„ცოცხი გაიკეთეთ უკანალში“

„ცოცხი გაიკეთეთ უკანალში“

 

„ცოცხი გაიკეთე უკანალში“- ასე მიმართა 20 სექტემბერს ლონდონში საქართველოს საელჩოს წინ გამართულ ქართველ  ემიგრანტთა საპროტესტო აქციაზე გამოსულმა ელჩმა, გიორგი ბადრიძემ შეკრებილ საზოგადოებას, რითაც, მათი აღშფოთება გამოიწვია. 
გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ამ ფაქტის გამო ინგლისში საქართველოს ელჩი გიორგი ბადრიძე თანამდებობის დატოვებას აპირებს, თუმცა ჯერჯერობით, მხოლოდ ის ვიცით, რომ ბადრიძემ ამ ქმედების გამო ბოდიში მოიხადა და განმარტა, რომ ვერ გაიგო, სიტყვა ცოცხი რა კონტექსტით იყო მისი მისამართით ნათქვამი.

ძნელი დასაჯერებელია, როდესაც მთელ საქართველოში პატიმრების წამების, მათი ცოცხით გაუპატიურების გამო, ე.წ. ცოცხების პროტესტი რამდენიმე დღეა არ ცხრება, რა კონტექსთითაც არ უნდა ეთქვათ სიტყვა ცოცხი ემიგრანტებს, ელჩი ვერ მიმხვდარიყო ხალხი რას აპროტესტებდა.

როგორც ჩანს, რაც ხდება ქვეყნის შიგნით, ის სისტემა მოქმედებს ქვეყნის გარეთაც და ამ ხელისუფლებას ყველა დონეზე უკვე ძვალსა და რბილში აქვს გამჯდარი ძალადობა, თანამოქალაქეების დამცირება, ღირსების შელახვა, შეურაცხყოფა.

შეიძლება თუ არა ელჩი ამ ენაზე მეტყველებდეს, მითუმეტეს იმ ქვეყნის ელჩი, რომელსაც „დემოკრატიის შუქურად“ წოდებული პრეზიდენტი და „წარმატებული, ქვეყნის სიყვარულით გულანთებული ახალგაზრდა მთავრობა“ ჰყავს, რომელი ქვეყნის ბიუჯეტიდანაც ასობით მილიონი ლარი იხარჯება დასავლეთში სწორედ ასეთი იმიჯის შესაქმნელად?

როდესაც ამ თემასთან დაკავშირებით დიპლომატებისგან კომენტარებს ვიღებდით, ერთ-ერთმა საკმაოდ ცნობილმა დიპლომატმა, რომელსაც ეს კადრები ნანახი არ ჰქონდა, უბრალოდ, ვერ დაიჯერა, რომ ასეთი რამ შეიძლებოდა მომხდარიყო, იმდენად შემაძრწუნებლად აღიქმება სააკაშვილის ელჩის ქმედება. იმ დიპლომატებს კი ვინც საკუთარი თვალით იხილა ლონდონის აქცია, შეფასებისთვის სიტყვებიც არ ჰყოფნით და ცალსახად ამბობენ, რომ ეს წარმოუდგენელი რამ არის.

ირაკლი მენაღარიშვილი: „ჩემთვის ადვილი არ არის, ასეთი რაღაცის კომენტირება, მითუმეტეს, რომ გიორგის პირადად ვიცნობ, მაგრამ მაინც უნდა გითხრათ - სხვანაირად შეუძლებელია. ეს არის სრულიად დაუშვებელი, აბსოლუტურად მიუღებელი საქციელი დიპლომატისათვის, სხვა რა შეიძლება ვთქვა“.

