ქართულ ქვევრის ღვინოს საზღვარგარეთ უფრო აფასებენ

ქართულ ქვევრის ღვინოს საზღვარგარეთ უფრო აფასებენ

“ღვინის კლუბი“ “საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების“ დარბაზში აგრძელებს ლექცია-სემინარების ციკლს მევენახეობა-მეღვინეობის თემაზე. კომპანია “ჩვენი ღვინოს“ მეღვინე სოლომონ ცაიშვილი კლუბის წევრებს და სტუმრებს ესაუბრა თემაზე “ქართული ქვევრის ღვინის პერსპექტივები მსოფლიო ბაზარზე“.

 

სოლომონ ცაიშვილი რამდენიმე წელია, ბაკურციხეში ღვინოს ქვევრებში აყენებს და ევროპაში ექსპორტზე გააქვს. ბოლო ერთი წლის განმავლობაში კი იგი კურირებდა “სლოუ ფუდის“ პროექტს “ქართული ქვევრის ღვინო“. პროექტის ფარგლებში საქართველოს ორ რეგიონში – კახეთსა და იმერეთში შეირჩა 8 მცირე მარნის ღვინოები, რომლებიც წარადგინეს ტურინში “სლოუ ფუდის“ მსოფლიო ფორუმზე.

 

სოლომონ ცაიშვილის თქმით, ამ დიდ ფორუმზეც და ზოგადად, ევროპაში ძალიან გაიზარდა ინტერესი ქართული ქვევრის ღვინოსადმი. ქვევრის ღვინის უპირატესობაში დარწმუნებულმა ზოგიერთმა ევროპელმა მეღვინემ ქვევრებში ღვინის დაყენებაც კი დაიწყო. კონკრეტულად, “სლოუ ფუდის“ მიერ ორგანიზებულ მსოფლიო ფორუმზე აღიარეს, რომ ქართული ქვევრის ღვინო არის კაცობრიობისათვის უმნიშვნელოვანესი პროდუქტი თავისი წარსულით, ტრადიციით და პოტენციალით.

 

“ამის საპირისპიროდ საქართველოში ჯერ კიდევ გაბატონებულია ნიჰილისტური დამოკიდებულება, რომ ქვევრი არაჰიგიენური ჭურჭელია. სახელმწიფო სახსრები იხარჯება ათასნაირ სისულელეში და არაფერი კეთდება იმ მცირე მარნების წასახალისებლად, რომლებიც თავიანთი ძალებით ცდილობენ ქვევრის დამკვიდრებას მეღვინეობაში. საკუთარი გამოცდილება მარწმუნებს, რომ ქვევრის ღვინის ექსპორტს აქვს დიდი პერსპექტივა. მთავარია, ჩვენ თვითონვე დავიჯეროთ ეს ისე, როგორც სჯერათ, მაგალითად, იტალიაში“, - განაცხადა სოლომონ ცაიშვილმა.

 

ლექციას ესწრებოდა ალავერდის მონასტრის მარნის მეღვინე, პროფესორი თეიმურაზ ღლონტი, რომელმაც გაიზიარა სოლომონ ცაიშვილის მოსაზრებები ქვევრის ღვინის საექსპორტო პოტენციალზე. მისი თქმით, მალე თბილისში გაიხსნება “ქართული ღვინის ცენტრი“, სადაც გაგრძელდება დისკუსიები ქვევრის ღვინის მნიშვნელობაზე და საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობისთვის აქტუალურ სხვა საკითხებზე.