ГРУ-მ ამერიკელ სენატორებს უკრაინელების სახელით ყალბი წერილები გაუგზავნა

ГРУ-მ ამერიკელ სენატორებს უკრაინელების სახელით ყალბი წერილები გაუგზავნა

რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სამმართველო (ГРУ) შეეცადა გავლენა მოეხდინა ამერიკელ პოლიტიკოსებზე უკრაინის საკითხთან დაკავშირებით. ამის შესახებ The Washington Post-ი ერთ-ერთი დასავლური ქვეყნის დაზვერვაზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის მონაცემებით, 2015 წელს 12-მა ამერიკელმა სენატორმა ელექტრონული ფოსტით ერთნაირი წერილები მიიღო. მათი ავტორი საკუთარ თავს ჯგუფ „უკრაინელი პატრიოტების“ წევრად მოიხსენიებდა. წერილი, რომელიც პრიმიტიული ინგლისურით იყო შედგენილი, ასე იწყებოდა:

„აშშ-ის კონგრესმენებო და სენატორებო! უკრაინაში სიტუაცია უკიდურესად მძიმეა... შეიარაღებულ ძალებში კოლოსალური კორუფციის დონეა. მაღალჩინოსანი ოფიცერი იარაღს ტერორისტებზე ყიდის“.

წერილი პეტიციას ეყრდნობოდა, რომელიც თავის მხრივ, უკრაინის საშველად მოუხმობდა სენატორებს. მათ „აშშ-დან და NAთO-დან გამოცდილი სპეციალისტების წარგზავნას სთხოვდნენ, რომლებიც უკრაინელ სამხედრო ხელმძღვანელებს შეცვლიდნენ.

„იმედი გვაქვს, გავლენას მოახდენთ თეთრ სახლზე, პენტაგონსა და სახელმწიფო დეპარტამენტზე და მიაღწევთ იმას, რომ დასავლელმა ოფიცრებმა უკრაინის შეიარაღებულ ძალებზე პირდაპირი კონტროლი დაამყარონ“, - ნათქვამი იყო პეტიციაში.

როგორც აღმოჩნდა, წერილები ГРУ-ს ქვედანაყოფიდან,  № 54777 სამხედრო ნაწილიდან, ან სპეციალური სამსახურის 72-ე ცალკეული ცენტრიდან გაიგზავნა, რომელიც ფსიქოლოგიური ომის წარმოებაზეა პასუხისმგებელი, - აცხადებენ გამოცემის წყაროები. მათი თქმით, ГРУ -ს ორი მიზანი ჰქონდა - უკრაინელების დემორალიზება და ამერიკელი პოლიტიკოსების დარწმუნება იმაში, რომ უკრაინელებმა საკუთარი არმიის მიმართ რწმენა დაკარგეს.

წერილს ამერიკელ პოლიტიკოსების პოზიციაზე გავლენა არ მოუხდენია, - ამტკიცებს The Washington Post-ი.