გაუპატიურება უცოცხოდ – დიასახლისები ბორდელის მეპატრონეებად აქციეს!

გაუპატიურება უცოცხოდ – დიასახლისები ბორდელის მეპატრონეებად აქციეს!

თბილისის რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე  წლების განმავლობაში თავს იყრიან  სხეულით მოვაჭრენი და მათი კლიენტები. ბოლო წლებში სიტუაცია გაუარესდა: „ღამის პეპელები“ სხვა ადგილებიდან გამოდევნეს და ქალაქის მთელმა   სექს–ბიზნესმა, ფაქტობრივად,  ამ ტერიტორიაზე გადმოინაცვლა. ზოგიერთმა „მარიფათიანმა“ მაცხოვრებელმა კუთვნილი ბინები არაოფიციალურ „მინი–ბორდელებად“ აქცია. გოგოლის ქუჩისა და თამარ მეფის გამზირის გადაკვეთაზე მდებარე „იტალიურ ეზოებთან“  გაცხოველებული „აღებ–მიცემობაა“ გაჩაღებული. 

ღამის საათებში სადგურის  შემოგარენი ერთ უშველებელ ბორდელს ემსგავსება. გაუთავებელმა სკანდალებმა და უწმაწურმა ღრიანცელმა მოსახლეობას სიცოცხლე გაუმწარა. მათ  არაერთგზის  მიმართეს პოლიციას, მაგრამ უშედეგოდ. სამართალდამცავი ორგანოების ასეთი უმოქმედობა ძალზე ცუდ ეჭვებს ბადებს.

გამოდის, რომ დღესდღეობით საქართველოში  კანონის დამცველი ბორდელის გახსნაზე არ შემოგედავება (მოგიწონებს კიდეც!). სამაგიეროდ, წვრილმანი ქურდობისთვის გამო, ან „ვიღაცის“ ხუშტურზე  თავს  „ვირის აბანოში“ გიკრავს  და ცოცხს გაგირჭობს.  

„წითელი ფარნების კვარტალი“ - თბილისური ვერსია

მაცხოვრებელთა თქმით, გოგოლის ქ. №32–ში სხეულით ვაჭრობისთვის ხუთი ოთახი ქირავდება. ქუჩის ჩამოყოლებაზეც სულ ბორდელებია: ყოფილ კაფე „იას“ ქვეშ მდებარე სარდაფით დაწყებული, „საუნით“ დამთავრებული. მეძავები, როგორც წესი, რეგიონებიდან  ჩამოსული ქალები არიან. „მამაშობა“  ახლა უკვე მდგმურებმა, ანუ რეგიონებიდან ჩამოსულმა ქალებმა იკისრეს. მათ  წყვილები ადგილობრივი მაცხოვრებლებისაგან დაქირავებულ ბინებში ამოყავთ.  „მამაშები“ ხანდახან შუამავლობას არ სჯერდებიან და სხეულით ვაჭრობასაც „წარმატებით“  უთავსებენ.

ორიოდე წლის წინ მოთმინებადაკარგულმა ხალხმა ქუჩა გადაკეტა; „სექს–ბიზნესმენ–ვუმენები“ დაფრთხნენ და ცოტა–ხნით „გაისუსნენ“. როგორც კი პირველმა შიშმა  „ჩაიარა“,  ყველაფერი თავის ადგილზე დაბრუნდა.  მაცხოვრებლებმა ქუჩა ამ რამდენიმე კვირის წინათაც გადაკეტეს.  მოვიდნენ ტელეარხები, ხალხს გაესაუბრნენ, მაგრამ ეთერში არც ერთი სიუჟეტი არ გასულა (?!).

