„გეტკინა დემოკრატია?“ - ასეთი იყო წარწერა 20 სექტემბრის სტუდენტური აქციის ერთ-ერთ ტრანსპარანტზე. ეს ორი სიტყვა მრავლისმეტყველია ჩვენი უახლეესი ისტორიისთვის. დემოკრატია არ ტკივათ. ტკივათ ტყუილი და დამცირება. მაგრამ მიშასეული „დემოკრატიით“, მართლაც, ბევრი რამ გვეტკინა: გირგვლიანის მკვლელობა, ახალი ჩინოვნიკური ელიტის კორუმპირებულობა, უზნეო ბავშვის საქციელის პრეზიდენტი, მისი ფავორიტების უტიფრობა; რვაწლიანი საინფორმაციო ძალადობა და ნომენკლატურის დაუსრულებელი ზეიმი სხვადასხვა პოპვარსკვლავების კონცერტებსა და შოუებზე.
გვეტკინა, გვეწყინა, შეგვრცხვა, მაგრამ არავინ ამოვიღეთ ხმა.
პროსტრაცია გაგრძელდა მანამ, სანამ სახეზე არ აგვაფარეს პატიმრებზე ძალადობის ამსახველი კარდები.. სანამ არ მოგვასმენინეს მოძალადე მანიაკის ცინიკური სიტყვები პატიმრის გაუპატიურებისას: გეტკინა? გეტკინა ბიჭო?
ქართულ საზოგადოებას, რომელსაც ხელისუფლება რვა წელია მორალურად აუპატიურებს მხოლოდ რეალური გაუპატიურების შიშმა ამოაღებინა ხმა. ზედგამოჭრილია ბახტრიონის აჯანყების ისტორიული პარალელი: სპარსელების განუკითხაობითა და ძალადობით გატანჯულ ქვეყანაზე არისტოკრატიამ პასუხისმგებლობა მხოლოდ მას შემდეგ იგრძნო, რაც დამპყრობლებმა მღვდლების გაუპატიურება დაიწყეს.
ორი წლის წინ, 26 მაისის დემონსტრაციის სისხლიან ღამეს, მოსახლეობის მასიური პროტესტი არ გამოუწვევია. ე.წ. ოფიციალურ ოპოზიციას კრინტიც არ დაუძრავს. ინტელექტუალები დუმდნენ, ან ძალის გამოყენების აუცილებლობას ასაბუთებდნენ. მმართველი პარტიის მთვარი არგუმენტი - მიზანი ამართლებს საშუალებას სრულიად მისაღები იყო უმრავლესობისთვის. გაცხადებული მიზნებს - ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტების შექმნას, წესრიგის დაცვასა და დემოკრატიის მშენებლობას არაფერი უნდა დასდგომოდა წინ...
სტუდენტთა საპროტესტო აქციის მოთავენი ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის „ლაბორატორია 1918“-ის აქტივისტები თავდაპირველად უნივერსიტეტის თვითმმართველობის შენარჩუნებას და პარტიის მიერ დანიშნული დეკანის გადადგომა მოითხოვდნენ. ქართული „აბუ -გრეიბის“ გასაჯაროვების შემდეგ, ბაჩო ახალაიას პასუხისმგებლობის საკითხის დააყენეს. აქცია სოციალური ქსელის დახმარებით დაიგეგმა. მასში არ მიუღიათ მონაწილეობა პოლიტიკოსებს. უნივერსიტეტის ბაღში სოლიდარობის გამოსახატავად მისულ ქართული ოცნების აქტივისტებს, აქციის მონაწილეებმა პარტიის დროშების გატანა სთხოვეს: „ჩვენი პროტესტი არ არის პოლიტიკური - ჩვენ დამნაშავეების დასჯას ვითხოვთ“.
