ჯასტინ ტიმბერლეიკის და ჯესიკა ბილის ბედნიერი ქორწინება

ჯასტინ ტიმბერლეიკის და ჯესიკა ბილის ბედნიერი ქორწინება

ჯასტინ ტიმბერლეიკი და ჯესიკა ბილი უკვე 11 წელია ერთად არიან, აქედან 6 წელი ქორწინებაში. ცოლ-ქმარი ცდილობს ერთმანეთს არ დაშორდეს და კარიერასა და პირად ცხოვრებას შორის საუკეთესო კომპრომისს პოულობს. ჯესიკა და ჯასტინი საუკეთესო მეგობრები არიან. სწორედ ეს გახლავთ მათი ბედნიერი თანაცხოვრების მთავარი საიდუმლო. მათ უყვართ დროის ერთად გატარება. არ აქვს მნიშვნელობა, რითი დაკავდებიან − ყოველთვის მხიარულად მოქმედებენ. ვარსკვლავური ოჯახი აქტიური ცხოვრების წესს მისდევს: მოსწონთ გოლფის თამაში, სნოუბორდზე დადგომა ან უბრალოდ, ლაშქრობა. თავგადასავლებში ერთმანეთს არასოდეს ჩამორჩებიან, თუმცა წყვილის მთავარი ინტერესი და ვნება 3 წლის ვაჟიშვილი სილასია. ცოლ-ქმარს მშობლის სტატუსი ძალიან ხიბლავს.

2007 წელს, როცა ჯასტინ ტიმბერლეიკს „ოქროს გლობუსის“ წვეულებაზე მისი მომავალი მეუღლე, ჯესიკა წარუდგინეს, მომღერალი კამერონ დიასს ხვდებოდა. შეხვედრამ ვარსკვლავებს შორის გრძნობები დაბადა, რის გამოც მუსიკოსი შეყვარებულს დაშორდა. ნახევარი წლის შემდეგ, ჯასტინი რომანტიკულ მოგზაურობაში ჯესიკასთან ერთად გაემგზავრა. „ჩვენი შეხვედრა სულაც არ იყო „ვარსკვლავური“ ანუ „ჰოლივუდური“. ერთმანეთი გაგვაცნეს, ცოტა ვისაუბრეთ, შემდეგ ჩემს მეგობარს ვთხოვე, ეკითხა, შემეძლო თუ არა დამერეკა მისთვის. მან გადმომცა „დიახ“ და მე ის პაემანზე დავპატიჟე“, − იხსენებს ჯასტინი.

უეცარი გატაცება სერიოზულ ურთიერთობაში მალევე გადაიზარდა. რომანის დაწყებიდან 3 წლის თავზე, ჯესიკამ ინტერვიუში გულახდილად განაცხადა: „ჯასტინი ყველაზე ძვირფასი და მნიშვნელოვანი რამაა, რაც ცხოვრებაში მაქვს“. მიუხედავად ამისა, წყვილი ერთი წლით დაშორდა. ერთ საღამოს, როცა მომღერალმა საქველმოქმედო საღამოს უმასპინძლა, ჯესიკაც მიიპატიჟა. ყოფილ შეყვარებულებს ერთმანეთის მიმართ გრძნობები კვლავ გაუღვივდათ და გადაწყვიტეს ექსპრომტად ექორწინათ. „რას ნიშნავს, იყო გათხოვილი? ეს ნიშნავს იმას, რომ ყოველთვის გყავდეს გვერდით ადამიანი, ვინც მჟავე კიტრით სავსე ქილის გახსნაში დაგეხმარება, ვისთანაც გაიზიარებ როგორც კარგს, ასევე ცუდს; გაემგზავრები სამოგზაუროდ, იცურავებ შიშველი და ა.შ.“ − განმარტავდა ჯესიკა.

იტალიის სამხრეთ ნაწილში ქორწინება მართლაცშედგა − შეყვარებულები ჩუმად დაქორწინდნენ. ცერემონიალი საკმაოდ რომანტიკული იყო. ტიმბერლეიკმა მეუღლეს ამ მნიშვნელოვანი დღის აღსანიშნავად სპეციალური სიმღერაც კი მიუძღვნა. „ვიცოდი, რომ ჯესიკასთვის განსაკუთრებული საჩუქარი უნდა მიმეძღვნა. გადავწყვიტე დამეწერა სიმღერა, რომელიც ჩემს პატარძალს საკურთხეველთან მიიყვანდა. მახსოვს, მამაკაცები ტიროდნენ. ვიმედოვნებ იმიტომ არა, რომ ცუდად ვიმღერე“.

