182–ე სკოლის დირექტორი იძულებით გაათავისუფლეს და დირექტორად მანდატური გოგონა დანიშნეს

182–ე სკოლის დირექტორი იძულებით გაათავისუფლეს და დირექტორად მანდატური გოგონა დანიშნეს

სკოლებში მანდატურების გადირექტორების პროცესი გრძელდება – პრესა.გე–ს მიერ, ერთ–ერთი პედაგოგისგან მოპოვებული ინფორმაციით, ვარკეთილში, 182–ე საჯარო სკოლის დირექტორი, არჩილ ჩხაიძე აიძულეს დაეწერა განცხადება, თანამდებობიდან წასვლის თაობაზე, რის შემდეგაც მის ნაცვლად მანდატური დანიშნეს.

 

სკოლის პედაგოგებისთვის ჯერჯერობით უცნობია გადირექტორებული მანდატურის გვარი. მათ მხოლოდ ის იციან, რომ მანდატური 30 წლისაა და სახელად სოფო ჰქვია.

 

ამასთან, სანამ არჩილ ჩხაიძე განცხადებას დაწერდა,  სკოლის პედაგოგებს მის დასაცავად დაგეგმილი ჰქონდათ საპროტესტო აქციის მოწყობა, მაგრამ ეს თავად ჩხაიძის თხოვნით არ გააკეთეს – “ჩვენს ყოფილ დირექტორს დაემუქრნენ და ბატონმა არჩილმა გვთხოვა, რომ საპროტესტო აქცია არ გაგვემართა, რადგან ამით ვითარებას კიდევ უფრო დავამძიმებდით“.

 

დიდი წვალებისა და დავიდარაბის შემდეგ, პრესა.გე–მ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პრესსამსახურის უფროსთან, ნინო პოტჟებსკაიასთან ტელეფონით დაკავშირება შეძლო. მას ვთხოვეთ დაგვხმარებოდა იმის გარკვევაში, თუ  რატომ აიძულეს 182–ე სკოლის დირექტორი გათავისუფლების შესახებ განცხადება დაეწერა, რის შემდეგაც დირექტორად მანდატური დაინიშნა.

 

პოტჟებსკაიამ მოგვიგო – “ჩვენ ასეთ საკითხებზე კომენტარს არ ვაკეთებთ“. როცა კითხვა შევუბრუნეთ, რატომ არ აკეთებთ კომენტარს–თქო, ყურმილი დაგვიკიდა.

 

ინტერნეტ–ტელევიზია itv.ge-ს მიერ მოპოვებული და დადასტურებული ინფორმაციით, 157–ე საჯარო სკოლაში დირექტორად მანდატური  შორენა ბუნტურია დანიშნეს;  152–ე და 124–ე სკოლების დირექტორებმა კი განცხადება დაწერეს, გათავისუფლების შესახებ.

 

“დირექტორების დირექტორი“, ანუ “სკოლების დირექტორთა ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორი, თეა თუთბერიძე, რომელიც განათლების მინისტრთან დაპირისპირებულია, ირწმუნება, რომ 152–ე და 124–ე სკოლების დირექტორებად მანდატურების დანიშვნაა გადაწყვეტილი.

თუთბერიძის ინფორმაციით, იგივე მოხდება 130–ე სკოლაშიც.