უნივერსიტეტის ბაღში აქციას სხვა სასწავლებლებიც შეემატნენ და ყველანი ერთად ორთაჭალაში, პროკურატურისკენ დაიძრნენ. ეს იყო ყველაზე მასიური ახალგაზრდული პროტესტი ნაციონალური მმართველობის 8 წლის მანძილზე; 30–40 წლის ხალხსაც კი კანტიკუნტად დაინახავდით. ქუჩებზე მოძრაობა შეჩერდა. მძღოლები სოლიდარობის ნიშნად ასიგნალებდნენ. სხვადასხვა დაწესებულებებისა და მაღაზიების თანამშრომლები ტაშითა და შეძახილებით ამხნევებდნენ ახალგაზრდებს. თბილისელები თამამად გამოეფინენ აივნებზე და პროტესტის ნიშნად, ცოცხები გამოიტანეს. სიმპათიის გამოხატვას არც მუშები მორიდებიან, რომლებიც 800 900 ლარიანი ხელფასის სანაცვლოდ ხმების მიცემისა და ლოიალობის ვალდებულება აიღეს. რეესტრის მშენებლობაზე დასაქმებულმა მუშახელმა ტარიანი ცოცხები მოიმარჯვა. რამდენიმე მათგანი კი უნიფორმის ყვითელი მაისურის ქნევით ესალმებოდა მსვლელობას. როგორც იქნა, დაქროლა თავისუფლების ქარმა - სტუდენტებმა ხმა ამოიღეს. მთელი დღე ქალაქში ისმოდა მოწოდება: „ძალადობას - არა!!!“
ხელისუფლების ჭეშმარიტი, მოძალადე სახე სანდრო გირგვლიანის მკვლელობისას გამჟღავნდა. მკვლელობა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლება ჩაიდინეს. ისინი გირგვლიანს გლდანის ციხის მეთოდით უპირებდნენ წამებას. მაგრამ მსხვერპლმა სიკვდილით უშველა თავს. კანცელარიის წინ საპროტესტო აქციაზე სულ ორასიოდე კაცი შეიკრიბა. ამ ფაქტის სასამართლო განხილვისას, გირგვლიანის დედის - ირინა ენუქიძის მუდარა - საზოგადოება მის გვერდით დამდგარიყო – უპასუხოდ დარჩა. სტუდენტების ხალხმრავალი საპროტესტო აქცია 2006 წელს რომ გამართულიყო, ალბათ, ბევრი ჩვენი თანამოქალაქე გადაურჩებოდა ღირსების შელახვასა და ძალადობრივ აღსასრულს. ხელისუფლების აპოლოგეტების თქმით, ჩინოსნებმა ძალას გადაამეტეს. გაგვაგებინს, რომ ასეთი რამ ხდება ხოლმე. ხალხს „აუხსნეს“, რომ სახელმწიფო მშენებლობის გზაზე ერთი მსხვერპლი არაფერია.
დღეს ძალადობის დაგმობამ საყოველთაო სახე მიიღო. აღშფოთებას გამოთქვამს მთელი პოლიტისტებლიშმენტი პრეზიდენტით დაწყებული, ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრით - ბაჩო ახალაიათი დამთავრებული. ყველა ცდილობს სახე და სტატუს-კვო შეინარჩუნოს: ნაციონალთა მხარდამჭერები ოპოზიციურ ბანაკში გადადიან, სახელისუფლო ჟურნალისტები ობიექტურობის შუქურები ხდებიან, ხოლო ხელისუფლების მეხოტბეები ბოლო დღეებში ნაჩვენები სიმხეცით შეძრწუნებულნი, საკუთარი შვილების მომავლის დასაცავად საქართველოს დატოვებასაც გეგმავენ;
რა თვალთმაქცობაა! საპატიმროების ამბები ხელისუფლებამაც და დამწყალობებულმა ჟურნალისტებმაც, რიგით მოქალაქეებზე გაცილებით უკეთ იცოდნენ. საზოგადოებამ კი ამის შესახებ ყურმოკვრით იცოდა: რამდენ კაცს ეყოფა ძალა აღიაროს ასეთი შეურაცხყოფა?
საქართველოს უახლეს ისტორიაში ბაჩო ახალაია შინაგან საქმეთა ყველაზე ოდიოზური მინისტრი აღმოჩნდა. 2003 წელს, თავისუფლების ინსტიტუტის პროექტის კოორდინატორი, პრეზიდენტმა სახალხო დამცველის მოადგილედ წარადგინა. მაშინ ერთმა ზუგდიდელმა ქალმა ჩემთან საუბრისას თქვა: „მთელმა ქალაქმა იცის, რომ ახალაიას პათოლოგიური მიდრეკლებები აქვს... თავის დროზე ის სექსუალური სკანდალის გამო, მამამისმა ზუგდიდს მოაშორა. არავის მათი ოჯახიდან თანამდებობა არ უნდა ეკავოს - არც ძმებს, არც - პროკურორ მამას“
მაგრამ რევოლუციურ ხელისუფლებას ძმები ახალაიების სპეციფიურიო „უნარები“ დასჭირდა. ისინი ყველაზე შესაფერისები აღმოჩნდნენ რეპრესიული ფუნქციის შესასრულებლად. 2005–08 წლებში ბაჩო ახალაიამ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსის პოსტზე, ისტერიულობით, დაუნდობლობითა და სისასტიკით არა მარტო ციხეებში, არამედ საზოგადოებაშიც, საყოველთაო შიში დათესა. ხელისუფლების უმთვრესი იდეოლოგია - ქურდულ მენტალიტეტთან ბრძოლა ნულოვან ტოლერანტობას და ციხეების პატიმრებით გადავსებას ნიშნავდა. გლდანის ციხეზე, ორგორც აუწერელ კოშმარზე, უკვე დადიოდა ხმები. ციხე გახდა სახელმწიფო ძალადობის ადგილი, რომლის მეოხებით სააკაშვილის ავტორიტარულმა რეჟიმმა შექმნა დაშინებული, გასაცოდავებული ხალხის ბიომასა - ორუელის „პროლების“ მსგავი არსებები - კომფორმისტები, რომლებიც ლუკმაპურის დაკარგვის შიშით, არანაირ უმსგავსოებაზე ხმას არ ამოიღებდნენ.