ნუკრი მელქაძე (გოგოლის ქ. 32–ის მაცხოვრებელი): „აქვე „მარკეტია“, რომელიც ამ მიზნისთვის გვერდით ოთახს  აქირავებს. დღე და ღამე მუშაობს:  გარეთ  რიგში ერთი ასი კაცი უდგას. სულ წყვილები, საქმის გარჩევები, გინება და ა.შ.  ზაფხულში უფლება არ მაქვს აივანზე კარები გამოვაღო; ნორმალური ძილი და სიწყნარე სანატრელი გაგვიხადეს! ამდენი დაუსაქმებელი ხალხი რაღა ჩემი კარების წინ უნდა იყოს „დასაქმებული“?! თანაც, რაც დრო გადის, მეტი და მეტი „საქმდება“.

ყველაფერი ოციოდე წლის წინათ  დაიწყო – უშუქობის და ტოტალური გაჭირვების წლებში. ერთმა რომ ფული იშოვა, მეორესაც მოუნდა. ერთხელაც, ჩავედი და ველაპარაკე ოჯახს, რომელიც სხვისი წახედვით ჩაერთო ამ „ბიზნესში“: რას შვრებით, ჩვენ რა, ხალხად აღარ გვაგდებთ–მეთქი?! პურის ფულიც არ გვაქვს, შიმშილით ვიხოცებითო (ეს ის პერიოდია, როდესაც ყველანი  შიმშილით  ვიხოცებოდით!). აბა, გახედე გვერდზე მეზობელს, დღეში ასლარიანია,  მე რით ვარ მაგაზე ნაკლები, თანაც ბანკის ვალები მაქვს გასატუმრებელიო. ვალები რომ გაისტუმრა, მერე ფეშენებელური ბინის აშენება მოუნდა და ა.შ. ერთხელაც ორივე მეზობელი ამოვიყვანე ჩვენთან და სერიოზულად დაველაპარაკე: საკუთარი შვილები მაინც არ გეცოდებათ–მეთქი? ამას სწორედ შვილების გულისთვის ვაკეთებთო. მერე მდგმურებსაც მადა გაეხსნათ – ამათ თუ გასდით და ამდენი ფული იშოვეს, ვითომ ჩვენ რითი ვართ ნაკლებიო?!“

ქეთი ვასაძე (ნუკრი მელქაძის მეუღლე): „ჩემი მეზობელი უკვე სტაჟიანი „ბიზნესვუმენია“. რამდენიმე წლის წინ, როდესაც  მისი სახლიდან ამოსულმა ხმებმა ძალიან შემაწუხა, შევეცადე დავლაპარაკებოდი. ჩემი შეწუხება იქით იყოს, გონზე მოდი, განა შენ ეს გეკადრება–მეთქი?! ქალმა ცხარე ცრემლით იტირა: ეს რა დღეში  ჩავვარდი, რას ვიფიქრებდი, რომ ოდესმე ვიღაც ბოზებს და მათ კლიენტებს სახლში შემოვუშვებდი, მაგრამ რა მექნა, შიმშილით სული გვძვრებოდაო. ახლა შეეგუა სიტუაციას, აბა ერთი საყვედური შეკადრე!

დღისით კიდევ რა გვიჭირს, ღამის პირველი საათის შემდეგ კი ნამდვილი ბაკქანალია იწყება. პატრული ღამის თორმეტი საათისთვის ერთი აივლ–ჩაივლის და მიდის.  იშვიათად, რომ დილამდე  მოგვაქციონ ყურადღება. აგერ, ამასწინათაც ღამის სამ საათზე მეძავების გააფთრებულმა წივილ–კივილმა გაგვაღვიძა; ერთმანეთს უშვერი სიტყვებით ამკობდნენ. მე და ჩემი მეუღლე  აივანზე გამოვედით და მოვთხოვეთ შეეწყვიტათ ხმაური. ცხადია, ემოციები ვერც ჩვენ შევიკავეთ. როდესაც ყურადღება არ მოგვაქციეს, პატრული გამოვიძახეთ. ნერვიულობისაგან ძალიან ცუდად გავხდი.  სიტუაცია დროებით კი ჩაწყნარდა, მაგრამ დილის ხუთ საათზე ჩვენი მეზობლის, ქალბატონ ნანა მამასახლისის ვაჟის გამწარებული ყვირილმა გამაღვიძა: ბოლოს და ბოლოს აღარ მოგვასვენებთო?! თურმე ისევ წიოკი დაიწყეს და საცოდავ ბიჭს იმათ გაგდებაში მთელი ღამე არ უძინია.

