ბაკურ ბურდული:

ბაკურ ბურდული: "მე ასეთი სიცოცხლე მართლა აღარ მინდა"

მუსიკოსმა ბაკურ ბურდულმა პროტესტის ნიშნად ღირსების ორდენზე უარი განაცხადა. იგი შეურაცხყოფილია იმ ვიდეოკადრებით, რაც ბოლო დღეებში ტელევიზიებით ვრცელდება. მუსიკოსი მიიჩნევს, რომ ასეთ სიცოცხლეს, უბრალოდ, აზრი აღარ აქვს და ასეთ საშინელებაზე თვალის დახუჭვა აღარ შეიძლება.

For.ge ბაკურ ბურდულ ესაუბრა.

იყო 7 ნოემბერი, 26 მაისი, მაგრამ ასეთი პროტესტი მანამდე არ გამოგიხატავთ. ამ კადრების ნახვის შემდეგ კი ღირსების ორდენზე უარი განაცხადეთ.

- იცით, რა არის? 7 ნოემბერზეც და ყველა უსამართლობაზეც ყოველთვის ჩემი პროტესტი მქონდა. ამას მეგობრების წრეში ყოველთვის ვამბობდი. უბრალოდ, ძალიან არ მინდოდა, ამ ყველაფრისთვის პოლიტიკური დატვირთვა მიმეცა, რადგან ვთვლიდი, რომ, უბრალოდ, მე ვარ მუსიკოსი და არა პოლიტიკურ ცხოვრებაში აქტიურად ჩამრევი პიროვნება. მიმაჩნდა, რომ ყველამ თავისი საქმე უნდა აკეთოს. უბრალოდ, რაღაც ეს ბოლოდროინდელი მოვლენები იმდენად შოკის მომგველი იყო, რომ საერთოდ ვერ ვიჯერებ, მარტო მე რატომ გადავდგი ეს ნაბიჯი და სხვები ამას რატომ არ აკეთებენ?!

რას ნიშნავდა თქვენთვის ღირსების ორდენი, როცა თქვენ ის მიიღეთ, და რას ნიშნავდა ეს დღეები თქვენთვის, როცა მისგან გათავისუფლება გადაწყვიტეთ? შედარებითი თვალსაზრისით, რა დატვირთვა ჰქონდა ორდენის გადმოცემისა და დაბრუნების თარიღებს თქვენთვის?

- ჩემთვის იყო ძალიან დიდი იმედი, როცა ჩვენ გავაკეთეთ კლიპი „აფხაზეთზე“.  პირველსავე დღეებში დიდი სიამოვნებით მივიღე ამაში მონაწილეობა. მოგეხსენებათ, ჩვენი, ყველას ტკივილია აფხაზეთი. როგორ გითხრათ, რომ ახლა ერთი კლიპი აფხაზეთს დააბრუნებდა, მაგრამ ლამაზი იმედისთვის ეს კლიპი ღირდა. მთელ ქვეყანას მოსდებოდა ეს იმედი და ყველას გვიხაროდა, დიდი სიხარულითა და ოპტიმიზმით შევეჭიდეთ ამ საქმეს. რა ვიცი, როდესაც კარგ რაღაცას გიფასებენ, ბუნებრივია, ყველა ადამიანს უხარია. რაღა დაგიმალოთ, მეც გამიხარდა ეს ორდენი. მაგრამ, ბოლოს რაც ვნახე, უბრალოდ, გადავწყვიტე, რომ, საერთოდ, არანაირი კავშირი აღარ მინდა მქონდეს ამ ხელისუფლებასთან, რომლის მმართველობის დროსაც ასეთი რაღაცები ხდება.

იმ დროს გჯეროდათ, რომ სააკაშვილის პირობებში, სიმბოლურად და სიტყვიერად ნათქვამი ფრაზებით მართლაც დაბრუნდებოდა აფხაზეთი?

