სად ხართ ნანუკა, ნუკი, მაია?

სად ხართ ნანუკა, ნუკი, მაია?

წინა კვირას პატიმრების წამების ამსახველი ვიდეოჩანაწერების გამოქვეყნებამ სრულიად საქართველო ფეხზე დააყენა. თუ ჩვენი საზოგადოების გარკვეულ ნაწილს ჯერ კიდევ სჯეროდა რომ ქვეყანა სწორი გზით ვითარდებოდა, მათაც თვალი აეხილათ და მმართველი ხელისუფლების წინააღმდეგ გაილაშქრა.

დღეს ალბათ არ ღირს იმაზე საუბარი, ციხეებში არსებული მდგომარეობის შესახებ ხმა ადრე რატომ არ ავიმაღლეთ. ბოლო წლების განმავლობაში პატიმრების წამების არაერთი ფაქტი გავრცელდა. სამწუხაროდ ადამიანის ბუნება ისეა მოწყობილი, რომ ამა თუ იმ მოვლენას სანამ საკუთარი თვალით არ დააფიქსირებს, არ სჯერა და პასიური მაყურებლის როლში იმყოფება.

ასევე არ ღირს იმის მტკიცებაც, რომ სატელევიზიო ჩანაწერები მავანმა და მავანმა პირადი შურისძიებისთვის გამოიყენა, ზოგიერთებმა კი მოსახლეობის ქუჩაში გამოსაყვანად, მოსალოდნელი დესტაბილიზაციისთვის და არჩევნების სავარაუდო ჩაშლისთვის მოინდომა.

ფაქტი სახეზეა - ქვეყანა ალმოდებულ გემს დაემსგავსა და „ნაციონალური მოძრაობის“ დასამარების აღსასრული დააჩქარა.

დღევანდელ წერილში ბოლო დღეების ქართული მას-მედიის ერთგვარ დაიჯესტს შემოგთავაზებთ. დამაინტერესა და მიმდინარე პროცესებზე თანამემამულე ხელოვანების რეაქციებს გავეცანი. აღმოვაჩინე რომ ამ სფეროში მოღვაწე არაერთმა ცნობილმა სახემ ციხეებში დაფიქსირებული სასირცხვილო ფაქტები კი დაგმო, მაგრამ მიხეილ სააკაშვილისა და მისი გუნდის მიმართ ერთგულება მაინც შეინარჩუნა.

თავდაპირველად წერილის სათაურში დასახელებული ქალბატონების შესახებ. იმ დროს როდესაც სრულიად საქართველო დამთრგუნავი ემოციების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა, ნუკი კოშკელიშვილი დილაობით თითქოს ქვეყანაში არაფერი მომხდარა, თავის გადაცემას ომახიანად და სიცილ-ხარხარში აგრძელებდა. დავიჯერო რომ ნუკიმ წინა დღეს გავრცელებული საზარელი კადრები არ იხილა? რა ეცინებოდა და ეცეკვებოდა? თავისი თავის თავად იკითხოს და ნანახით გაოგნებული ქვეყნის მოსახლეობისთვის პატივი არ უნდა ეცა? ბოლოს და ბოლოს „რუსთავი - 2“-ის დილის გადაცემის წამყვანებმა, მაისურებით „არა ძალადობას“ ეს ფაქტი გააპროტესტეს. ნუკი კი, ჩვენი ნუკი, მოკლე კაბით სტუდიაში დახტოდა და საქართველოში დალხენილი ცხოვრების აგიტაციას ეწეოდა.

მაინტერესებს, ხმა რატომ არ ამოიღო „პოპულარულმა ტელეწამყვანმა“ მაია ასათიანმა და ყველასათვის „საყვარელმა“ ნანუკამ. მესმის, რომ ისეთ ორგანიზაციაში მუშაობენ, სადაც ამჟამინდელ რეჟიმს ვერ გააკრიტიკებენ, მაგრამ იგივე ბუბა კიკაბიძემ, მერაბ სეფაშვილმა და ნიკა მემანიშვილმა საკუთარი პოზიციები უკვე დააფიქსირეს.

