ტელეკომპანია “რუსთავი 2”-დან ჩვენმა კოლეგებმა გვაცნობეს, რომ დღეს დილის რვა საათიდან, პირადად მიხეილ სააკაშვილის მითითებით კინორეჟისორ გოგა ხაინდარავაზე ფილმს ამზადებენ. ტელეკომპანიის არქივიდან ოთხმოცდაათიანი წლების კადრები ამოიღეს. “რუსთავი 2”-მა დახმარებისთვის პირველ არხსაც მიმართა, რომელსაც ბუნებრივია, რომ არქივში გაცილებით მეტი კადრი მოეპოვება.
როგორც ჩვენთვისაა ცნობილი, მიხეილ სააკაშვილი გაცოფებულია იმ ფილმის გამო, რომელიც გოგა ხაინდრავამ გადაიღო და რომელშიც ასახულია “ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების სათავეში მოსვლიდან დღემდე დარბეული მიტინგების, გახმაურებული მკვლელობების, დევნილების გამოსახლების კადრები...
გოგა ხაინდრავას ფილმი “დემოკრატიის შუქურა“ ქართველ მაყურებელზე ადრე ნახეს: ევროსტრუქტურების წარმომადგენლებმა, ამერიკელმა კონგრესმენებმა და სენატორებმა, ევროპასა და ამერიკაში მცხოვრებმა ჩვენმა თანამემამულეებმა.
გავრცელებული ცნობით, დღეს მიხეილ სააკაშვილი გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოვა და როგორც გაეროში საქართველს ელჩი კახა ლომაია იუწყება, “იმ მიღწევებსა და პრობლემებზეც ისაუბრებს, რომელიც საქართველოში დემოკრატიულ გარდაქმნებს ახლავს“.
24-25 სექტემბერს, მედია-კავშირ “ობიექტივის“ ღამის ეთერში, რომელსაც ჟურნალისტი ილია ჩაჩიბაია უძღვებოდა, ამერიკაში მცხოვრებმა ჩვენმა თანამემამულეებმა დარეკეს და განაცხადეს, რომ მიხეილ სააკაშვილის დასახვედრად საგანგებოდ ემზადებიან. ქართველების ნაწილი საკაშვილს აეროპორტში დახვდება ხმაურით, პლაკატებითა და იმ შეძახილებით, რომელსაც მათივე განმარტებით, საქართველოს ხელისუფლება იმსახურებს. ქართველების ის ნაწილი, რომლებიც დღეს მუშაობენ, სამსახურებში წასვლას სპეციალურად სააკაშვილის დასახვედრად არ აპირებენ.