- ცხოვრებაში იმდენი რამ ხდება, რომ, არ ვიცი, ხანდახან ადამიანს ერთი პროცენტი იმედი აქვს და იმ ერთ პროცენტს ისე უყურებს, რომ უცებ ის ასი პროცენტი ხდება. მაგას ნამდვილად ვერ გეტყვით, დააბრუნებდა თუ არა აფხაზეთს, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, ძალიან დიდი იმედით ვუყურებდი ამ ყველაფერს. მართლა მჯეროდა და მინდოდა, უფრო მეტად დამეჯერებინა, მაგრამ ბოლოს რაც ვნახე, მივხვდი, რომ აღარანაირი აზრი არ ჰქონდა არაფერს. თუ არ ვცდები, ეს ორდენი სადღაც 2006-2007 წლებში მივიღე.     

ჩვენ გვახსოვს, რომ 26 მაისის დარბევის შემდეგ ინტელიგენციამ ბრწყინვალების ორდენები აიღო. იმ დროს დაჯილდოებულ ადამიანთა ჩამონათვალში არიან ცნობილი ადამიანები დავით ლორთქიფანიძე, რეჯებ და ნათელა ჟორდანიები, დავით საყვარელიძე (ოპერის დირექტორი), რუსუდან ფეტვიაშვილი... ალბათ, მათ მიმართ რაიმეს მოწოდების გაკეთებისგან თავს შეიკავებთ, მაგრამ ფიქრობთ თუ არა, რომ ამ ადამიანებმა თავიანთი მოქალაქეობრივი პოზიცია უნდა გამოხატონ სწორედ ახლა, ამ კადრების ნახვის შემდეგ?  

- ერთ რამეს ვიტყვი, რომ მართლა არ არის ჩემი საქმე, ვინ რა მედალს აიღებს ან რა მედალს დააბრუნებს. უბრალოდ, მე როგორც ჩავთვალე საჭიროდ, ისე გავაკეთე. ყველა ადამიანს თვალები აქვს, ყურები აქვს და ყველაფერი კარგად ესმის. დანარჩენი მათზე მიმინდვია. ისეთი რამ მოხდა, რომ აქ უკვე ლაპარაკიც ზედმეტია. ამიტომ, ყველა ისე მოიქცევა, როგორც ჩათვლის საჭიროდ. თუმცა 26 მაისის შემდეგ, ბუნებრივია, რომ საზოგადოების რეაქცია ამ მედლების მიმღებთა მიმართ უარყოფითი იქნებოდა. ეს იყო აბსოლუტურად ადექვატური იმისა, რაც ხდებოდა. დღეს კი ამდენის მოთმენა მართლაც აღარ შეიძლება, რადგან ასე ძაღლებივით უსწორდებიან ადამიანებს. ამდენად, ყველანაირ კავშირს ვწყვეტ ამ ხელისუფლებასთან.

ანუ თქვენთვის ეს ღირსების ორდენი უკვე დამამძიმებელი იყო, რადგან ქვეყანაში ღირსება გათელილია?

- რომელ ღირსებაზეა საუბარი, როცა ასეთი რამ ვნახეთ. რომელ ევროსტრუქტურებში გაერთიანებაზე და რომელ ევროკავშირზე ვლაპარაკობთ, როცა ასეთ რამეს ვაკეთებთ ჩვენს ქვეყანაში?! ეს არის ჩვეულებრივი ფაშიზმი. ეს არის ინკვიზიცია, წამება და უბედურება. ეს არის საკონცენტრაციო ბანაკი და არა ციხე. იმ პატიმარს, იმ საწყალს ხომ აქვს თავისი უფლება და ღირსება?! მათთვის ვინმეს რომ ეთქვა, მოგკლა თუ გაწამოო, შეიძლება, ბევრს ეთქვა, მომკალიო. რა ადამიანობაზე ვლაპარაკობთ ახლა, მართლა ვერ გავიგე. მე ასე ვთვლი, რომ ყველაფერი ჩვენი ბრალია, რადგან ამ ხელისუფლების სულ ყველაზე პატარა, პირველ შეცდომაზე ამხელა პროტესტი რომ გამოგვეთქვა, ეს საქმე აქამდე არ მივიდოდა. ეს არის ჩვენი ძალიან არაადამიანური საქციელის - გულგრილობის ბრალი. ყველანი ჩვენ თავს ვუფრთხილდებით და ბოლოს იქამდე მივდივართ, სანამ ჩვენიანი არ მოკვდება ციხეში, მანამდე ეს თემა ჩვენთან ახლოს არ მოდის. ასეთი განწყობით ცხოვრება როდესღაც ხომ უნდა დავამთავროთ?! მე ასეთი სიცოცხლე და ასეთ საქართველოში ცხოვრება მართლა აღარ მინდა.    