ვიქტორ დოლიძე: „ეს სირცხვილი და თავისმოჭრაა. არათუ ელჩისა და ქვეყნის წარმომადგენლის, რომელმაც წესით, უნდა გაიზიაროს, რაც ხდება ქვეყანაში, არამედ უბრალო მოქალაქის სალაპარაკო ენაც არ არის. ამ ლექსიკით საერთოდ არ შეიძლება ლაპარაკი, მაგრამ სააკაშვილმა და მისმა თანაგუნდელებმა შეაჩვიეს ეს ლექსიკა ჩვენი თანამოქალაქეების ყურს. როდესაც ელჩი ხარ და პროტესტის ამხელა გამოვლინებაა შენი თანამოქალაქეებისაგან, მოდიან შენთან და ელიან, რომ სულ მცირე, შეშფოთებას მაინც გამოთქვამ, შენ ასეთი ლექსიკით მეტყველებ - ამ ხელისუფლების ხელში არაფერი არ მიკვირს. ვიცნობ გიას და მართალი გითხრა, გამიკვირდა. ამის მერე ალბათ, მორალური უფლებაც არ აქვს იყოს იმ სამსახურში, მაგრამ თავისი გადასაწყვეტია, თავისი ღირსების საკითხია, თუმცა ამ ხალხს ღირსება რომ ჰქონდეს, აღარ იქნებოდნენ ამ სამსახურში“.

დავით ზალკალიანი: „ვიცნობ ბრიტანეთში საქართველოს ელჩს დიდი ხანია, მაგრამ პირველ რიგში, მინდა გითხრათ, რომ აბსოლუტურად მიუღებელია, როგორც მან მიმართა საელჩოსთან შეკრებილ ჩვენს მოქალაქეებს. უცხოეთის ტერიტორიაზე საელჩო არის ქართველებისთვის, იქ ჩვენი მოქალაქეები თავს ისე უნდა გრძნობდნენ, როგორც საკუთარ სამშობლოში, ეს მათი ტერიტორიაა და ელჩის ასეთი დამოკიდებულება კატეგორიულად მიუღებელია“.

მაია ფანჯიკიძე: „ნებისმიერი ნორმალური ქვეყნის ელჩს რომ ასეთი რამ დასცდენოდა, იმავე წუთას უნდა გადამდგარიყო თავისით, არც უნდა დალოდებოდა, როდის მოხსნიდნენ“.

თუ ელჩი მომიტინგეების პროტესტმა გააღიზიანა და მექანიკურად ისროლა ის ფრაზა, რაც  არა მხოლოდ მას, მთელ ხელისუფლებას უკვე ქვეცნობიერში აქვს გამჯდარი, მით უარესი, ეს  მიანიშნებს იმ დამოკიდებულებაზე რაც ამ ხელისუფლებას აქვს ზოგადად, ადამიანების მიმართ, ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ.

„იმ ფაქტებმა, რომელიც უკანასკნელ პერიოდში გახდა ცნობილი ტელევიზიით, ამ დამოკიდებულებაზე თავად გასცა პასუხი - უამრავ ადამიანს ამ ხელისუფლებაში, მაღალი რანგის პასუხისმგებლობის მქონე ადამიანს სწორედ ასეთი დამოკიდებულება აქვს თავისი ქვეყნის მოქალაქეებისადმი, იმ მოქალაქეებისადმი, რომლის სამსახურშიც ისინი დგანან. რაც ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ჩემთვის განსაკუთრებით მტკივნეულია, როდესაც ასეთი რამ მესმის დიპლომატისაგან. ეს არის ის სამსახური, რომელიც ჩემთვის სულერთი ვერ იქნება ვერასოდეს. ამიტომაც ვფიქრობ, რომ ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი“, - აცხადებს ირაკლი მენაღარიშვილი.

სამწუხაროდ არც ის კითხვაა, პასუხგაუცემელი, რამ მიგვიყვანა იქამდე, რასაც რამდენიმე დღეა, უკვე ცხადად ხედავს საზოგადოება. „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე დღეებში, როდესაც არნახული ძალადობის მოწმენი გავხდით, ხალხი გაჩუმდა. ძალადობა იყო თვით ამ ხელისუფლების მოსვლაც, რომელმაც ფაქტობრივად, არჩევნები მოიგო, მაგრამ პარლამენტის შენობა მაინც ძალით დაიკავა. ხალხი მაშინ ამან აღაფრთოვანა, იმიტომ, რომ პირველად, დიდი ხნის შემდეგ, საკუთარი ძალა იგრძნო. თუმცა ის, ვინც ხალხის ძალა საკუთარ ტრამპლინად გამოიყენა, მაშინვე განუდგა და მისი დათრგუნვა დაიწყო, ეს ძალა უკან რომ არ შემობრუნებოდა. ალბათ, სწორედ ამისთვის მოიფიქრეს წამების, ღირსების შელახვის ყველაზე საშინელი მეთოდები და გლდანის საკონცენტრაციო ბანაკში, დახურულ სივრცეში, საკუთარ ფანტაზიებს გასაქანი მისცეს. საზოგადოებას ხშირად ესმოდა რაც იქ ხდებოდა, თუმცა თვლიდა, რომ ეს მას არ ეხებოდა.

