ტრამპის ულტიმატუმი პუტინს

ტრამპის ულტიმატუმი პუტინს

ამერიკისა და რუსეთის ლიდერებს შორის სრულფორმატიანი მოლაპარაკება არ ჩატარდება, სანამ რუსეთის ლიდერს უკრაინელი მეზღვაურები და უკრაინული გემები ჰყავს დატყვევებული. ამის შესახებ 13 დეკემბერს, ვაშინგტონში ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მოადგილე ჯონ ბოლტონმა განაცხადა.

„ვიდრე უკრაინული გემები და მათი ეკიპაჟი დაკავებულია, უახლოეს მომავალში ვერ ვხედავ იმის შესაძლებლობას, რომ ასეთი შეხვედრა შედგეს", - ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა ჯონ ბოლტონმა.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამნეტში განაცხადეს, რომ მსგავსი გადაწყვეტილებით ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთის ფედერაციას უგზავნის მკვეთრ სიგნალს და ახსენებს, რომ ის, რაც რუსეთმა ქერჩის სრუტეში უკრაინელი მეზღვაურების წინააღმდეგ მოიმოქმედა-აბსოლუტურად და კატეგორიულად მიუღებელია.

კრემლის ოფიციალური ინფორმაციით, 1 დეკემბერს არგენტინაში გამართული დიდი 20-ულის სამიტზე პუტინმა მაინც მოახერხა ტრამპთან 25 ნოემბერს ქერჩის სრუტეში განვითარებული მოვლენების განხილვა, თუმცა ამან არანაირი შედეგი არ გამოიღო-ტრამპმა პუტინთან ოფიციალური შეხვედრა მაინც გააუქმა, მიზეზად კი ქერჩის სრუტეში რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ გავითარებული ქმედებები დაასახელა.

შეგახსენებთ, რომ 2018 წლის 25 ნოემბერს ოდესის პორტიდან მარიუპოლის მიმართულებით მოძრავი სამი უკრაინული ხომალდი აზოვის ზღვაში შევიდა, რასაც რუსეთის მხრიდან მწვავე რეაქცია მოჰყვა და საბოლოოდ ქვეყნების ხომალდებს შორის შეტაკებით დასრულდა.

რუსეთმა 24 უკრაინელი მეზღვაური დააკავა და თითოეულ მათგანს 2 თვიანი წინასწარი პატიმრობაც შეუფარდა.

ცნობისთვის, მომხრადი შეტაკების შემდეგ ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალებს დახმარება შეჰპირდა. ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა 13 დეკემბერს განაცხადა, რომ "რუსეთმა დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლოს დაკავებული უკრინელი მეზღვაურები და უკრაინული გემები. ასევე, რუსეთმა უნდა უზრუნველყოს გემების მოძრაობის თავისუფლება. ეს არის რუსეთის დესტაბილიზირებული ქცევის თვალსაჩინო მოდელის ნაწილი. ჩვენ გადაჭრით ვგმობთ რუსეთის მიერ ყირიმის უკანონო ანექსიას."- დაამატა სტოლტენბერგმა.