ახლა, როცა წყვილის ურთიერთობა დრომ გამოსცადა, ჯასტინი ცოლს სიყვარულს საჯაროდ უხსნის: „ყოველ ჯერზე, როცა საშუალება მაქვს შევხედო მას, მაშინ, როცა ის მე ვერ მხედავს, ვხვდები, რომ ჯესიკაზე ქორწინება ჩემი ცხოვრების საუკეთესო გადაწყვეტილება იყო. ჩვენ ერთმანეთს ვავსებთ. ძალიან სასიამოვნოა მეგობარზე დაქორწინება“, − აცხადებს არტისტი.

წყვილი ჰოლივუდში იდეალურ ცოლ-ქმრად მიიჩნევა და ერთ-ერთი ყველაზე მტკიცე ოჯახის წოდებაც აქვთ. ჯესიკა წარმატების საიდუმლოს ერთმანეთთან დამოკიდებულებაში ხედავს: „საუბარი, საუბარი და საუბარი. უნდა შეგეძლოთ გრძნობები გულწრფელად გაუზიაროთ. უბრალოდ, იყავით ალალი პარტნიორის მიმართ. ჩვენ შემთხვევაში სწორედ ეს ამართლებს“.

ბილის აზრით, მტკიცე ქორწინებას დიდი ძალისხმევა სჭირდება და რაიმეს გაღება ყოველთვის გიწევს: „იღბლიანები ვართ, რომ სამსახურების გამო სხვადასხვა ადგილას გადასვლა და ცხოვრება შეგვიძლია. ერთმანეთს მხარში ვუდგავართ, თუმცა ვფიქრობ, არაფერს ცვლის, შინ მუშაობ, ოფისში თუ გასვლით ტურზე. ქორწინებაში ძალისხმევა ამით არ იცვლება. ურთიერთობის მიმართ თავდადება ჩვენი უდიდესი პრიორიტეტია“.

ჯესიკა და ჯასტინი პატარა ვაჟიშვილთან ერთად მოგზაურობენ და გზიდან სასიამოვნო ოჯახურ ფოტოებს გვიზიარებენ. „სახალისოა გზაზე ყოფნა. თითქოს გადარეული ბოშათა ბანაკი ვართ, ყველაფერში ერთად. ახალ ადგილებს ვეცნობით და ვფიქრობ, ჩვენი შვილისთვის მშვენიერი შთაბეჭდილებაა, რადგანაც ახალი ენები ესმის. ვსაუბრობთ ყველაფერზე, რაც მოსწონს და რასაც ხედავს. მას არ ექნებოდა ეს გამოცდილება, ჩვენ რომ არ მოგვენდომებინა“, − დასძენს მსახიობი.

ტიმბერლეიკის კარიერა მიმდინარე პერიოდში მნიშვნელოვნად ვითარდება. ახალ ალბომთან და წიგნთან ერთად, ჯასტინი საერთაშორისო ღონისძიებების უზარმაზარ სცენებს იპყრობს. მისი მეუღლის განცხადებით, ჯასტინი გულშემატკივრებისთვის ძალიან ბევრს შრომობს და დიდ ენერგიას ხარჯავს. ჯესიკა კი, თავის მხრივ, ცდილობს ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვით იმოგზაურონ. ადგილი არ აქვს თავაშვებულ წვეულებებს, კონცერტის შემდეგ შესაძლოა წყნარ, ჯანსაღი კვების ობიექტს ესტუმრონ. ტურში მონაწილეობის დროს, დატვირთული დღის შემდეგ, საღამოობით, სასტუმროში სხვა წყვილების მსგავსად, ფილმის ნახვით ტკბებიან. აღსანიშნავია, რომ მუსიკოსი ძალიან კარგი მზარეულია და ოჯახის წევრებისთვის ღვეზელებსაც ოსტატურად აცხობს.

მაშინაც კი, როცა ერთად არ უწევთ ყოფნა, ჯესიკა და ჯასტინი თავიანთ ქორწინებაზე მაინც საგულდაგულოდ მუშაობენ: „ადვილია დაკარგო კავშირი პარტნიორთან, როცა პლანეტის სხვადასხვა ნაწილში იმყოფებით. მარტივია იქცეთ უცხოებად. ვგრძნობდე მის მხარდაჭერას ყოველდღიურ ცხოვრებაში და პირიქით, ურთიერთობის შენარჩუნების ერთადერთი გზაა. მაგალითად, მაშინაც კი, თუ გადაწყვეტილება იმას ეხება, რა მიირთვა საუზმედ. მხოლოდ ასეთი ახლო კონტაქტით იგრძნობ, რომ დაცული ხარ და ამქვეყნად მარტო არ ხარ. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, − აღიარებს ბილი.