"2019 წელი საინტერესო წელი იქნება, რომელიც გამოაჩენს ძალთა ბალანს. წლის პირველ ნახევარში გამოჩნდებიან კონკრეტული ძალები, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში" - ასეთ პროგნოზს აკეთებს პოლიტოლოგი ვახტანგ მაისაია, რომელსაც "რეზონანსი" მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებაზე ესაუბრა.
"რეზონანსი": გაერთიანებული ოპოზიციის დღის წერიგიდან გამომდინარე, რომელიც ცდილობს შენარჩუნოს პოლიტიკური დინამიკა, ექსპერთა გარკვეული ნაწილი არ გამორიცხავს, რომ ხელისუფლებას მოუწევს დაელაპარაკოს ოპოზიციას საარჩევნო სისტემის შეცვლასა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების თაობაზე. ეთანხმებით ამ მოსაზრებას?
ვახტანგ მაისაია: სიტუაცია საკმაოდ დაძაბულია და პროცესებიც რთულად მიდის; რა თქმა უნდა ეს უკავშირდება ბევრ ფაქტორს, მათ შორის, საპრეზიდენტო არჩევნებს, რომელიც მძიმე დაპირისპირების ფონზე წარიმართა. საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების დასკვნის შემდეგაც, ოპოზიცია როლიდან ვერ გამოდის და აგრძელებს არათანმიმდევრულ და არაადეკვატურ ქმედებას, რაც გამოიხატება მათსავე მოთხოვნებში. ანუ თუ არ აღიარებენ არჩევნების შედეგებს, რატომ ითხოვენ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს, წესით უნდა მოთიხოვონ საპრეზიდენტო არჩევნების ხელახლა ჩატარება.
სამწუხაროდ, ცნობილი ფსიქიატრი ავლიპ ზურაბიშვილი ცოცხალი არ არის, თორმე ის დასვამდა დიაგნოზს ოპოზიციისა და განსაკუთრებით მისი ლიდერის სააკაშვილის არაადეკვატურ გამონათქვამებსა და მოქმედებებზე, რომელიც ულტრამარგინალი გახდა და პოლიტიკური მარათონის რბოლაში ჟირინოვსკიც ჩამოიტოვა. ფაქტია, რომ ოპოზიციას ლიდერი აღარ ჰყავს, გრიგოლ ვაშაძეს, რომელსაც ადრეც არ ჰქონდა ქარიზმა, აშკარად ეტყობა, რომ დაეწყო პოლიტიკური დეპრესია. თუ ვინმე დღეს გაერთიანებულ ოპოზიციაში ლიდერის ფუნქციას ასრულებს, გიორგი ვაშაძეა, მაგრამ ისიც დაბნეულია. ველისციხის ამბებმა და ლიდერშიფის არქონამ "ნაციონალურ მოძრაობაში" ქაოსი გააჩინა. "ევროპულმა საქართველომაც" თავისი შედეგი აჩვენა, მისი რეიტინგი უფრო და უფრო ეცემა. მათ გუნდშიც არ არის ერთობა. იქაც ბოკერია-უგულავას შორის დაპირისპირებაა ამა თუ იმ საკითხთან მიმართებაში.
"რ": ანუ ოპოზიცია სასურველ შედეგს ვერ მიაღწევს, ხელისუფლება მათ მოთხოვნებს არ დათანხმდება?
ვ.მ: მეც არ მომწონს დღეს მოქმედი საარჩევნო სისტემა და მიმაჩნია, რომ უნდა გაუქმდეს მაჟორიტარული სისტემა და არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდეს, კარგი იყო, რომ ეს მომხადრიყო 2020 წლის საპარლამენტო არჩევნემადე, მაგრამ, როგორც ჩანს რეალურად შეუძლებელია და დიდი ალბათობით ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები თეორიად დარჩება. თუმცა 2019 წელი, ჩემი აზრით, საინტერესო წელი იქნება, რომელიც გამოაჩენს ძალთა ბალანსს. მომავალი წლის პირველ ნახევაში აუცილებლად გამოჩნდებიან კონკრეტული პოლიტიკური ძალები, რომლებიც მონაწილოებას მიიღებენ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში და გარემოც კონკურენტული იქნება.