...მაგრამ ვერასოდეს დამალავთ, რომ მორალურად არარაობა ხართ

...მაგრამ ვერასოდეს დამალავთ, რომ მორალურად არარაობა ხართ

„თუკი საზოგადოებას ცივილურობის დონის შეცნობა სურს, შეიხედოს საკუთარი ციხის კედლებში“ (ფიოდორ დოსტოევსკი).ს

„როდესაც ვუცქერ საინფორმაციო გამოშვებებს, ვხვდები, რომ სამყაროს ისინი მართავენ, ვინც არასოდეს უსმენს მუსიკას“ – ეს სიტყვები  უკვე ბობ დილანს ეკუთვნის, რომლის ცნობილი პოლიტიკური-ანტისაომარი,  თუ სოციალური ხასიათის ტექსტები, ზოგადად ჰუმანური ადამიანის პროტესტს განასახიერებენ და უხსნიან მას აზროვნებას იმ მიმართულებით, რომ არვინ დაჩაგროს და ისე არ მოექცეს სხვას, როგორც საკუთარი თავისადმი არ ისურვებდა.

როკ მუსიკა ყოველთვის განსაკუთრებული სიმძაფრით ეხმაურებოდა და გარკვეულწილად მართავდა კიდეც დასავლური სამყაროს სოციალურ, თუ პოლიტიკურ ცხოვრებას.

მეორე მსოფლიო ომის შემდგომი პერიოდის კაცობრიობის სტერეოტიპების მსხვრევაში და ადამიანის პიროვნული თავისუფლებისკენ სწრაფვისადმი ლტოლვაში ხომ მას უდიდესი როლი ენიჭება. აქ ძალიან მნიშვნელოვანია საკუთარი თავის კონტროლი, რადგან ქრისტიანობაც ხომ ამას გვასწავლის, რომ ამქვეყნიური ცხოვრების ჭეშმარიტების ზღვარი ზომიერებაშია და ალბათ წარსულის უამრავი მაგალითის გახსენებითა და ზღვა ინფორმაციის თანხლებით, ძალგვიძს პრობლემების აზრიანად მოგვარება, თუკი დავფიქრდებით და მოქმედებისათვის ჭკვიანი ადამიანების გამონათქვამებს გავითვალისწინებთ რათა მომავალში მათ არ დავემსგავსოთ, ვისთვისაც უკვე დაფიქრება დაგვიანებულია...

ვუდსტოკის ფესტივალის დაწყების წინ, ფერმის თვალუწვდენელი ველის მფლობელმა – მაქს იასგურმა, დალოცა საკუთარ ტერიტორიაზე მისული ნახევარი მილიონი ახალგაზრდა და მშვიდობიანი გართობა და დროსტარება უსურვა მათ. სამი დღის განმავლობაში მიმდინარე ფესტივალზე, ძალადობის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა არც მთლად საღ გონებაზე მყოფი ერთმანეთისთვის აბსოლუტურად უცნობ ადამიანთა შორისაც კი. როკ მუსიკამ ერთ მუშტად შეკრა ახალგაზრდობა, რომელიც ერთიანი აზრით  ეწინააღმდეგებოდა ძალადობას – ვიეტნამის ომს.

გაივლის წლები და ჯონ ლორდი იტყვის: „კიდევ კარგი, რომ არსებობს ისეთი მუსიკალური ჟანრი, როგორიც ჰარდ როკია. მის გარეშე ადამიანები აგრესიას ვერ მოიშორებდნენ“.

მშვენიერია! აბა დავფიქრდეთ, რამდენი ადამიანი უსმენს საქართველოში როკ მუსიკას და შეიძლება ვპოვოთ მცირე მიზეზი იმისა, თუ რატომ ჩამოვყალიბდით საკმაოდ აგრესიულ საზოგადოებად. თუმც, გვჯერა სიმღერითა და ტაშ ფანდურით ქვეყნის შენებისა.