ბოლო დღეებში მერაბ სეფაშვილის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება წამოვიდა. მართალია, მოგვიანებით მომღერალმა თითქოს გამოხატა სათქმელი, დაგმო ციხეში მომხდარი, მაგრამ რეალობაა, რომ წლების განმავლობაში საქართველოში სახელისუფლო მუსიკოსების პრეცენდენტი არსებობდა. ახლაც მერაბ სეფაშვილისა და ბუბა კიკაბიძის ვარსკვლავები მომიტინგეებმა საღებავით შეღებეს. როგორც ჩანს, გლდანის ციხეში პატიმრების მიმართ გამოხატულმა აგრესიამ ჩვეულებრივი ხელოვანების მიმართაც აგრესია გამოიწვია და მათგან ახლა მაინც მოითხოვენ პოზიციის შეცვლას.

- ნებისმიერი აგრესიის წინააღმდეგი ვარ, მაგრამ ძალიან ბევრ ხელოვანს და არახელოვანსაც, ჩემი აზრით, სურს, გამოთქვას თავიასი ნამდვილი აზრი, მაგრამ, უბრალოდ, ძალიან ეშინიათ.

რისი ეშინიათ, ხელისუფლებას მათ წინააღმდეგ კომპრომატები აქვს?

- არა, უბრალოდ, ისეთ რამეზე შეიძლება წავიდნენ და ისეთ დღეში ჩააგდონ ადამიანები, რომ შარში თავის გაყოფა არავის უნდა. ამიტომ, ეს ადამიანები ჩუმად არიან. თუმცა პირადად მე, რაც ვნახე, გადავწყვიტე, რომ აღარასოდეს აღარ გავჩერდები. მე ვთვლი, რომ ეს ადამიანები უნდა დაისაჯონ, მაგრამ ისინი ყველაზე ნაკლებად უნდა დაისაჯონ, ვიდრე ისინი, ვინც ბრძანებებს იძლეოდა. თუმცა, ამ ადამიანებს ჰქონდათ არჩევანი - წასულიყვნენ სამსახურიდან და პატიმრები არ ეწამებინათ. ახლა ხელისუფლებას მარტო ბადრაგის თავზე უნდათ ყველაფრის გადატეხვა, ასე არ არის. ჩვენმა პრეზიდენტმა თავის თავზე ძალიან ბევრი რამ უნდა აიღოს. თუ მან არ იცოდა, რაც იქ ხდებოდა, მაშინ, რისი პრეზიდენტია, მე ვერ გავიგე?!

ფიქრობ, იგი უნდა გადადგეს?

- ჩემი აზრით, თუ რომელიმე ხელისუფლების დროს ასეთი რამ მოხდება, შეიძლება, ვიღაც არ იყოს ამაში დამნაშავე, მაგრამ მან ადამიანურად თავის თავს არ უნდა აპატიოს, რომ ამის შესახებ არ იცოდა. შენ თუ ამხელა ქვეყანა გაბარია და ეს არ იცი, მაშინ შენ არ ხარ შენი საქმის კარგი გამკეთებელი.