ცნობილი ადამიანების საახალწლო ტრადიციები

ცნობილი ადამიანების საახალწლო ტრადიციები

დღესასწაულებს ერთი მნიშვნელოვანი თვისება ახასიათებს − უნიკალური გახლავთ. არ აქვს მნიშვნელობა, ვინ ხარ, რას აღნიშნავ, სად იმყოფები − ამისთვის ყოველთვის შენებურ გზას გამონახავ. მაგალითად, ჰოლივუდის ვარსკვლავებს ახალ წელთან დაკავშირებით უცნაური ტრადიციები აქვთ და სწორედ ეს განსხვავებული და მხოლოდ მათი ოჯახისთვის დამახასიათებელი ტრადიციები აქცევს მათ უნიკალურებად. ტრადიციების გარეშე, დღესასწაულები ისეთი ამაღელვებელი არ იქნებოდა. ისინი ყოველწლიურად მეორდება და მომავალ თაობებს მშობლებიდან გადაეცემა. ახალი წელი, როგორც ოჯახთან გატარების დრო, ხშირად მიმზიდველი სწორედ სხვადასხვა ინდივიდუალური ჩვეულებებით ხდება. თუ საინტერესო ტრადიციას ეძებთ, მიიღეთ ინსპირაცია ცნობილი ადამიანებისგან.

კიმ კარდაშიანი

კარდაშიანების ოჯახს შობის დღესასწაული ძალიან უყვარს. წელიწადის ამ დროს კიმ კარდაშიანს ქმარ-შვილთან ერთად სპეციალური ტრადიცია აქვს. ახალი წლის დილას, კორტნი კარდაშიანის სახლში, კიმი და კანიე უესტი შვილებთან ერთად ერთნაირ პიჟამოებს იცვამენ, თანაც − ყოველ წელს სხვადასხვას. ასევე, წლების განმავლობაში ტრადიციად ჩამოყალიბდა, რომ ოჯახის თითოეული წევრი საჩუქარს საკუთარი სტილის კონვერტს აყოლებს, რათა უთქმელად მიხვდნენ, ვისგანაა.

ბლეიკ ლაივლი

ბლეიკ ლაივლი და რაიან რეინოლდსი 2 ქალიშვილთან − 3 წლის ჯეიმსთან და 2 წლის ინეზთან ერთად, ახალი წლის შინ გატარებას ამჯობინებენ. „შობა ოჯახთან ერთად ყოფნას გულისხმობს, ამიტომაც ჩვენ არასოდეს ვტოვებთ სახლს“, − აცხადებს ბლეიკი, − „უცნაურია, როგორც ხდება, მაგრამ საბოლოოდ, ყველას ერთ საწოლში გვძინავს. დაახლოებით 7 საათს, უბრალოდ, საუბარში ვატარებთ და ეს ძალიან სასიამოვნოა“.

ლაივლი მზარეულობის სიყვარულითაა ცნობილი, ამიტომ როცა საქმე საახალწლო სუფრას ეხება, სერიოზულად ემზადება. სპეციალურ დესერტთან ერთად, იგი თავისი ხელით დიდი ზომის კერძებსაც ამზადებს.

პრინცი ჯორჯი და პრინცესა შარლოტა

საკუთარი ტრადიციით, ქეით მიდლტონისა და პრინც უილიამის შვილებიც გამოირჩევიან. მათი ბებია, ქეროლ მიდლტონი ორივეს საწოლთან მცირე საახალწლო ხეებს დგამს. პატარებს შეუძლიათ მხოლოდ მათთვის განკუთვნილი ნაძვის ხე თავიანთი გემოვნებით მორთონ.

ჯესიკა ალბა

3 შვილის − 10 წლის ჰონორის, 7 წლის ჰევენის და 1 წლის ჰეისის დედა ქმართან ერთად სახალისო ტრადიციას მისდევს. ყოველ ახალ წელს ისინი 12 Dაყს ოფ ჩჰრისტმას-ის ორიგინალურ ვერსიას მღერიან.

მილა კუნისი

ორი შვილის − 3 წლის ვიატის და 1 წლის დიმიტრის დედა, ეშტონ კატჩერთან ერთად, ცდილობს თავმდაბალი ბავშვები გაზარდოს. ამიტომ, მათი ოჯახური ტრადიციები ცოტათი არატრადიციულ იერს იძენს. მაგალითად, ახალ წელს ისინი ბავშვებს საჩუქრებს არ ჩუქნიან. „ვფიქრობთ, სანამ პატარები არიან, ეს მათთვის საჭირო არაა. მშობლებსაც ვუთხარით: თუ რამეს მოუტანენ, მხოლოდ ერთი საჩუქარი აარჩიონ. სხვა შემთხვევაში, ქველმოქმედებას გადავცემთ“, − აცხადებს მილა.