ახალაიას გადაყენებით, ნაცმოძრაობას „ხერხემალი“ გამოაცალეს. მაგრამ რა შეიცვლება ამით? არც არაფერი!
ვითარებას არც ხათუნა კალმახელიძის მოხსნა შველის. ამ კეკლუცმა ქალბატონმა, რომელმაც მინისტრობის პერიოდი ალბათ კუზანოვის კლინიკასა და საპარიკმახეროებში გაატარა, შესაძლოა მართლაც არ იცოდა რა ხდებოდა გლდანის ციხეში, მაგრამ ეს ფაქტი მის პასუხისმგებლობას სულაც არ ამცირებს. სისტემა უკვე შემქნილია და მუშაობს. ახლა ყოფილ სახალხო დამცველს მოუწევს ციხეში წესრიგის დამყარება.
„შეძრწუნებულები ვართ“ „აღშფოთებულები ვართ“ - აცხადებს ჩვენი ნომენკლატურა, მაგრამ მათი არავის ჯერა. რეალურად ისინი საკუთარი მახინჯი სახის გამოააშკარავებამ შეაძრწუნა. სააკაშვილის მიერ გაპიარებული „დემოკრატია“ დაინახა როგორც ქართულმა, ასევე საერთაშორისო საზოგადოებამ.
საინტერესოა, რა მიზანს ემსახურებოდა გლდანის ციხის ვიდეოარქივი - ეს შემზარავი სადომაზოხისტური პორნოგრაფია? შესაძლოა, რამოდენიმე ვარაუდი: პარტიის იდეოლოგები აკონტროლებდნენ რამდენად ეფექტურად მუშაობდა მათ „ტვინის ტრესტში“ შემუშავებული ძალადობრივი სისტემა - გატყდნენ თუ არა პოლიტიკური, თუ სხვა სახის მოინააღმდეგენი?! ყველაზე შემოქმედებითი ფანტაზიის მქონე ადამიანები კი ფიქრობენ, რომ ციხის პორნოგრაფია პათოლოგიური ფსიქიკის მქონე ხელისუფალთა ნარკოტიკი იყო. რომლის დოზა გახრწნილ ჩინოვნიკებს სექსუალურ ნეტარებას გვრიდა. ორივე ვარიანტი დასაშვებია. სამივე ვარიანტი ერთნაირად შემზარავია.
მსგავი ფაქტის გამომზეურებას, წესით, ხელისუფლების გადადგომა და დამნაშავეთა პასუხისგებაში მიცემა უნდა მოყოლოდა.
ქართველებმა კომუნისტური რეჟიმის რეპრესიები გადავიტანეთ. მაგრამ, საბჭოეთის დაშლის შემდეგ, ლუსტრაციაზე უარი ვთქვით - ჩვენ დღესაც ვუღიმით მაშინდელი ჯალათების შთამომავლებს, ვმეგობრობთ მათთან და არაკებს ვისმენთ მათ საამაყო წინაპრებზე..
შევარდნაძეს დავუჩოქეთ და სამოქალაქო ომის შემდეგ ქვეყნის მართვა ჩავბარეთ. ვნახეთ ნომენტკლატურისა და პრეზიდენტის ოჯახის დაუოკებელი სიხარბე, კორუფცია, ანტისახელმწიფოებრივი აზროვნება. მიუხედავად ამისა, პასუხი არავისთვის მოგვითხოვია: მოხუცი პრეზიდენტი მშვიდად ცხოვრობს კრწანისის მამულში, მისი ოჯახის წევრები კი ფუფუნებით ტკბებიან.
ნაციონალების ავტორიტარულმა რეჟიმმა უმკაცრესი იდეოლოგიური კონტროლი დააწესა ყველგან - სკოლებიდან დაწყებული კერძო ორგანიზაციებით დასრულებული. მოახდინა საქმიანობის ყველა სფეროს უზურპაცია. დასაქმება და ხელფასი სამთავრობო პრივილეგიად აქცია. შეცვალა ფასეულობები, ორიენტირები, სტიმულები. და რა? კვლავ „ოღონდ წადი“-ს პრინციპი? ვინ აგებს პასუხს ამ დანაშაულზე? პასუხისმგებლობა მთელს სისტემას - მის იდეოლოგებსა და საკვანძო თანამდებობის პირებს უნდა დაეკისროს.
ქვეყანა თავის „გმირებს“ უნდა იცნობდეს: უნდა ვიცოდეთ, ვინ იყო ჯალათი 30-იან წლებში, უნდა ვიდოდეთ, ვინ არიან ჩვენი უახლესი ისტორიის ჯალათები.
დანარჩენ საზოგადოებას კი, ამდენი სიბინძურის შემდეგ კათარზისი სჭირდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, დაუსრულებლად განმეორდება ერთი და იგივე - რვაწლიანი პერიოდების მიწურულს, ურჩხულებად გარდაქმნილი ყოფილი მესიების მოშორება და ახალი გმირების ძებნა.