ნანუკაზე და მაიაზე მაღალი აზრის არასოდეს ვყოფილვარ. თავიანთ გადაცემებში სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მცხოვრები ჩვენი არაერთი თანამემამულის ისტორიების გაცნობისას ცრემლს ხშირად ღვრიან, მაგრამ სამწუხაროდ ეს მათი გულიდან წამოსული წუხილი არ გახლავთ. არ გრცხვენიათ, ქალბატონებო, თუნდაც არასრულწლოვანის ცემის ამბავმაც არ იმოქმედა თქვენზე? ამ მთავრობის ერთ-ერთი დიდი დანაშაული ისიც გახლავთ, რომ მან ქვეყნის მოსახლეობის გარკვეული ნაწილის მორალურ გახრწნას შეუწყო ხელი. არ მინდოდა ეს მოსაზრება მაიას, ნანუკასა და ნუკის მიმართ გამომეთქვა, მაგრამ მათმა საქციელმა სხვა გზა არ დამიტოვა.

ზემოთჩამოთვლილ ქალბატონებზე უფრო „გაბედული“ ნინა წკრიალაშვილი აღმოჩნდა. მან საკუთარი პოზიცია ღიად დააფიქსირა.

„დავიწყოთ იქიდან, რომ მომწონს იმ გუნდის მიმართულება და იდეები, რომელსაც მხარს ვუჭერ. იმიტომაც ვარ სახელმწიფო სამსახურში, მაგრამ რომც არ ვიყო, მაინც "ნაციონალებს" დავუჭერდი მხარს. ბრმა უნდა იყო, რომ ვერ დაინახო, რა გაკეთდა და კეთდება. ქვეყანა აშენდა ბოლო წლების განმავლობაში და ზოგი სახლის აშენებას ვერ ამთავრებს ამ დროში. როგორც მოქალაქე, მომღერალი და ამომრჩეველი ღიად გამოვხატავ ჩემს სიმპათიას. თუკი ეს ძალა არ გაიმარჯვებს, ამ ქვეყანაში ცხოვრება აღარ მინდა. არც ის მინდა, რომ აქ ჩემმა შვილმა იცხოვროს. არ მინდა, სიბნელეში ვიყო, თუმცა აქ უშუქობას არ ვგულისხმობ. ამას ვერ გადავიტან და თავს მოვიკლავ!..”

მინდა მკითხველმა იცოდეს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი კიდევ რამდენიმე ცნობილი ქალბატონია.

ეთერ კაკულია:

- როგორც ყველა ადამიანი, მეც აზრზე ვარ, რა ხდება ქვეყანაში.

ახლა თქვენგვერდით პრეზიდენტი რომ იყოს, რას ჰკითხავდით?

- მან იმდენი რამ გააკეთა, გაოგნებული ვარ. მთელი საქართველო გალამაზებულია. შეკითხვა არ მაქვს.

თუ შეგიძლიათ, მიხეილ სააკაშვილი ორი სიტყვით დაახასიათეთ.

- პრეზიდენტი ძალიან მიყვარს.

ნაციონალური მოძრაობისმხარდამჭერ კონცერტებში მონაწილეობთ, არა?

- დიახ, დიახ.

ჰონორარით კმაყოფილი ხართ?

- ჰონორარს საერთოდ არ გვაძლევენ, ქველმოქმედებას ვეწევით.

ნინო ჩხეიძე:

„ვიზიარებ „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართულებას და ამიტომ გამოვდივარ მისი სახელით, მომწონს ბევრი რამ, რაც გაკეთდა. ადრე თბილისში ნორმალურად ვერ გაივლიდი, ახლა კი არა მხოლოდ თბილისმა, არამედ ბევრმა სხვა ქალაქმაც ევროპული იერი შეიძინა. მიხარია ყველგან ჩასვლა. უშუქოდ და უგაზოდ რომ აღარ ვსხედვართ, ამაზე აღარ ვლაპარაკობ. ადამიანებს დაავიწყდათ როგორი პირობები იყო.“

ალბათ სრულიად საქართველომ მხატვარი რუსუდან ფეტვიაშვილის სახელიც კარგად უნდა დაიმახსოვროს. „ტელევიზორს არ ვუყურებ და რა ხდებაო“ - აქეთ რომ იკითხა.

