად განწირული მთავრობის და პრეზიდენტის მაშველ რგოლად. უმალ რგოლი დაზიანდება და დაზარალდება, ესენი განწირული არიან დასახრჩობად, ამათ ვერც ტუღუში უშველის და ვერც ათი ტუღუში.
დათო ებრალიძე ეჭვობს, თითქოს ტუღუში უცხოურ უფლებადამცველ ორგანიზაციებში აგზავნიდა უფრო შერბილებულ ანგარიშებს, შესაძლებელია, მსგავსი რამ მომხდარიყო?
- ამას ვერ დავადასტუტებ. ტუღუშს კარგი რეპუტაცია აქვს ევროპის წამების საწინააღმდეგო კომიტეტში. ეს არის ევროპაში აღიარებული წამების საწინააღმდეგო ორგანო, სადაც შეიძლება მხოლოდ ძალზე კვალიფიციური ადამიანები მოხვდნენ. ტუღუში თავისი განათლებით შეეფერებოდა ამ სტატუსს. მაქვს ინფორმაცია, რომ ტუღუშის ინფორმაცია იყო ძალზე მნიშვნელოვანი წყარო აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიური ანგარიშისთვის. დათო ებრალიძეს დიდ პატივს ვცემ, მაგრამ ამაში ვერ დავეთანხმები.
საერთაშორისო რეაგირება ამ ყველაფერზე რა დოზით არის მოსალოდნელი?
- „ამნისტიმ“ უკვე გამოაქვეყნა აღშფოთებული განცხადება ამის თაობაზე და მოითხოვა, რომ მოხდეს მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი გამოძიება ამ ფაქტებისა, დამნაშავე პირები დაისაჯონ. გარწმუნებთ ამ მოთხოვნას გაავრცელებს ყველა, ვისაც ესმის ეს საკითხი. აქ ერთადერთი სწორი, გამართლებული და ადეკვატური რეაქცია არის მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარება, დამნაშავე პირების იდენტიფიცირება, მიუხედავად იმისა, ვინ არიან ისინი თანამდებობრივად და სტატუსით და მათი პასუხისგება. არა დაუსწრებელი განაჩენი, არამედ მათი დაპატიმრება და ციხეში ჩასმა იმდენი წლით, რამდენსაც ისინი იმსახურებენ.
სხვა საქმეებზეც ყოფილა მწვავე დასკვნები, ბოლოს და ბოლოს გირგვლიანის საქმის მიუკერძოებელი გამოძიება მოითხოვეს, მაგრამ ქართული მხრიდან რეაგირება არ არის...
- ეს იმას არ ნიშნავს, რომ ევროპის საბჭომ და ევროპის მინისტრთა კომიტეტმა წაიყრუეს ამ ამბავზე. გარწმუნებთ, ისინი არ დაივიწყებენ ამ ამბავს, ისე, როგორც არ დავიწყებიათ 2006 წლის მარტში მე-5 იზოლატორში ე.წ. ამბოხების ისტორია, რომელსაც რამდენიმე პატიმრის სიციცხლე ემსხვერპლა.
ის საქმე არ გამოძიებულა და მაშინ, როცა ჩვენ, არასამთავრობოებმა მოვითხოვეთ დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარება, ამას სწორედ ამავე მოთხოვნით გამოეხმაურა მაშინდელი ევროპის საბჭოს თავმჯდომარე. ბელგია თავმჯდომარეობდა მაშინ ევროსაბჭოს და მისმა საგარეო საქმეთა მინისტრმა დააყენა ეს მოთხოვნა. ეს მოთხოვნა არ შესრულებულა, მაგრამ არც დღის წესრიგიდან არ გამქრალა. ამიტომ გადადგა ეს ნაბიჯები სააკაშვილმა - ჯერ გადადგა კალმახელიძე, მერე ბაჩო ახალაიამ დაწერა განცხადება, მანამდე პოლიცია უნდა შესულიყო ციხეებში.
ეს ყველაფერი იმისთვის კეთდება, რომ ამათ ძალიან კარგად ესმით გამოძიების ვალდებულებისგან თავს ვერ დაიძვრენენ. იყო მცდელობა, მოესპოთ ნივთმტკიცებები - ანუ, რასაც ყველა დამნაშავე სჩადის - ეგებ მოასწროს, მტკიცებულებები გააქროს და მოწმეებზე მოახდინოს ზეგავლენა. მაგრამ ეს არ გამოვიდა, იმიტომ, რომ წინასაარჩევო პერიოდია და საზოგადოება უბრალოდ, გადადგა ჭკუიდან, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით.
