სამსახიობო გზის დასაწყისში ბატონ სერგო ზაქარიაძეს ერთი კურიოზი შეემთხვა, რომელსაც ცხოვრების განმავლობაში არაერთხელ იხსენებდა.
სერგო ზაქარიაძე თეატრალურ სტუდიაში პირველ ნაბიჯებს დგამდა, როდესაც თბილისში საგასტროლოდ მოსკოვის მცირე თეატრი ჩამოვიდა. რუსული თუმცა არ იცოდა, თავდადებულად ესწრებოდა ყველა სპექტაკლს.
ერხელაც, სანამ მორიგი გაკვეთილი დაიწყებოდა, სტუდიელები გარს შემოეხვივნენ მასწავლებელს და მოსკოვის თეატრის ჩამოტანილი სპექტაკლების – “ოტელოსა” და “ჭიქა წყლის” შესახებ შეკითხვებს უსვამდნენ. როცა სერგო ზაქარიაძე მათ მიუახლოვდა, პედაგოგმა მისთვის “საბედისწერო” სიტყვები წარმოთქვა: “ჭიქა წყალზე” უფრო დიდი სიამოვნება რა უნდა იყოსო? ეს რომ ზრდილობიანმა ყმაწვილმა გაიგონა, იფიქრა, წყალი სწყურიაო. გაიქცა და უმალ მოურბენინა მასწავლებელს წყლით სავსე ტოლჩა.
მასწავლებელი გაცხარებულ კამათში იყო, წყლის მოწოდება პირად შეურაცხყოფად ჩათვალა, ბიჭს “მეტიჩარა” უწოდა და ადმინისტრაციას სტუდიიდან გაარიცხვინა. თვითონ ბატონი სერგო ამბობდა: შემდგომშიც არაერთხელ გავურიცხივარ სასწავლებლიდან, მაგრამ ყველაზე მწარე და დამამცირებელი მაინც ის შემთხვევა იყოო. რეჟისორი ქორელი კი, ვინც მის გარიცხვას ხელი მოაწერა, იმით “დასაჯა” რომ მისი ქალიშვილი შეირთო ცოლად.