ქალიშვილებს და  რძლებს  შიშით გარეთ ვეღარ ვუშვებთ. განსაკუთრებით, საღამოს საათებში. ბიჭიც სახიფათოა – შესაძლოა შარში გაეხვიოს. ამას წინათ მეზობლის ქალიშვილი ეზოსთან ნაცნობს ელაპარაკებოდა. ამ დროს ვიღაც კაცმა და მეძავმა გამოიარეს. კაცმა გოგონას ხელი წაავლო: წამოდი, ოცი ლარი არ გინდაო? საუბედუროდ, მეორე სართულიდან ძმამ  თვალი შეასწრო და, წარმოიდგინეთ, რა ამბავი დატრიალდებოდა! სანამ ბიჭი გამოვარდა, იმ კაცმა წასვლა მოასწრო. მაშინ გამწარებულმა ჯერ საკუთარი და გალახა, მერე იმ მეძავს სცემა. ქალმა უჩივლა. ოჯახს ამ ამბის ჩაწყნარება თურმე დიდ ნერვების წყვეტად და ფულად დაუჯდა. აქ ბავშვები როგორ უნდა გაუშვა სათამაშოდ – რა უნდა ისწავლონ?!“

ნანა მამასახლისი (ქეთი ვასაძის მეზობელი): „ჩვენი ბინის დაბლა სარდაფში „საუნა“ გახსნეს; სინამდვილეში კი საროსკიპოა, სადაც მხოლოდ მეძავები და მათი კლიენტები დადიან. არც ერთი წესიერი ადამიანი იქ საბანაოდ არ შევა. რეცხავენ იმ თავის ნაჭრებს და ცხვირწინ მიფენენ. იძულებულნი ვართ ამ ოხშივარით ვისუნთქოთ.  ორი მოზრდილი ბიჭი მყავს 17 და 18  წლის. წარმოიდგინეთ, რა პირობებში გავზარდე, ყოველდღე რა ტექსტების და დიალოგების მოსმენა გვიწევს! ფანჯრების ქვეშ დღედაღამ გაუთავებელი გინებისა და აყალ–მაყალის პირობებში შეიძლება რაღაც უბედურებას გადაეყარონ.  ალბათ, სადღაც ჩემი ბრალიცაა, რომ წლების მანძილზე ვითმენდი. შვილებიც სულ ნერვიულობენ: დღეს–ხვალ აქ ცოლების მოყვანა მოუწევთ.  აბა, ვის მოეწონება ასეთ ატმოსფეროში ცხოვრება?!“

ხელშეუხებელი „ღამის პეპლები“ და „მამაშები“

მკითხველი ალბათ უკვე დაინტერესდა, რატომ დუმს კანონი: რა გახდა სირცხვილ–დაკარგული ხალხის ჭკუაზე მოყვანა და სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე წესრიგის დამყარება?

ქეთი ვასაძე: „ჩუღურეთის პოლიციაში საჩივარი რამდენჯერმე შევიტანეთ, მაგრამ ყურიც არავის შეუბერტყავს – პროსტიტუციის წინააღმდეგ საკანონმდებლო მექანიზმი არ არსებობსო. თუ წესრიგს არ დაარღვევენ, უფლება არა გვაქვს ხალხი მხოლოდ  ქუჩაში დგომისთვის გავყაროთ, მაგრამ „ზემოდან“ თუ ბრძანებას მოგვცემენ, მაშინ სხვა საქმეაო.  ამ დროს, წესრიგის დარღვევაც მომხდარა, ცემა–ტყეპაც და მკვლელობაც. ჩემმა ბიჭმა ინტერნეტში დადო ვიდეო, სადაც ორი მეძავი იმისთანა დღეშია, შეხედვაც შეგრცხვება. რამდენიმე კვირის წინ უარესი მოხდა: მეძავმა კლიენტი მოკლა. თურმე თავში ბოთლი ჩაარტყა. ორიოდე წლის წინ კი მეძავი მოკლეს. ეს ფაქტები მედიაში რატომღაც არ დაფიქსირებულა“.