მაგრამ იცით რას ვერ ვხსნი? სტუდენტობამ როგორც იქნა დაიკავა აქტიური სამოქალაქო პოზიცია. ყველა სხვა უბედურებაზე, რომელიც ბოლო წლებში ხდებოდა, სტუდენტობა საერთოდ არ რეაგირებდა. ვერ ვხსნი, ეს დაგროვილი იყო და ერთბაშად ამოხეთქა, თუ იმის გამო პასიურობდნენ, რომ საპყრობილეში მოხვედრის საფრთხე ყველას ერთნაირად, რეალისტურად და აშკარად ჰქონდა გაცნობიერებული? მაგრამ ფაქტია, რომ სტუდენტობა, რომელიც იყო სრულიად არააქტიური დღეს გააქტიურდა. ამას მივესალმები, უბრალოდ ვერ ვხსნი, ეს რამ გამოიწვია.
სტუდენტობა არ გამოსულა, როცა მოკლეს გირგვლიანი, რობაქიძე და იყო საპროტესტო აქციები, როცა იყო სრულიად ფუნდამენტური უფლებების დაცვის მოთხოვნები, მაშინ ხმა არ ამოუღიათ და ახლა გამოვიდნენ. სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს, სხვა რა უნდა ითქვას.
სხვათა შორის, ამ დღეებში 2006 წლის ციხის ბუნტთან დაკავშირებით გავრცელდა კიდეც ერთ-ერთი ადვოკატის განცხადება სადაც ის ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბაჩო ახალაიას ბუნტში მონაწილეობას ადასტურებს...
- ეს ე.წ. ბუნტი, ბაჩო ახალაიას მოქმედებას მოჰყვა, როდესაც პირადად სცემა პირველი ჯგუფის ინვალიდი, ე.წ. შავი სამყაროს წარმომადგენელი, რაზედაც პატიმრებმა გამოხატეს აღშფოთება და ამას მოჰყვა ვითომ ბუნტი. სინამდვილეში ეს იყო რეაქცია იმაზე, რომ ინვალიდის ეტლს მიჯაჭვულ პატიმარს საკუთარი ხელით გაუსწორდა ბაჩო ახალაია - მაშინდელი დეპარტამენტის უფროსი. ანუ, ეს ფაქტი მაშინვე დადასტურედა.
ყველაზე საინტერესო ისაა, რომ საქართველოს პრეზიდენტი რაღაცნაირად ამ ყველაფრის გამართლებას ცდილობს, ის ამბობს, რომ ვიღაცამ პოლიტიკური ქულებისათვის დაუკვეთა ამ წამების გადაღება. რანაირად შეიძლება გქონდეს აწყობილი პენიტენციალური სისტემა და ვიღაცას იქ წამების თუ ამ წამების ამსახველი ვიდეომასალის გადაღების დაკვეთა შეეძლოს. ამ კუთხითაც რომ განვიხილოთ, მაინც ცუდად ყოფილა საქმე...
- ეს ზუსტად ადასტურებს და იმისი მტკიცებაა, რომ მიხეილ სააკაშვილი თავად არის ამ სისტემის შემქმნელი, მამა და მშობელი. ახლა ის ცდილობს პასუხისმგებლობისგან როგორმე თავის დაძვრენას. ამიტომ ატარებს ამ ღონისძიებებს. ოდესმე გინახავთ სააკაშვილი ასეთი დროული იყოს თავის გადაწყვეტილებებში? კალმახელიძე რომ დასაჭერი იყო, ამას რამდენიმე წელიწადი ვლაპარაკობდით, რაც ის მინისტრია. მანამდე შაშკინზე ვამბობდით იგივეს. არც პრეზიდენტს, არც პრემიერს და არც მთავრობას ეს არ გაუგონია.
ახლა კი იმიტომ რეაგირებენ, რომ პირდაპირ სააკაშვილზე გადის ხაზი - რომ მან შექმნა ეს ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა, და ამ პოლიტიკის შედეგია ციხეებში ეს სიტუაცია - ამიტომაც, ოღონდ პასუხისმგებლობა აიცილოს, ყველაფერზე მიდის.
რაც შეეხება თვითონ ამ სისტემას, რისთვის უნდა სჭირდებოდეს ქვეყნის ხელისუფალს ასეთი სისტემის შექმნა, ამით რისი პრევენცია შეიძლება?
- ძალზე მარტივი ახსნა აქვს. იმის გამო, რომ 25 ათასი პატიმარი ამ ქვეყნისთვის არის წარმოუდგენლად დიდი რაიოდენობა, ამის კონტროლს და ამის სათანადო ზედამხედველობას წესების დაცვით ვერ აუვა ვერანაირი რესურსი და ვერანაირი აპარატი.
ამიტომ, როგორც კი ადამიანი ამ სისტემაში ფეხს შეადგამს როგორც პატიმარი, იმავე წუთს იწყება მისი „დაჩმორება“. წარმოგიდგენიათ, ამ პატიმრებმა მართლა ბუნტი რომ მოაწყონ, მაშინ რა მოხდება? ვერანაირი რესურსი ამ რაოდენობის ადამიანს ვერ მოთოკავს და გააკონტროლებს. მათ ამბოხებას ვერ ჩაახშობს.