ირაკლი მენაღარიშვილი ამბობს, რომ კარგახანია ამაზე ბევრს საუბრობენ, მაგრამ სამწუხაროდ, არასათანადო კი არა, საერთოდ რეაქცია მსგავს მოვლენებზე არასდროს არ ყოფილა.

„დაწყებული ყველაზე მაღალი სახელმწიფო დონიდან, პარლამენტის მთავრობის ნებისმიერი ადგილობრივი მმართველობის ორგანოს და ბოლოს და ბოლოს საზოგადოებისგანაც. ახლა იმაზე წუწუნი, როგორ გამოგვრჩა თურმე ესა თუ ის ფაქტი, რომელიც თურმე ხდებოდა, უფრო ფარისევლობას ჰგავს, ვიდრე გულწრფელობას, ეს თავისთავად კიდევ უფრო საწყენია.

ახლა სიტუაციის განმუხტვა კი არა, მხოლოდ დამძიმება შეუძლია იმას, რომ ეს ამაზრზენი ფაქტები სხვა მიზეზებით ახსნან. დღეს გამართლებას ცდილობენ ისინი, ვისი მოვალეობაც ამისი აღკვეთა იყო. ქვეყანაში შეიძლება მოხდეს ამა თუ იმ სახის უმსგავსობა, ეს აღმაშფოთებელია, მაგრამ ბევრად უფრო აღმაშფოთებელია, როდესაც რეაგირება არის ისეთი, როგორიც ვნახეთ. ამიტომ, გულახდილად რომ გითხრათ, სერიოზული ოპტიმიზმის საფუძველი არ მგონია, ვინმეს ჰქონდეს“, - ამბობს მენაღარიშვილი.

რაც არ უნდა თავი იმართლოს ხელისუფლებამ, მაინც რჩება განცდა, რომ ძალადობა არის მისი მართვის სტილი, სისტემური პრობლემა კი არა მხოლოდ პენიტენციალურ სისტემაში, არამედ ნებისმიერ სხვა სფეროში გამოვლინდება. ბრიტანეთის ელჩის ქმედებასაც ძნელია, ახვაგვარი ახსნა მოუძებნო.

ვიქტორ დოლიძე: „ტყუილად არ დამიწერია განცხადება, ტყუილად არ დაუტოვებიათ სამსახური იმ ხალხს, ვინც დღეს ჩვენს გვერდით დგანან. იმის მიღმა რასაც საჯარო სამსახური ჰქვია, არსებობს ხალხის სამსახური. როდესაც ვნახეთ, რომ სააკაშვილმა საერთოდ გადაუხვია და ქვეყანას განვითარების შანსი მოუსპო, ამიტომაც პრინციპებიდან გამომდინარე, გადავდგით ეს ნაბიჯი. დიპლომატიური სამსახური იქნება თუ სხვა უწყება, პოლიტიზირებული არ უნდა იყოს, განსაკუთრებით დიპლომატიური კორპუსი. მსოფლიოში იცვლება ხელისუფლებები, მაგრამ უცვლელი რჩება დიპლომატიური კორპუსი, თუნდაც მისი გამოცდილებიდან გამომდინარე. ამიტომ, არ შეიძლება ის სახელმწიფო იარაღად აქციო, მაგრამ ამათ ეს არ იციან. ყველაფერი პოლიტიზირებულია და სადამდეც მიგვიყვანა ამან, ვნახეთ“.

