ციხეში პატიმრების წამების ამსახველი ვიდეო-მასალის გავრცელების შემდეგ აგორებულმა ტალღამ ხელისუფლება აიძულა ხათუნა კალმახელიძე და ბაჩო ახალაია მინისტრობიდან გადაეყენებინა. გუშინ კი პრეზიდენტმა სააკაშვილმა დიდი ზარ-ზეიმით სასჯელაღსრულების ახალი მინისტრი, ყოფილი სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში წარგვიდგინა. ვინც ადამიანის უფლებების თემაზე მუშაობს ყველა ერთხმად თანხმდება იმაზე, რომ ტუღუშისნაირი სუსტი სახალხო დამცველი საქართველოს არ ჰყოლია. ამიტომ ცოტა გაუგებარია, რა უნდა გააკეთოს მინისტრის რანგში ადამიანმა, რომელიც სახალხო დამცველად ყოფნის პერიოდშიც კი რეალურად არაფერს აკეთებდა.
ყველას კარგად გვახსოვს საპყრობილეებიდან გამოსული ინფორმაციები საზარელი ფაქტების შესახებ (პატიმრების მიმართ არაადამიანური მოპყრობა) და უფლებადამცველების აღშფოთებული მიმართვები გიორგი ტუღუშისადმი, რომ თავისი წარმომადგენლები ამა თუ იმ ციხეში შეეგზავნა. უმეტეს შემთხვევაში სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები ციხეებიდან ბრუნდებოდნენ ინფორმაციით, რომ ყველაფერი რიგზეა. ბევრ შემთხვევაში მათი ვიზიტიდან ძალიან მალევე კონკრეტული პატიმარი, რომლის მოსანახულებლადაც ისინი იყვნენ ციხეში შესულები, გარდაცვლილა და სხეულზე ფიზიკური ზემოქმედების კვალი ეტყობოდა. ამიტომ ვერანაირად ვერ გავიზიარებთ იმ პათოსს, რომელიც გიორგი ტუღუშის სასჯელაღსრულების მინისტრად დანიშვნისას სააკაშვილის სიტყვაში იგრძნობოდა.
ყოფილი ენერგოომბუდსმენი დავით ებრალიძე აცხადებს, რომ გიორგი ტუღუში, როგორც სახალხო დამცველი აბსოლუტურად უსუსური იყო და ამიტომ, მის გამინისტრებასაც ეჭვის თვალით უყურებს. ამასთანავე, დავით ებრალიძე ამბობს, რომ გიორგი ტუღუში საქართველოს დასავლელ პარტნიორებს იმისგან აბსოლუტურად განსხვავებულ ანგარიშებს უგზავნიდა, ვიდრე ქართულ საზოგადოებას წარუდგენდა ხოლმე. For.ge-ს იურისტი დავით ებრალიძე ესაუბრება.
დავით ებრალიძე: „გუშინ გიორგი ტუღუშს ვუსმენდი, რომელიც პირველ არხზე თამამად გამოდიოდა და მინდა ვთქვა, რომ ეს ადამიანი სრულიად არაადეკვატურია. ჩემი აზრით, არა მარტო ის არის არაადექვატური, არამედ გარკვეულწილად მედიაც და საზოგადოებაც არაადეკვატურად უყურებს მის პიროვნებას, რადგან ეს ადამიანი სახალხო დამცველი იყო. სახალხო დამცველი რას ნიშნავს? კონსტიტუციურად რა ვალდებულებები ჰქონდა ამ ადამიანს? მისი მოვალეობა იყო მის ხელთ არსებული ბერკეტებით ადამიანების უფლებების დაცვა, და რა გააკეთა მან? ათას გვერდიან ანგარიშში, სადღაც ერთ-ორ ადგილას დაწერა, რომ არაადეკვატური მოქცევა ხდება? მთავარი კითხვა ის არის, მან თვითონ იცოდა თუ არა ამის თაობაზე. ერთი მხრივ, იძახის, რომ ვიცოდიო, თუ იცოდა რას აკეთებდა? მარტო ანგარიშს წერდა და მერე მიდიოდა და კონცერტს ესწრებოდა ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად და არაფერს აკეთებდა? მე რომ ენერგოობუდსმენი ვიყავი 2003-2005 წლებში, თუ ადამიანის უფლებების დაცვას ვერ ვაღწევდი, კარს რომ მიკეტავდნენ ფანჯრიდან გადავდიოდი, თუ ფანჯარას მიკეტავდნენ კარებს ვუნგრევდი. გამაგებინეთ რას აკეთებდა ადამიანი, რომელიც პასუხისმგებელი იყო, რომ ციხეში ადამიანის უფლებები დაცული ყოფილიყო?
