არ ვფიქრობ, რომ გედევან ფოფხაძის საკითხი იყო პროცედურების დარღვევა. ეს უკავშირდება იმას, რომ ჩვენ არ გვსურს სააკაშვილ-ადეიშვილის მოსამართლეები ვიხილოთ უვადოდ უზენაეს სასამართლოში, – ამის შესახებ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან გოგიჩაიშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა.
„ძალიან სამწუხაროა, რომ ეს გადაწყვეტილებაა მიღებული. არ ვფიქრობ, რომ ეს იყო პროცედურების დარღვევა. ეს გადაწყვეტილება არის წყალგამყოფი იმისა, რომ იმ ადამიანებს, ვისაც უნდათ, რომ მურუსიძე, ჩინჩალაძე, ადეიშვილ-სააკაშვილის ჯალათები იხილონ მოსამართლეებად და იმ ადამიანებს შორის, ვისაც არ უნდათ, რომ ეს ადამიანები იქ იხილონ. ასე დგას საკითხი. ახლა ჩვენ რაც არ უნდა ვიტყუოთ თავი და რაც არ უნდა ვიძახოთ, რომ ეს რაღაც პროცედურების დარღვევით მოხდა… არ მოხდა, ასე დგას საკითხი. სამწუხაროდ, თქვენც იმ პოზიციაზე დგახართ, რომელმაც ეს გადაწყვეტილება მიიღეთ და ვფიქრობ, თქვენც გინდათ, რომ ეს ადამიანები გახდნენ მოსამართლეები. გედი ფოფხაძის გამოწვევა არა პროცედურების დარღვევის გამო მოხდა, არამედ იმიტომ, რომ მას და ჩვენ, იმ ადამიანებს, ვისაც არ გვინდა ვიხილოთ სააკაშვილ-ადეიშვილის მოსამართლეები უვადოდ უზენაეს სასამართლოში, ყველაფერი ამის გამო არის აქ დატრიალებული. თქვენ იცოდით, რომ იურიდიული კომიტეტი ამ საკითხს ჩააგდებდა და შესაბამისად, იურიდიულმა კომიტეტმა პარლამენტი არ დააყენა უხერხულობის წინაშე. რაც არ უნდა გადაადგილებები გააკეთოთ, ამ პარლამენტში, მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ სააკაშვილის და ადეიშვილის ჯალათი მოსამართლეები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები ვერ გახდებიან. ჯალათი მოსამართლეები, რომლებმაც უამრავი ადამიანის ცხოვრება დაღუპეს, ამ ადამიანებს ეს პარლამენტი ვერ აირჩევს. ეს პარლამენტი არის 2012 წლის 1-ელი ოქტომბრის მემკვიდრეობა. ამ პარლამენტში ეს სია არ უნდა გავიდეს. როდესაც მოხდება კრიტერიუმების დადგენა, ამ კრიტერიუმებმა უნდა იმოქმედოს სააპელაციო სასამართლოზეც“, – განაცხადა გოგიჩაიშვილმა.