ბობ დილანმა აღნიშნა, რომ მორალი და პოლიტიკა ერთმანეთთან შეუთავსებელია და თან დასძინა, რომ პოლიტიკოსები უფრო მეტ პრობლემებს ჰქმნიან, ვიდრე აგვარებენ მათ. ამ სიტყვების ნათელი დადასტურებაა ნაცისტური გერმანიის 1933–1945 წლებში სახალხო განათლებისა და პროპაგანდის მინისტრის – იოზეფ გებელსის სიტყვები: „მცირე ტყუილმა, შესაძლოა ეჭვი აღძრას, დიდი ტყუილი კი სიმართლედ აღიქმება. გარდა ამისა, სიცრუე ხშირ გამეორებას საჭიროებს. ფსიქოლოგიურად ადამიანს უჭირს იმის წარმოდგენა, რომ მის მიერ მოსმენილი – სრული სიცრუეა. რაც უფრო დიდია ტყუილის მასშტაბები, მით დამაჯერებელია იგი. იცრუეთ ისე, რომ არაფრის შეგეშინდეთ და შეგრცხვეთ, იცრუეთ რაც შეიძლება მეტად და გაბედულად და მერწმუნეთ, წარმატება არ დააყოვნებს“.  

ისევ ბობ დილანის სიტყვებით გავაგრძელოთ: „მუსიკა ისეთი უნდა იყოს, რომ კბილის ტკივილივით დაგიაროთ მთელს სხეულში“. მაგრამ ამ სიტყვებს ხომ ვერ მიიღებდნენ „არაროკმენი“ პოლიტიკოსები, რომლებიც „არასოდეს უსმენენ მუსიკას“.

დიდი მუსიკოსი საოცარი გრძნობით ჰქმნიდა შედევრებს, რომელნიც მრავალგზისაა გადამღერებული მომდევნო ნახევარი საუკუნის მანძილზე სხვათა მიერ და ავრცელებდა გებელსის სინდრომის საწინააღმდეგო – სიყვარულის სინდრომს მთელს პლანეტაზე. ბევრია კი ამის მიმღები? გადავხედოთ ჩვენს საზოგადოებას და რა თქმა უნდა უპირველეს ყოვლისა „არაროკმენ“ წარმმართველ პოლიტიკოსებს, რომლებიც სამწუხაროდ, ასევე  „არასოდეს უსმენენ მუსიკას“...

აი თურმე საიდან მომდინარეობს ამდენი ძალადობა და ტყუილი... რამდენი იბრძოლა ამის წინააღმდეგ ჯონ ლენონმა: „თქვენ შეგიძლიათ ჩაიცვათ ძვირფასი ფეხსაცმელი და კოსტიუმი, გამოიყურებოდეთ სასიამოვნოდ, ჭეშმარიტი სახე ღიმილს მიღმა დამალოთ, წახვიდეთ ეკლესიაში და დაესწროთ წირვას, განსაჯოთ სხვები კანის ფერის გამო, სიკვდილამდე ტყუილები ილაპარაკოთ, მაგრამ ვერასოდეს დამალავთ, რომ მორალურად არარაობა ხართ“.

როგორც ვხედავთ, პოლიტიკოსებთან დაკავშირებული პრობლემები ზოგადსაკაცობრიოა და მხოლოდ ჩვენ არ ვართ ამის მსხვერპლნი, მაგრამ პატარა ქვეყნის შვილებმა, ერთხელ მაინც ხომ შეიძლება, მღვრიე წყალში თევზი დავიჭიროთ. მოდით, ამისათვის ფრენკ ზაპას სიტყვებით ვისარგებლოთ და ვისურვოთ, რომ საკმაოდ ცინიკური, მაგრამ ამ  შემთხვევაში საოცრად ალალი გენიალური მუსიკოსის აზრი ჩვენს ენერგეტიკულ წარმმართველ სტუდენტ ახალგაზრდობაზეც ვრცელდებოდეს: „დღევანდელი ახალგაზრდობა ვერც კი გრძნობს, რომ უდიდესი პოტენციალის  მატარებელია. იგი წარმოადგენს მომხმარებელთა ყველაზე გავლენიან ჯგუფსა და ეკონომიკის მამოძრავებელ ძალას. მაგრამ ამისათვის მათ უნდა გაიაზრონ და შემდეგ იგრძნონ საკუთარი პასუხისმგებლობა“.

