ექს-პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმის გამოძიების შესაძლო შეწყვეტის გამო, საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილების, კონსტანტინე და ცოტნე გამსახურდიების მიერ მთავარი პროკურატურის მისაღებში შიმშილობას იწყებენ. ამის თაობაზე საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა ნუკრი ქანთარიამ განაცხადა, რომ, ნამდვლიად არ არის სასიამოვნო მსგავსი პროცესების დაწყება.
„რეზონანსთან" საუბრისას დეპუტატმა ნუკრი ქანთარიამ აღნიშნა, რომ ამ საქმის გამოძიებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა უშუალოდ პროკურატურის კომპეტენციაა:
„არ მაქვს ამ საკითხთან დაკავშირებით არავითარი ინფორმაცია. ალბათ პროკურატურამ უნდა უთხრას რაღაც. თვითონ კონსტანტინე გამსახურდია იყო პარლამენტში მაშინ შექმნილი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე, ეგეც გვახსოვს. შემდეგ, რა ხდებოდა, როგორ და რას მიაქციეს ყურადღება და ა.შ... თითქოს აღარაფერი არ ყოფილა", - თქვა ქანთარიამ.
მისივე თქმით, პირველი პრეზიდენტის ვაჟების მიერ შიმშილობის დაწყება და ახალარჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცია არ უნდა იყოს ერთმანეთთან დაკავშირებული, თუმცა, ეს დამთხვევა უსიამოვნო ფაქტია.
„თუ ინაუგურაციისთვის ჩრდილის მისაყენებლადაა გამიზნული და ეგაა ჩაფიქრებული, თავისთავად სასიამოვნო არ იქნება. მაშინ უნდა თქვან კიდეც. მაგრამ არ მგონია, რომ ეს მიზანი ჰქონდეთ მათ და ეს ჰქონდეთ ჩაფიქრებული. თუმცა, რა თქმა უნდა, როგორც ვთქვი, უსიამივნო ფაქტია", - ამბობს ქანთარია.