მიშელ ობამა

ამერიკის ყოფილი პირველი ლედი საგვარეულო ოჯახთან ერთად უნიკალურ ტრადიციას იცავს. საჩუქრების გაცვლის მაგივრად, ობამები ოჯახის წევრებს საჩუქრებს „უსრულებენ“: „ჩვენი ოჯახი იმდენად დიდია, რომ ყველა მათგანისთვის ერთდროულად ამდენი საჩუქრის ყიდვა ძალიან რთულია. ამიტომ გადავწყვიტეთ საჩუქრის გაღების ნაცვლად, რაიმე შევასრულოთ. მაგალითად, მოვყვეთ სასაცილო ისტორია, წავიკითხოთ პოემა, მოვამზადოთ საცეკვაო ნომერი, ვიმღეროთ − მოკლედ, ნებისმიერი რამ, რაც გვსურს. ბოლოს, მამები ერთადაც მღერიან“, − აცხადებს აშშ-ის ყოფილი პირველი ლედი.

ჰიუ ჯეკმანი

ჰიუ ჯეკმანი ავსტრალიურ ტრადიციას ამკვიდრებს. „შობაზე ყველა ობოლს ვმასპინძლობთ. ამიტომაც, ვინც მარტოა, გვესტუმროს!“ − აცხადებს მსახიობი. სასიამოვნოა, რომ იმ ადამიანებისთვის, რომლებმაც არ იციან, სად გაატარონ დღესასწაული, ჰიუს სახლის კარი მუდამ ღიაა.

ჯიჯი ჰადიდი

ჰადიდების საყვარელი საშობაო ტრადიცია არდადეგების ერთად გატარებაა: „ეს დღეები ყოველთვის ოჯახს ეთმობა. აუცილებლად ჩვენს ფერმაში მივდივართ, სადაც ბევრ კერძს ვამზადებთ, ვსაუბრობთ, ბუხართან ვსხედვართ, ფილმებს ვუყურებთ... ოჯახური ატმოსფერო გვამშვიდებს და გვახალისებს. ყველა ჩვენგანი სხვადასხვა რამეს ვაცხობთ. მე ძირითადად ნამცხვრები მევალება და 5 სხვადასხვანაირს ვამზადებ. ერთხელ სანტას მარხილი ქაფქეიქებით ავაწყვე“, − აცხადებს ჯიჯი.

რაც შეეხება საჩუქრებს, ჰადიდებს ინდივიდუალური საჩუქრები ხიბლავთ. ასე რომ, ახალ წელს ერთმანეთს წერილებს წერენ და დილით, წაკითხვისას, მუდამ გული უჩუყდებათ.

რიზ უიზერსპუნი

მსახიობი ყოველ წელს საშობაო კალენდარს ადგენს და თაფლაკვერის სახლს სამ შვილთან − 17 წლის ავასთან, 13 წლის დიკონთან და 4 წლის ტენესთან ერთად აფორმებს. ახალი წლის წინა დღეებში უიზერსპუნის ოჯახში მიკროტალღური ღუმელი გადაბმულად მუშაობს. ავა პატარა ორცხობილებს აცხობს, ტენესი დედას ვაფლების გაკეთებაში ეხმარება. რიზი ოჯახს გამომცხვარი შაშხითაც უმასპინძლდება.

„მიუხედავად იმისა, რომ იზრდებიან, საშობაო არდადეგებთან დაკავშირებული ტრადიციები ძალიან უყვართ და მოგონებები მუდამ თავს ახსენებთ. შესაძლოა, საშობაო კალენდრის შექმნა დამავიწყდეს, მაგრამ დიკონი აუცილებლად მეტყვის: „დედა, სად არის ის?“ მაშინ ვხვდები ხოლმე, რამდენად მნიშვნელოვანია ეს დეტალები მათთვის“, − აცხადებს ვარსკვლავი.

ვიქტორია ბექჰემი

ბექჰემები შობა დღეს ბუკინგემის სასახლეს სტუმრობენ. „ეს დღესასწაული ჩვენთვის მშვენიერი დროა. ბავშვების მიერ დაჭრილი ქაღალდები ყველგანაა მიმოფანტული და შინ ნამდვილი ქაოსი სუფევს. ხშირად იმით ვარ დაკავებული, რომ ჰარპერის სათამაშოებისთვის ბატარეები ვიპოვო ან ყუთებს მივხედო. ამიტომაც, სპეციალური მომზადებისთვის დრო არ მაქვს. მაგალითად, ბუკინგემის სასახლეში წასასვლელადაც ნეიტრალურად ვიცვამ. ახალ წელს ჩემმა შვილებმა ზუსტად იციან, როგორ გავერთოთ. დღესასწაული ჩვენთვის ამიერიდან უფრო განსაკუთრებული გახდება, რადგანაც ბრუკლინი კოლეჯიდან შინ დაბრუნდება ხოლმე. ვატარებთ დროს მხოლოდ ჩვენ ექვსნი ისე, როგორც მოგვესურვება“, − აცხადებს ვიქტორია. თუმცა, ბრიტანელ დიზაინერს სამსახურსა და დასვენებას შორის ბალანსის დაცვა უჭირს და აღიარებს, რომ ახალი წლის დღეს ცდილობს ტელეფონი სხვა ოთახში შეინახოს, რათა სამსახურის საქმეებზე არ გადაერთოს.