ახლა იგი აცხადებს, რომ სისტემა ძალიან დახურული იყო და ეს ყველამ იცოდა, რომ იქ რაღაც ხდებოდა. თუ ეს იცოდა, რა ღონისძიებები ჩაატარა, გარდა იმისა, რომ ანგარიში დაწერა? ეს ერთი, და მეორე - ის ცრუობს, როდესაც ამბობს, რომ ხელისუფლებას აკრიტიკებდა, რადგან ამ დროს სულ სხვა ანგარიშებს წერდა საზღვარგარეთ.
რას გულისხმობთ, ის ანგარიშები პარლამენტში წარდგენილისგან განსხვავებული იყო?
- დიახ, ტუღუში წერდა, რომ პენიტენციალური სისტემა ძალიან კარგ მდგომარეობაში იყო, რომ იქ ადამიანის უფლებები დაცული იყო, რომ იქ კანონი არ ირღვეოდა და ა.შ.
ანუ, თქვენ ამბობთ, რომ სახალხო დამცველი განსხვავებულ ანგარიშებს წარადგენდა, ვთქვათ, საერთაშორისო უფლებადამცველ ორგანიზაციებში?
- დიახ, ის სულ სხვა ინფორმაციას აწვდიდა დასავლეთს. დავუსვათ კითხვა და ვნახოთ, აიღებს თუ არა პასუხისმგებლობას იმაზე, რაც ხდებოდა. კიდევ განვმეორდები, მე ვიყავი სახალხო დამცველი, თუ ის იყო? ჩემი აზრით, სააკაშვილს ნაკლები პასუხისმგებლობა ეკისრება, ვიდრე ტუღუშს, რადგან სააკაშვილი რეალურად ამბობდა, მე ნულოვან ტოლერანტობას ვახორციელებო. ეს ადამიანი კი ამბობდა, რომ ადამიანის უფლებებს იცავდა და რა გააკეთა კონკრეტულად?
თქვენ საკმაოდ სკანდალურ განცხადებას აკეთებთ, როცა ამბობთ, რომ გიორგი ტუღუში დასავლეთს გაყალბებულ ანგარიშს წარუდგენდა, ანუ, რეალურად ის არ ასახავდა პენიტენციალურ სისტემაში შექმნილ მდგომარეობას. თუ შეიძლება დავაზუსტოთ, ვის უგზავნიდა?
- დასავლეთში მას აქვს გაგზავნილი სხვა ტიპის ოფიციალური წერილები, სადაც უთითებს, რომ პენიტენციალურ სისტემაში წესრიგია და დაცულია პატიმრის უფლებები.
თუ შეიძლება დაგვიკონკრეტეთ, რას გულისხმობთ დასავლეთში?
- ამას მერე დავაზუსტებ, როცა ის უარყოფს ან დაადასტურებს ამ ფაქტებს.
ანუ ამ ეტაპზე არ საუბრობთ?
- დიახ, დავსვამ კითხვას, ვინ იყო პასუხისმგებელი, რომ ადამიანის უფლებები დაცული ყოფილიყო, რა ბერკეტები ჰქონდა ტუღუშს და ის ბერკეტები გამოიყენა თუ არა? ტუღუში თავის თავთან წინააღმდეგობაში ვარდება. თუ ერთის მხრივ ამბობს, რომ ანგარიშებს წერდა, თუ წერდა რა ნაბიჯებს დგამდა, როდესაც ვიღაც მას არ უსმენდა საქართველოს შიგნით, ან საქართველოს ფარგლებს გარეთ. მეორე - თუ არ იცოდა, რატომ არ იცოდა რისი სახალხო დამცველი იყო? არ ჰქონდა ციხეში შესვლის უფლება? სახალხო დამცველს და სახალხო დამცველის წარმომადგენელს ყოველთვის აქვს ციხეში შესვლის უფლება. ამასთანავე, თუ ვამბობთ, რომ 24-საათიანი ვიდეოკამერებია ციხეში, ჰქონდა თუ არა მას დაშვების უფლება კამერებთან და ნახულობდა თუ არა იგი იმ კადრებს?