დავსძენდით, რომ ამისათვის ჩვენი სტუდენტი ახალგაზრდებისათვის უპირველეს ყოვლისა სასურველია ფრენკ ზაპას შემოქმედების მეტ–ნაკლები გაცნობა და უკვე შემდგომ, ეკონომიკის ბერკეტების მოცვა, თორემ ჩვენი ახალგაზრდობის გარკვეულ ნაწილს, უმჯობესი იქნებოდა ფრენკ ზაპას გარეშე საერთოდ არ აეღო ქვეყნის ეკონომიკური თუ სხვა სფეროების მართვის პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე, თორემ ვაცლავ ჰაველის მსგავსად, ამ დიდი მუსიკოსის მრეწველობის მინისტრად დასმას, ვერც ჩვენი დღევანდელი და ვერც ხვალინდელი მთავრობა ვეღარ მოახერხებს...

აი როგორ აფრთხილებს წინასწარ ჯიმ მორისონი ასეთ ახალგაზრდებს შამანის მაგალითზე: „არ მგონია, რომ შამანისთვის უმთავრესი იყოს საზოგადოებაში თავისი თავის წარმოჩენა. მას უფრო მეტად საკუთარი ფანტაზიები აინტერესებს. თუკი იგი როლში ძლიერ შეიჭრება, საკუთარი შინაგანი სამყარო შეიძლება გადააყოლოს“...

სამწუხარო პარალელი ისევ  ჯიმ მორისონის სიტყვებში გამოსჭვივის, თუმც საბედნიეროდ მის პირველ ნაწილს ჩვენთან არაფერი აქვს საერთო და დაფიქრების შემთხვევაში ძალადობისაგან ხსნის  გზა ისევ ჩვენშია: „ამერიკა იქმნებოდა ძალადობით. ამერიკელები ჩაფლულნი არიან ძალადობაში. ისინი საკუთარ თავებს მოუწოდებენ ძალადობისაკენ, ძვრებიან რა თავ–თავიანთი ფუღუროებიდან. მათ ჰიპნოზს უკეთებს ტელევიზია და იცავს შიშველი რეალობისაგან. საკუთარი თავის რეალობის ვერ შეცნობა, დღევანდელი კულტურის დაავადებაა. ადამიანები მიისწრაფვიან ტელევიზორისაკენ, „საპნის ოპერებისკენ“, ტელესერიალებისკენ, პოპ ვარსკვლავებისკენ და საოცრად აინტერესებთ მათი ცხოვრების დეტალები. მაგრამ სინამდვილეში ისინი მკვდრები არიან“.  

რა თქმა უნდა... მაგრამ ხომ შეიძლება, რომ ოდნავ გამოვსწორდეთ, დიიიიდი და ძლიერი ქვეყნის შეცდომებისა და პრობლემების მაგალითზე კი არ ვიცხოვროთ, არამედ მისგან საუკეთესო გადავიღოთ და თუნდაც ზემოთხსენებული დიდი მუსიკოსების შემოქმედებას გავეცნოთ. ეს საკმაოდ დიდ სამსახურს გაგვიწევს ჰუმანურობის გამომუშავებაში და ეგებ მომავალში აღარც დაგვჭირდეს ჩვენი დღევანდელი რეალობის ფიოდორ დოსტოევსკის სიტყვებთან პარალელის გავლება: „თუკი საზოგადოებას ცივილურობის დონის შეცნობა სურს, შეიხედოს საკუთარი ციხის კედლებში“.

eTwNdk Mark s insomnia was related to brain damage commonly caused by this family of molecules <a href= ბმული
5 თვის უკან