"ვერ გაგცემთ პასუხს" - ხორავას ქუჩის საქმეზე გამოკითხული არასრულწლოვნები არ საუბრობენ

შინაგან საქმეთა სამინისტროში ხორავას ქუჩის მომხდარი მკვლელობის საქმეზე თვითმხილველი არასრულწლოვანების გამოკითხვა გრძელდება. პოლიციამ, სკოლის ის მოსწავლეები გამოკითხა, ვინც მკვლელობის უშუალო თვითმხილველია.

ამ დროისთვის გამოკითხული არ არის მიხეილ კალანდია, რომლის დაკავებას მოკლული დავით სარალიძის მამა, უკვე ერთი წელია მოითხოვს.

"ვერაფერზე ვერ გაგცემთ პასუხს," -ამბობს ერთ-ერთი მოწმე.

„ინფორმაციის გაცემისგან ვარ შეზღუდული, იმიტომ, რომ მე და ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი, ორივე გაფრთხილებულები ვართ გაუთქმელობაზე," - განაცხადა ერთ-ერთი მოზარდის ადვოკატმა.

რამდენიმე არასრულწლოვნის ადვოკატები არ გამორიცხავენ, რომ სწორედ ეს გამოკითხვები უკავშირდება შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას ვიზიტს პარლამენტში.

"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ამ ინციდენტში იყო გამშველებელი, მაგრამ შემდგომში გამოძიებას მისცა ამომწურავი ჩვენება, მაგრამ ახლა პარლამენტის საგამოძიებო კომისიის დასკვნიდან გამომდინარე, შესაძლებელია, რაიმე ახალი კითხვა იყოს გამოძიების მხრიდან ჩემი დაცვის ქვეშ მყოფთან მიმართებაში ამ ინციდენტთან დაკავშირებით ან არ გამოვრიცხავ, რომ სულ სხვა სახის კითხვა იყოს," - ამბობს ადვოკატი, თამარ აბესაძე.