90 ჰოსპიტალის შეკეთება 100 საავადმყოფოს აშენების სანაცვლოდ

90 ჰოსპიტალის შეკეთება 100 საავადმყოფოს აშენების სანაცვლოდ

ჯანდაცვის მიმართულებით სულ ცხელ-ცხელი გეგმები ვრცელდება. 100 საავადმყოფოს პროექტი როგორი “წარმატებითაც” ჩაატარა მთავრობამ, ყველას კარგად მოეხსენება, ახლა კი მორიგი ჰოსპიტალური გარღვევა ჩაიფიქრა. 

სახელმწიფო უახლოეს წლებში სულ 90-მდე ჰოსპიტალის რეკონსტრუქციას ან ხელახლა აშენებას გეგმავს. პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე მყოფმა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, მიხეილ დოლიძემ დეპუტატებს ჰოსპიტალურ სექტორში მიმდინარე რეფორმის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

როგორც დოლიძემ განმარტა, ქვეყანაში სულ 90-მდე ჰოსპიტალის რეკონსტრუქცია ან ხელახლა აშენება იგეგმება და შესაბამის სამუშაოებს როგორც სახელმწიფო ბიუჯეტი, ისე კერძო ინვესტორები და საერთაშორისო დონორები აფინანსებენ. მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ჰოსპიტალების გარდა, ქვეყანაში ამბულატორიების, კერძოდ, პირველადი ჯანდაცვის ობიექტების ჩამოყალიბებაც იგეგმება.
მინისტრის მოადგილე პირობას დებს, რომ თუ პროცესს ხელი არ შეეშალა, ჰოსპიტალების დიდი ნაწილის მშენებლობა-რეკონსტრუქცია 2012 წლისთვის დასრულებული იქნება. მისივე განმარტებით, მცირე ჰოსპიტალების მშენებლობის დასრულება 2011 წლის დეკემბრისთვის იგეგმება, ხოლო მსხვილი ჰოსპიტალების - 2012 წლისთვის.

მინისტრის მოადგილემ ასევე განმარტა, რომ მცირე ზომის ჰოსპიტალია დაწესებულება, სადაც 50-ზე ნაკლები საწოლია, ხოლო მსხვილია ჰოსპიტალი, რომელშიც 50-ზე მეტი საწოლი იქნება.

იმასთვის, რომ ეს და სხვა პროექტები სისრულეში მოვიდეს, ჯანდაცვის მინისტრმა ანდრია ურუშაძემ ბიზნესმენებს ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმები გააცნო. როგორც”სასტუმრო “შერატონ მეტეხი პალასში” ჯანდაცვის მინისტრმა საქართველოს ბიზნეს–ასოციაციის წევრებს განუცხადა, კერძო და სამთავრობო სტრუქტურების ურთიერთთანამშრომლობისთვის ჯანდაცვის სექტორი ხელსაყრელია ინვესტიციების განსახორციელებლად.

“ბიზნესმენებისთვის ყველაზე საინტერესო, ალბათ, ჯანდაცვის სექტორია, სადაც მათ ინვესტიციების განხორციელება შეუძლიათ, როგორც საინფორმაციო ტექნოლოგიებით, ასევე – ჰოსპიტალური სექტორის განვითარებისთვის”, - განაცხადა ურუშაძემ.

საქართველოს ბიზნეს-ასოციაციის წარმომადგენლის, გიორგი ჭირაქაძის განცხადებით, ჯანდაცვის სექტორში ინვესტიციების განხორციელება ბიზნესმენების ინტერესს იწვევს არა მარტო საქართველოში, არამედ საქართველოს ფარგლებს გარეთაც.

მიუხედავად მთავრობის მცდელობისა (ძირითადად – წარუმატებელი) ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა საქართველოში დაბალია. მოსახლეობას არ აქვს იმის საშუალება, რომ გამოკვლევა, პროფილაქტიკა, მკურნალობა, ოპერაცია დროულად ჩაიტაროს. საქართველოს მოქალაქეები ექიმთან მხოლოდ მაშინ მიდიან, როდესაც უკიდურესი აუცილებლობა აიძულებს. ეს ყველაფერი კი ხელმოკლეობასთან და სოციალურ პრობლემებთან არის დაკავშირებული.


მეტიც – მოსახლეობის დიდ ნაწილს ეგზომ გაძვირებული მედიკამენტების შეძენისა და სრულფასოვანი სამკურნალო პროცედურის ჩატარების საშუალებაც კი არ აქვს. ამას ადასტურებს თვით ფარმაცევტული კომპანიების წარმოდგენილი სტატისტიკაც.
კომპანია “ავერსის” გენერალური დირექტორის, პაატა კურტანიძის ინფორმაციით, საქართველოში ერთ სულ მოსახლეზე წელიწადში 40 დოლარის წამლები იხარჯება მაშინ, როცა ანალოგიური მაჩვენებელი უკრაინაში - 70, ესტონეთში - 600, ხოლო აშშ-ში - 5 000 დოლარს შეადგენს.

კურტანიძის თქმით, საქართველოში მედიკამენტების ფასი ევროპული და ამერიკულია, ხოლო სამედიცინო მომსახურებისა - საბჭოური, ანუ ევროპასა თუ ამერიკაში არსებულზე 10-ჯერ, 15-ჯერ და ზოგ შემთხვევაში 50-ჯერ ნაკლები.

მაგალითისათვის, კურტანიძემ მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია დაასახელა, რომელიც პაციენტს საქართველოში, იმავე “ავერსის” კლინიკაში 125 ევრო ღირს, გერმანიაში კი - 750 ევრო. ამასთან, გერმანიაში, არც შესაბამისი სამედიცინო აპარატია უკეთესი და არც ექიმის კვალიფიკაცია. კურტანიძის თქმით, საქართველოში ექიმის კონსულტაცია 15-დან 20 ევრომდე მერყეობს, ევროპაში კი, საშუალოდ, 100 ევრო ღირს.