სისტემის მეთაურებს ეს ძალიან კარგად ესმოდათ და სწორედ ამის წინააღმდეგ, რომ ასეთი რამ არ მომხდარიყო თეორიულად და პრაქტიკულად, შეიქმნა ეს სადამსჯელო სისტემა, სადაც ყველა არის წელში გაწყვეტილი, დაბეჩავებული, განადგურებული, რომ ვერაფერზე პროტესტი ვერ გამოხატოს.
ანუ, გამოდის, რომ რაკი ამ სისტემის ნორმალურად აწყობას ვერ შეძლებდნენ, ამან გამოიწვია და სხვა არაფერმა?
- მხოლოდ ამან, იმიტომ, რომ ყვარყვარეს ციხეს ვერავინ ვერ მართავს, ეს შეუძლებელია. ამიტომაც გამოიგონეს ეს საშუალება, რომელიც დროებით მუშაობდა. ამიტომ არ მჯერა, რომ ტუღუში ამ სისტემის რადიკალურად გარდაქმნას მოახერხებს, რადგან თვითონ ტუღუში ამბობდა, ყველა პრობლემა, რაც პატიმრების უფლებებთან, მათ მოპყრობასთან დაკავშირებულია, პირველ რიგში გამოწვეულია პატიმართა რაოდენობის გამო. ანუ ამ რაოდენობის პატიმარს ეს სისტემა ვერ უვლის, რომც უნდოდეს, რომც იყოს მოწოდებული, რომ ყველაფერი წესისა და სტანდარტის შესაბამისად გააკეთოს.
ვიდრე 24-დან 25-ათასამდე პატიმარი ჰყავს, ვერც ტუღუში ვერ შეძლებს ვერაფერს. თუ უახლოეს მომავალში არ იქნება ამნისტია და არ დარჩება არსებული პატიმრების მეათედი.
ანუ მივდივართ ძირეულ პრობლემამდე, ხელისუფლებას საზოგადოება რომ მორჩილებაში ჰყავდეს, ციხეში უშვებს ყველას, ვინც იდეოლოგიურად მისი წინააღმდეგია, ხოლო ციხე ამდენ ხალხს ვერ უძლებს. რას გულისხმობთ ამ ამნისტიაში, ყველა საქმის გადახედვა და ხელახალი განხილვა უნდა მოხდეს?
- არანაირი ხელახლა გამოძიებები. როგორ გგონიათ, ერთ მშვენიერ თუ უბედურ დღეს, მოსახლეობამ გაიღვიძა და გადაწყვიტა დანაშაულის ჩადენა? -არა, ერთ დღეს პოლიტიკოსებმა გადაწყვიტეს, გამოეცხადებინათ ნულოვანი ტოლერანტობა და ამან გამოიწვია პატიმართა რაოდენობის კატასტროფული ზრდა და არა იმან, რომ ადამიანებმა ნამდვილად ჩაიდინეს დანაშაული.
ეს ხალხი, ამ რაოდენობით, იმიტომ ზის ციხეში, რომ შეიცვალა პოლიტიკა და არა იმიტომ, რომ შეიცვალა საზოგადოება და გახდა კრიმინალური. საზოგადოება დარჩა ისეთი, როგორიც იყო, უბრალოდ, პოლიტიკა შეიცვალა. საქართველოში, როდესაც მოსახლეობა გაცილებით მეტი იყო, კომუნისტების დროსაც კი, 5 ათასზე მეტი პატიმარი არ ჰყოლია ამ ქვეყანას. დღეს ჰყავს 5-ჯერ მეტი, ეს წარმოუდგენელია!
ეს არის ყვარყვარეს ციხე - ყველას იჭერენ განურჩევლად, თუ ვინმეს არ შეუძლია საპროცესო გარიგებისთვის ფულის გადახდა, სხვისი „ჩაშვება“ და ამის ხარჯზე საკუთარი თავისუფლების მოპოვება, ყველა ზის ციხეში.
როგორც ცნობილია, ეს შემოსავლის საკმაოდ სერიოზულ წყაროდაც იქცა...
- უკვე არსებობს სტატისტიკა, რომ ბოლო დროს ჩვენი ბიუჯეტის 90% ივსებოდა ჯარიმებით, საპროცესო გარიგების თანხებით და იმ თანხებით, რასაც აკისრებდა სასამართლო.
ანუ ერთადერთი გამოსავალია - პოლიტიკის შეცვლა...
- დიახ, თანაც რადიკალური შეცვლა, არა მხოლოდ მინისტრის შეცვლა და მისთვის მანდატის მიცემა.