ბროდვეიდან თბილისში - ნუცა შანშიაშვილი თბილისში გრანდიოზულ სოლო-კონცერტს გამართავს

ბროდვეიდან თბილისში - ნუცა შანშიაშვილი თბილისში გრანდიოზულ სოლო-კონცერტს გამართავს

მომღერალი ნუცა შანშიაშვილი, საახალწლოდ თბილისში ჩამოდის და 2019 წელს სწორედ მის ქალაქში შეხვდება.

ნუცა მეუღლესთან და შვილთან ერთად ამერიკაში ცხოვრობს. მას ამერიკაში წარმატებული კარიერა აქვს, ხშირად აქვს კონცერტები და უამრავი თაყვანისმცემელიც ჰყავს.

ნუცა შანშიაშვილი 31 დეკემბერს, მთავარ საახალწლო ღონსიძიებაში მიიღებს მონაწილეობას და თაყვანისმცემლებს 2019 წლის დადგომას სცენიდან მიულოცავს.მთავარ საახალწლო ღონისძიებაზე, ნუცა მხოლოდ ერთ სიმღერას შეასრულებს, თუმცა 2 იანვარს „დორსში“ დაუვიწყარი კონცერტის ჩატარებას გეგმავს, სადაც მისი რეპერტუარიდან ახალ სიმღერებს შეასრულებს. სიმღერებს, რომლებსაც ამერიკაში ყველა იცნობს, მაგრამ საქართველოში ჯერ არ გაჟღერებულა.

დეტალურად კონცერტის და თბილისში ჩამოსვლის მიზეზებზე ნუცა შანშიაშვილი საუბრობს.

- დიდი ხანია ჩემს საყვარელ თბილისში ახალ წელს არ შევხვედრივარ, ამერიკაში ცხოვრობ, აქ მაქვს კარიერა, ოჯახი და ახალ წელს ყოველთვის აქ ვხვდები, თუმცა წელს ასე არ მოხდება და თბილისში ვიქნები ახალი წლის ღამეს. 31 დეკემბერს მთავარ საახალწლო ღონისძიებაზე ვმღერი ღია ცის ქვეშ, 2 იანვარს კი „დორსში“ მაქვს კონცერტი.

რას შესთავაზებთ მსმენელს?

- როდესაც გია გუმბერიძემ გაიგო, რომ ახალ წელს თბილისში ვიქნები, შემომთავაზა სოლო-კონცერტის გაკეთება. მართალია, მთლიან რეპერტუარს ვერ შევთავაზებ მსმენელს, მაგრამ ჩემი შემოქმედებიდან, ახალი, საუკეთესო სიმღერების მიქსს შევთავაზებ. „რობერტო კავალის“ კაბით მიხილავს მაყურებელი სცენაზე და მერწმუნეთ დაუვიწყარ კონცერტს ჩავატარებ.

რა ტრადიციას არ ღალატობთ ახალ ხელთან შეხვედრისას?

- მე არ მაქვს ტრადიციები. არ მინდა რამეზე დამოკიდებული ვიყო, მხოლოდ ღმერთის მჯერა, ეს არის და ეს.

კერძების მომზადებას თუ ახერხებთ დღესასწაულებზე?

- მე სულ კონცერტები მაქვს, ამიტომ ვერ ვახერხებ. მაგრამ ყოველთვის ქართული კერძები მაქვს სადღესასწაულო სუფრაზე. ამერიკაში შობა 25 იანვარს აღნიშნეს, ამიტომ წავედი, ქართული კერძები, ჩაქაფული, კუჭმაჭი, საცივი და სხვა კერძები ვიყიდე და ქართული სუფრით შევეგებე შობას.

ვიცი, რომ 14 აპრილს ნიუ-იორკში გრანდიოზული სოლო-კონცერტი გაქვთ დაგეგმილი...

- კი, ვემზადები დიდი სოლო-კონცერტისთვის. ერთ-ერთი მიზეზი რატომაც ჩამოვედი თბილისში ესეც არის, კონცერტის შემდეგ, ნიუ-იორკს უნდა გავუკეთო საჩუქარი. ამ ქალაქს უნდა ვაჩუქო მამაჩემის, მოქანდაკე ოთარ შანშიაშვილის ქალნდაკება, ბრონზეში და ლატუნში ჩამოსხმული ხელი. ნიუ-იორკმა აირჩია ეს ქანდაკება. ამიტომ ჩემთან ერთად პროდუსერებიც ჩამოდიან თბილისში და ამ საკითხსაც მოვავარებ „დორსში“ დაგეგმილი კონცერტის პარალელურად.