საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საპრეზიდენტო უფლებამოსილების განხორციელების 5 წლიან პერიოდში სახელმწიფო ჯილდოებით სულ 767 ადამიანის ღვაწლი აღნიშნა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, მარგველაშვილმა ეროვნული გმირის წოდება სიკვდილის შემდეგ მიანიჭა: წითელი ჯვრის მოწყალების დას მარო მაყაშვილს, საქართველოს უშიშროების პოლკოვნიკს მამია ალასანიასა და სოხუმის მერს, პოლკოვნიკ გურამ გაბესკირიას სამშობლოს დამოუკიდებლობის დაცვისა და ერთიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობისა და ქვეყნის წინაშე აღმატებული ღვაწლისათვის.
მან თამარ მეფის ორდენით დაჯილდოების უფლებამოსილება ერთადერთხელ გამოიყენა და ეს სახელმწიფო ჯილდო ქვეყნისა და ერის წინაშე განსაკუთრებული ღვაწლისათვის, გამორჩეული საზოგადოებრივი მოღვაწეობისა და სამოქალაქო თავდადებისათვის ირინა ენუქიძეს (სიკვდილის შემდეგ) მიანიჭა.
ოქროს საწმისის ორდენი გადაეცა 25 უცხოელს... ამასთან, გიორგი მარგველაშვილმა წმინდა გიორგი სახელობის გამარჯვების ორდენით დააჯილდოვა 26 ადამიანი, ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით - 52, წმინდა ნიკოლოზის ორდენით - 4, ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით - 78, ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენით - 107, ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით - 95, ღირსების ორდენით - 225, მედლით „სამოქალაქო თავდადებისათვის" - 10, მედლით „მხედრული მამაცობისათვის" - 46, მედლით „საბრძოლო დამსახურებისათვის" - 19, ღირსების მედლით - 76.