ნუკრი მელქაძე: „თურმე მეძავის გაგდებით მის უფლებებს ვარღვევ.  განა თვითონ არ არღვევს ჩემს უფლებებს, როდესაც ღამით ძილს მიფრთხობს?!  რატომ იცავენ მხოლოდ მეძავს?!  ერთი „მამაშა“ მემუქრება, თავი დამანებე, თორემ ნახე შენი ბინიდან რამდენი ჰეროინი გაიტანონო. ნეტავი რა აძლევს ამ ადამიანს ასეთ დიდ გულზე ყოფნის საფუძველს?

ბიჭს აღარ ვჩივი, ორი ქალიშვილი და რძალი მყავს. გარეთ რომ გავლენ, ვიღაცას მეძავი ეგონოს და რაღაც შესთავაზოს, რა უნდა გააწყო, ცემო და მოკლა? ციხეში აქეთ გაგიშვებენ. პოლიცია ვერაფერს გშველის –  „ხელფეხშებორკილია“, საპატრულო კი მხოლოდ ახსნა–განმარტებას გაწერინებს. ჩემმა მეზობელმა კიდეც უთხრა – რაღა აზრი  აქვს, თუკი ცალკე ბოზები გამაღვიძებენ და ცალკე თქვენო?!  ამხელა კაცი, ოჯახის უფროსი, ვზივარ „კიტრივით“ და ვერაფერს ვაწყობ – აბა ერთი გაბედე და მეძავს ბუზი აუფრინე!“

ნანა მამასახლისი: „ამას წინათ, ღამით  ჩემმა შვილებმა აკივლებული ქალები   ვეღარ დააშოშმინეს და თავზე ცივი წყალი გადაასხეს. გაბრაზებულმა მეძავებმა უჩივლეს და ცემა დააბრალეს.  პოლიციამ  ბიჭებს აქეთ მოსთხოვა პასუხი, თან მკაცრად გააფრთხილა: მეტი აღარ გაბედოთო“.

კანონის უმწეობა, თუ  მის დამცველთა შეგნებული არჩევანი?!

ჩნდება მორიგი კითხვა: ნუთუ კანონი მართლაც ისეთი უსუსურია, როგორც ჩუღურეთის პოლიცია ირწმუნება?

გაგი მოსიაშვილი (ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია; იურისტი):

– სხეულით ვაჭრობა ადმინისტრაციულ დარღვევათა კოდექსის 172–ე მუხლის თანახმად ექვემდებარება გაფრთხილებას, ან დაჯარიმებას მინიმალური შრომის ანაზღაურების ნახევრის ოდენობით.   ქვეყანაში არსებული მინიმალური ხელფასის შესაბამისად ჯარიმის სიდიდე სულ რაღაც 20 ლარი გამოდის.

მაგაზე მეძავები სიცილით დაიხოცებიან. ბინის პატრონებს  ვერაფერს მოვუხერხებთ?

– კანონის თანახმად, თუ პოლიციაში სიგნალი შევიდა, რომ კონკრეტული მოქალაქე მის კუთვნილ ბინაში სხეულის  ვაჭრობისთვის სხვა პირს  უშვებს, უნდა განხორციელდეს მოკვლევა. თუ დადასტურდა, რომ სახლის პატრონმა იცოდა, რაც ბინაში ხდებოდა,  ანუ მისი მოქმედება იყო გააზრებული და წინასწარგანზრახული,  შეიძლება წაეყენოს ბრალი სისხლის სამართლის 254–ე მუხლის საფუძველზე: პროსტიტუციისთვის ადგილის ან საცხოვრებლის გადაცემა ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე. ჯარიმის მინიმალური ოდენობაა ორი ათასი ლარი. მაქსიმუმი განსაზღვრული არ არის.

