„ოცნების“ დეპუტატმა მათიკაშვილმა შარშან 4 ბინა და 1 მიწა იყიდა, რაშიც ნახევარი მილიონი გადაიხადა

„ოცნების“ დეპუტატმა მათიკაშვილმა შარშან 4 ბინა და 1 მიწა იყიდა, რაშიც ნახევარი მილიონი გადაიხადა

პარლამენტარმა დავით მათიკაშვილმა 2018 წელი უძრავი ქონების შეძენას მოახმარა. მმართველი პარტიის დეპუტატმა ახალი დეკლარაცია გამოაქვეყნა, რომელშიც 4 ბინის და 1 მიწის ნაკვეთის შეძენა მიუთითა.

მცირე ზომის 3 ბინა თბილისში, ნავთლუღის ქუჩაზე 1 კორპუსში მდებარეობს. 1 ბინა კი, ბაკურიანშია. უძრავი ქონების პორტფელშია სოფელ თხინვალაში 90 000-დოლარიანი მიწის ნაკვეთიც.

ჯამში, დავით მათიკაშვილმა უძრავ ქონებაში 2018 წელს 210 000 დოლარი (დაახლოებით, 0.5 მლნ ლარი) დააბანდა.

რა შემოსავალი ჰქონდა მათიკაშვილს 2018 წელს მომავალ დეკლარაციაში გამოჩნდება. 2017 წელს მისი ოჯახის შემოსავალი 115 000 ლარს აღემატებოდა.

როგორც "ჯიბისი" წერს, დეპუტატმა ალბათ უძრავი ქონების შესაძენად მამის საჩუქრი გამოიყენა. 2017 წლის დეკლარაციით, მათიკაშვილს მამამ 120 000 დოლარი აჩუქა.