ქართველი

ქართველი "კანონიერი ქურდი" მოსკოვში ნარკოტიკებმა იმსხვერპლა

ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ 52 წლის ასაკში ქართველი "კანონიერი ქურდი" მამუკა მიქელაძე გარდაიცვალა. ინფორმაციას "პრაიმ ტაიმი" ავრცელებს.

იგი ერთ დროს გავლენიანი "კანონიერი ქურდის" არსენ მიქელაძის უფროსი ვაჟია. ცნობილი "კანონიერი ქურდი" გახლავთ მისი ძმა ჯემალ მიქელაძეც, იგივე ჯემო.

მიქალაძეები წარმოშობით თბილისიდან (გლდანი) არიან, თუმცა წლებია მოსკოვში ცხოვრობდნენ. მამუკა მიქელაძე ბოლოს 2011 წელს ნარკოდანაშაულისთვის დააპატიმრეს. სავარაუდოდ, სწორედ ნარკოტიკები გახდა მისი მძიმე ავადმყოფობის მიზეზიც.

მიქელაძეების კლანი აქტიურად იყო დაპირისპირებული ქურდული სამყაროს ნათლიმამის, ასლან უსოიანის, იგივე "ძედ ჰასანის" დაჯგუფებასთან.

ამ მხრივ განსაკუთრებით აქტიურობდა მამუკა მიქელაძის ძმა, ჯემალ მიქელაძე, რომელიც რუსმა სამართალდამცავებმა 2013 წელს დააკავეს და ჩხრეკისას კოკაინი და ხელყუმბარა ამოუღეს. ამის შემდეგ კი ჯემალ მიქელაძის სახელით მედიაში გამოჩნდა სკანდალური წერილი, სადაც ქართველი "კანონიერი ქურდი" რუს სამართალდამცავებს მექრთამეობაში ამხელდა.