"შესაძლოა, საჭირო გახდეს ივანიშვილის პრემიერად დაბრუნება"

"შეიძლება ითქვას, პირველ ტურში ამომრჩეველმა ხელისუფლებას სილა გააწნა, მეორეში კი - პირადად სააკაშვილს", - ამის შესახებ განცხადებას მწერალი კოტე ჯანდიერი აკეთებს.

მწერალის თქმით, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, "ოცნების" მომავალი ივანიშვილის გადაწყვეტილებებზეა დამოკიდებული.

"შექმნილ ვითარებაში მას უდიდესი პასუხისმგებლობა აკისრია. შესაძლოა საჭირო გახდეს მისი პრემიერ-მინისტრად დაბრუნებაც, რადგან ხალხისთვის მიცემული დაპირებების შესრულება დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს, რათა ხალხმა საბოლოო შედეგი თუ არა, მყარი და შეუქცევადი სასიკეთო ტენდენციები დაინახოს. ცხადია, ეს შეუძლებელი იქნება, თუ მაღალ სახელმწიფო თანამდებობებზე კვლავ პირადი ერთგულების ნიშნით შეარჩევენ ბიოგრაფიის უქონელ პირებს, ხოლო არაერთი პროფესიონალი კვლავ გამოუყენებელი დარჩება.

"ქართული ოცნების" ადმინისტრაციული და პარტიული აქტივი არ კმარა ამ ამოცანის შესასრულებლად, მხოლოდ პარტიული ვერტიკალის გამყარება პრობლემას ვერ უშველის. მას პროფესიონალების დეფიციტი აქვს. ამიტომ თითოეულ ასეთ ადამიანს სანთლით უნდა ვეძებდეთ და ვაცლიდეთ საქმის კეთებას", - ამბობს ჯანდიერი "კვირის პალიტრასთან".