ისევ თქვენს განცხადებასთან დაკავშირებით ჩაგეკითხებით, რაზე დაყრდნობით ამბობთ, რომ გიორგი ტუღუში დასავლეთში სხვაგვარ მოხსენებებს აგზავნიდა?
- ვიცი კონკრეტული ფაქტები.
ანუ თქვენ გინახავთ ასეთი ანგარიში თუ ვინმეს მხრიდან გაქვთ ეს ინფორმაცია?
- დანარჩენს მერე დავაზუსტებ.
კარგით, ახლა ენერგოსფეროს რაც შეეხება, ამ საკითხზე გსურდათ განცხადების გაკეთება.
- ეს არის ჩემი სფერო და კომუნალურ მომხმარებელთა უფლებები არის ერთ-ერთი ძალზე მოცულობითი ადამიანის უფლებების ნაწილში და ორი ობუდსმენდი უნდა გვყავდეს, როგორც ენერგეტიკის სფეროში, ასევე კომუნიკაციის სფეროში. ორივე დამცველი უნდა აირჩიოს სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა კომისიამ. კანონი ავალებს მას, რომ შეარჩიოს ეს ადამიანები, ხოლო თუ ისინი ვერ შეასრულებენ თავის ფუნქციას, ამაზე პასუხი მოსთხოვოს, რადგან ორივე ომბუდსმენი ანგარიშებს სახალხო დამცველს აბარებს. თუ წაუკითხავს საერთოდ ეს ანგარიშები? მას საერთოდ არ ჰყავს ეს ობუდსმენები და არ შეუსრულებია თავისი ფუნქცია. ტუღუში რომ იძახის, სამოცი კაცი მყავდაო, მე მყავდა სამი თანაშემწე, როდესაც ენერგო ომბუდსმენი ვიყავი და გაცილებით მეტი ეფექტი ჰქონდა ჩემს მუშაობას, ვიდრე მის სამოცკაციან შტატს. ჩემი ომბუდსმენობის პერიოდში ორმოცდაათი მილიონი ლარის შეღავათი მიიღო მომხმარებელმა, როდესაც ტარიფი დავიცავი 2003 დან 2005 წლამდე და ასობით ადამიანს, კონკრეტულ მომხმარებელს დავეხმარე ენერგეტიკულ საკითხებში. მისმა სამსახურმა კი ჩამოთვალოს, წლების განმავლობაში ვის გაუწია კონკრეტული დახმარება. ამასთანავე, ამდენი წლის განმავლობაში რატომ არ შეარჩია კომუნალური სფეროს ომბუდსმენები? ხოლო როდესაც პირველად შეარჩია, ეს იყო სრულიად უნიათო ადამიანი.
რაც შეეხება სახალხო დამცველის ანგარიშებს, თქვენ ამბობთ, რომ უცხოეთში იგზავნებოდა სხვანაირი ანგარიშები, მაგრამ საქართველოს პარლამენტში წარდგენილ ანგარიშებთან დაკავშირებით თუ შეგიძიათ შეფასების გაკეთება? რამდენად ყოვლისმომცველი და ობიექტური იყო ეს ანგარიშები?
- რა ყოვლისმომცველი, ეს იცით როგორი რამ არის, ათას გვერდიან ანგარიშში რაღაცეებს სპეციალურად რომ წერ, ვითომ სადღაც იმის თქმაც გინდა და იმის თქმაც არ გინდა, სადღაც სიტყვებს გაურევ, რომ მერე სათქმელად გქონდეს - აი ხომ ვთქვიო.
ახლა როგორ ფიქრობთ, რამდენად ქმედითი და დამოუკიდებელი სასჯელაღსრულების მინისტრი იქნება გიორგი ტუღუში?
- ეგ დავივიწყოთ, ტუღუში ამ თანადებობაზე იმისთვის არის მისული, რომ ამ მოკლე პერიოდში, არჩევნებამდე გარკვეული სახე იქნას შენარჩუნებული. მე მაოცებს მედიის პოზიცია, როდესაც არ უჩნდება კითხვა - შენ თვითონ იქ რომ იყავი, რას აკეთებდი? რატომ აღიქმება ეს ადამიანი კარგ სახალხო დამცველად და რატომ აღიქმება ეს ნაბიჯი გარკვეულწილად დადებით ნაბიჯად? ყველაფერი პირიქით არის, ადამიანი რომელიც თავისი ფუნქციის არშემსრულებელი და ვეშემსრულებელი იყო, ასეთ ადგილას დანიშნეს.