დავით ზალკალიანი: „მართალია ხელისუფლებამ ეთერში გასული წამების კადრების შემდეგ აღიარა კრიზისი პენიტენციალურ სისტემაში, მაგრამ ეს ზოგადი პრობლემაა, და იმ სტრუქტურაში, რომელსაც 18 წელი ვემსახურებოდი, იქაც შეიმჩნევა. მხედველობაში მაქვს ის, რომ დიპლომატიური კორპუსი გამიჯნული უნდა იყოს პოლიტიკისგან და დიპლომატები ემსახურებიან საკუთარი ქვეყნის ინტერესებს - აღასრულებენ ქვეყნის საგარეო პოლიტიკას ქვეყნის გარეთ. სამწუხაროდ, ძალიან ბევრი ფაქტია, იმისა, რომ ჩვენი ქვეყნის საელჩოები მმართველი ელიტის სამსახურში არიან და არა საკუთარი ქვეყნის და ეს ძალიან სამწუხაროა. ეს მიუთითებს სწორედ იმაზე, რომ კრიზისია არა მხოლოდ პენიტენციალურ სისტემაში, არამედ სხვა მიმართულებითაც. როდესაც ელჩი ასეთი სიტყვებით მიმართავს თავის თანამოქალაქეებს, სწორედ ამისი დადასტურებაა“.

როგორც დავით ზალკალიანი ამბობს, რაც მოხდა საარჩევნო უბნებში ჩვენი მოქალაქეების დარეგისტრირებასთან დაკავშირებით, ხელოვნური ბარიერის შექმნით, თვითონ ბრძანება, რომელიც საგარეო საქმეთა მინისტრმა გამოსცა, მიუთითებს იმაზე, რომ ისინი არა ქვეყნის სამსახურში, არამედ მმართველი ელიტის, „ნაციონალური მოძრაობის“ სამსახურში არიან.

როგორც ჩანს, იმით კმაყოფილმა ხელისუფლებამ, რომ ციხეებს შიშის ზარს სცემდა, „რეფორმის“ მასშტაბების გაზრდა გადაწყვიტა, რჩება განცდა, რომ ყველა სტრუქტურას, ყველა უწყებას მითითება აქვთ მიცემული, ასე მოექცნენ საკუთარ ხალხს, შეურაცხჰყონ, დაამცირონ, გაანადგურონ.

ვიქტორ დოლიძე ამბობს, რომ დარწმუნებულია, ასეთი მითითებები და ინსტრუქციები ყველა უწყებაში უმაღლესი ხელისუფლებისგან გაიცემა.

„ბუნებრივია ეს მითითებაა, ინსტრუქციას ყველა საელჩო ღებულობს და ასეც უნდა იყოს, მაგრამ ეს უნდა ემსახურებოდეს სახელმწიფო ინტერესებს, როგორც კი შეიბღალა ეს ინტერესი, ჩვენ ვერ მივეცით საკუთარ თავს ამისი კეთების უფლება“ ,-ამბობს ვიქტორ დოლიძე.

მაია ფანჯიკიძე კი დარწმუნებულია, რომ ამ ხელისუფლების მართვის სტილისა და მეთოდების შესახებ უკვე ყველამ ყველაფერი იცის.

„ამაში ეჭვი არავის აღარ ეპარება. რაც არ უნდა ილაპარაკოს ამ ხელისუფლებამ, ის საბოლოოდ დისკრედიტირებულია და მას აღარაფერი აღარ ეშველება, რაც არ უნდა გვიმტკიცონ, რომ ამაში ვიღაცაა დამნაშავე. რაც ვნახეთ, ამაში დამნაშავეა ხელისუფლება და ხელისუფლება, რომელიც ამის უფლებას აძლევს თავს, მისი ელჩიც შესაბამისად იქცევა“,- აცხადებს მაია ფანჯიკიძე.

იმ შოკისმომგვრელი კადრების ტელეეთერით გასვლის შემდეგ ხელისუფლება გონს მოდის და დამნაშავეს სხვაგან ეძებს, ეგებ, ბრიტანეთიდან ელჩიც გამოიწვიოს, თუმცა როგორც გია ბუღაძე იტყოდა, „გაცოცხებულმა ვარდმა“ ძნელია, კვირტები გამოიბას და თუ ხალხი მაინც დაიჯერებს, რომ ცოცხი ყვავის, უნდა იცოდეს, რომ ათი დღის შემდეგ ეს მხოლოდ მისი გადასაწყვეტია.