„დემოკრატიული მოძრაობის“ პრეს-სპიკერ ბაკურ ბაკურაძეს მოვუსმინოთ:

„გუშინ „პოლიტმეტრში" განსაკუთრებულ სისასტიკესთან ერთად (ცნობილი ვიდეოკადრები) განსაკუთრებულ უტიფრობა ვიხილე. დარჩიაშვილზე საუბარი ალბათ ზედმეტია, მაგრამ რუსუდან ფეტვიაშვილი, ვითომ აპოლიტიკური, ტელევიზორს რომ არ უყურებს ის გოგოა, რომელიც ზუსტად ვიცი, რომ რამდენიმე წლის წინ, ნინო ბურჯანაძეს ევედრებოდა, გვიშველე რამე, ეს სადისტები და გარეწრები მოაშორე ამ ქვეყანასო. როდის გახდა მიშა მისთვის უშუალო და ალალი? კაფე რომ გაუხსნა ბათუმში იმის შემდეგ? უზნეობაა", - აცხადებს ბაკურაძე.

საქართველოში ბოლო დღეებში განვითარებულმა მოვლენებმა ჩვენს საზოგადოებას ნიღაბი ახადა. პატიმრების წამების ჩანაწერების ჩვენების შემდეგ, თითქოსდა პასიური სტუდენტობა ქუჩაში გამოვიდა. სიმართლე გითხრათ, მათი საქციელი გამიკვირდა, რადგან თავის დროზე ნოემბრისა და მაისის მანიფესტაციების დარბევა არ გაუპროტესტებიათ. დიდი მადლობა ქართველ ახალგაზრდებს. მათ საკუთარი ქმედებებით ქვეყანას ნამუსი მოსწმინდეს. დარწმუნებული ვარ, მიხეილმა თუ კიდევ გაბედა და არჩევნები გააყალბა, მისი თავიდან მოშორების მისიას სტუდენტები ყოველგვარი პოლიტიკური პარტიების ჩარევის გარეშე მიაღწევენ. იმედი მაქვს რომ ამ საქმეში სრულიად საქართველო ახალგაზრდებს გვერდში დაუდგება.

ბევრს ვსაუბრობ და კიდევ ერთი პიროვნება გამომრჩა. არ იცით, სად იმყოფება „პოპულარული შოუმენი“ დუტა სხირტლაძე? დუტას ახლობელი და ნებისმიერი ქართველის მეგობარი ბიჭის იმიჯი გააჩნია. კი ცდილობს ამ როლის შესრულებას, მაგრამ რაც ბრძანდება, თითოეულმა ჩვენთაგანმა კარგად იცის. სად ხარ დუტა? რატომ არ იღებ ხმას? მიგაჩნია რომ საპატიმროებში “ბაჩუკის“ ქვეშევრდომები სწორად იქცეოდნენ?

დუტაზე გესაუბრებით და სოფო ნიჟარაძეც გამახსენდა. „ნიჭიერში“ მაყურებელმა მუდმივი ცრემლების ღვრით რომ დაიმახსოვრა, ნაწამებმა პატიმრებმა კი მისგან თანაგრძნობის ერთი სიტყვაც ვერ დაიმსახურეს. ამ წერილზე მუშაობის დროს გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაჩი ცაგურია სწორედ რომ სოფო ნიჟარაძის გამო დააპატიმრეს. მაპატიე, ჩემო სოფო, მაგრამ ალბათ შენთვის სცენაზე მეტი ცოცხი უნდა შემოეგდოთ.

ხვალ და ზეგ საქართველო „ნაცებისაგან“ თავისუფალი იქნება. მაინტერესებს თუნდაც ზემოთდასახელებული პიროვნებები ახალი ფორმაციის ქვეყანაში ცხოვრებას როგორ აპირებენ. ქართველი ხალხი მიმტევებელია, მაგრამ მის მოთმინებასაც საზღვარი გააჩნია. სანამ დროა, გამოფხიზლდით ნუკი, მაია, ნანუკა, სოფო, ბუბა, მერაბ, ნინო, ნინა და სხვებო. ისე არ დაგემართოთ, როგორც ლელა წურწუმიას. გავრცელებული ცნობით, სამტრედიაში მის კონცერტს მხოლოდ ოციოდე ადამიანი თუ დაესწრო.

ერთ კვირაში საპარლამენტო არჩევნები მოგველის. იმედია, რომ ქართველები სწორ გადაწყვეტილებას მივიღებთ და მიშას, მის გუნდს, ასევე მათ ირგვლივ მოტრიალე მედროვეებს ადგილს ისტორიის სანაგვეზე მივუჩენთ.