როგორ უნდა განხორციელდეს მოქალაქეთა სიგნალის საპასუხოდ კონკრეტულ ბინაში სიტუაციის შემოწმება? 

– თუ პოლიციას აქვს ოფიციალური სიგნალი დანაშაულის ნიშნების შესახებ (ამ შემთხვევაში ეს არის ბინის პროსტიტუციისათვის გაქირავება), ის ვალდებულია დაიწყოს გამოძიება  და შეამოწმოს განცხადებაში მითითებული ბინა. პოლიცია  ბინაში სასამართლოს მიერ გაცემული გადაწყვეტილების საფუძველზე შედის. ბინაში შესვლა, ჩხრეკა, ფაქტობრივად, მოქალაქის უფლებების დარღვევაა და ამიტომ ნებართვა მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში გაიცემა. 254–ე მუხლი სავსებით საკმარისი საფუძველია.

მკაცრად ისჯება პროსტიტუციაში სხვა ადამიანის ჩაბმა ძალადობით, მუქარით, შანტაჟით, ან მოტყუებით. ამისათვის სისხლის  სამართლის კოდექსის 253–ე მუხლის პირველი  ნაწილი ჯარიმას, ან თავისუფლების  ორ წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს. იმავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სხეულით ვაჭრობაში არასრულწლოვნის ჩათრევა  ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან შვიდ წლამდე.

მოკლედ, დასმულ კითხვაზე ამომწურავი პასუხი მივიღეთ: მექანიზმები თურმე არსებობს: ბინის პატრონების „მორჯულებაც“ შესაძლებელი ყოფილა. დიდუბე–ჩუღურეთის პოლიციაში კომენტარზე უარი განაცხადეს და შსს–ს პრესცენტრთან გადაგვამისამართეს.    აღნიშნულ სტრუქტურას დავუკავშირდით,  მაგრამ,  დიდი  მცდელობის მიუხედავად,  „სანატრელ აუდიენციას“ მაინც ვერ ვეღირსეთ.

აშკარაა: პოლიციას, რბილად რომ ვთქვათ, „ხელს არ უშლის“ სადგურზე ორგანიზებული „წითელი ფარნების კვარტალი“.  რა დგას ამ უმოქმედობის უკან: ელემენტარული უცოდინარობა (?), თუ  მოვალეობების შესრულებისგან  თავის განზრახ არიდება(!)? მე უფრო მეორე ვერსიას ვემხრობი.

ამ ფაქტში  საზოგადოებრივი მნიშვნელობის უამრავი პარამეტრი იკვეთება. კანონის თანახმად, სრულწლოვანის ნებაყოფლობით „დასაქმება“არ ასჯება. მერე და ვინ შეამოწმა სადგურზე  მოფარაფატე „ღამის პეპლების“ ასაკი, ან ის გარემოებანი, რომლებმაც  „ფარფატისკენ“ უბიძგეს? ვინ იცის, რამდენი შემზარავი დანაშაული გამოაშკარავდება?! მივმართავთ არასამთავრობო ორგანიზაციებს: იქნებ დაინტერესდეთ? სხვა საკითხია, რომ მიმდინარე კანონმდებლობა რეალობის ყველა ასპექტს, სამწუხაროდ, არ ასახავს.

როგორც ჩანს, სამთავრობო სექტორი მდუმარე წახალისებას ახორციელებს, ხოლო საზოგადოება კი „სირაქლემას პოზიციაშია“. ამასობაში პატიოსანი  ხალხი სულიერად ისე განადგურდა, რომ ზოგი მეძავად იქცა, ზოგი – „მამაშად“, ზოგი კი – ბორდელის მეპატრონედ.  ხოლო ვინც ჯერ არ განადგურებულა, იმას ან ციხეებში ანადგურებენ, ან ციხის გარეთ აშანტაჟებენ.

ჩნდება ლოგიკური კითხვა: მზადაა თუ არა საზოგადოება, რომ ამ უზნეობას წერტილი დაუსვას?!