"თანამდებობიდან წასვლის დაკავშირება მოსამართლეების საკითხთან ან ინფორმაციის არქონის შედეგია, ან პოლიტიკური სპეკულაცია"

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ იურიდიული კომიტეტიდან გედევან ფოფხაძის გაწვევის მიზეზი რეგლამენტის უხეში დარღვევა და გუნდურობის პრობლემა იყო.

როგორც ირაკლი კობახიძემ საქართველოს პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის კანდიდატურა გუნდში უნდა განხილულიყო.

"ამ გადაწყვეტილებას ორი მიზეზი ჰქონდა. ერთი იყო რეგლამენტის უხეში დარღვევა, ყველა კვალიფიციური იურისტი თანხმდება, რომ რეგლამენტის უხეში დარღვევით იქნა არჩეული გედევან ფოფხაძე და მეორე პრობლემა იყო გუნდურობა. ეს გუნდში იყო განსახილველი. ამ ორი მიზეზის გამო მივიღეთ გადაწყვეტილება, რომელიც აუცილებლად უნდა მიღებულიყო, რადგან არ არსებობს რეგლამენტის თანახმად ინსტანცია, რომელიც დაადგენს კომიტეტში თავმჯდომარის პირველი მოადგილის ლეგიტიმურობას. ეს ხარვეზი უნდა გამოესწორებინა იმ ინსტანციას, რომელსაც შეეძლო და ამ შემთხვევაში ეს იყო ფრაქცია.

ეკა ბესელიას და გედევან ფოფხაძის თანამდებობიდან წასვლის დაკავშირება მოსამართლეების საკითხთან, ეს არის ან ინფორმაციის არ ქონის შედეგი, ან პოლიტიკური სპეკულაცია.

რაც შეეხება ეკა ბესელიას გადადგომას, როდის იყო ეს გადაწყვეტილი და როგორ, ჩვენ ამაზე ნაწილობრივ უკვე გვქონდა საუბარი, შეგვიძლია უფრო დეტალურადაც ვისაუბროთ საზოგადოების წინაშე. რაც შეეხება ფოფხაძის თანამდებობიდან წასვლას, ამის მიზეზები უკვე განმარტეთ. ყველას მოგიწოდებთ, დაინტერესდეთ, რა იყო მიზეზი და მიიღოთ მეტი ინფორმაცია”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.