საქართველოს წამყვანი ანსამბლების - „სუხიშვილებისა“ და „ერისიონის“ მოცეკვავეები „ქართულ ოცნებას“ მხარდაჭერას უცხადებენ. ანსამბლის წევრებმა ამის შესახებ დღეს განაცხადეს. როგორც აღმოჩნდა, მათი განცხადებები ხელმძღვანელობასთან არ იყო შეთანხმებული. კერძოდ, ნინო სუხიშვილმა ამის შესახებ ჟურნალისტებისგან შეიტყო. მოცეკვავეებს „ქართული ოცნების“ მაისურებიც ემოსათ და აღნიშნავდნენ, რომ საქართველოში უკანონობა მეფობდა და საქართველოს გადარჩენის მიზნით ბიძინა ივანიშვილთან გვერდში დგომა გადაწყვიტეს. მოგვიანებით ნაციონალური ბალეტის ხელმძღვანელმა ნინო სუხიშვილმა საკუთარი მოცეკვავეების გადაწყვეტილება განმარტა. მისი თქმით, ანსამბლის მხოლოდ რამდენიმე წევრმა განაცხადა, რომ ისინი მხარს კოალიცია „ქართულ ოცნებას“ უჭერდნენ, თუმცა მათ ამის გამო ანსამბლიდან არ დაითხოვენ. მისივე განმარტებით, ანსამბლში 200 წევრია და მათ განსხვავებული პოლიტიკური მოსაზრებები გააჩნიათ. უფრო მეტიც, ზოგიერთი მოცეკვავის ოჯახის წევრი პატიმარია და მათი რეაქცია პენიტენციალურ სისტემაში პატიმართა წამების ფაქტებთან დაკავშირებით ადექვატურია.
„ქართული ოცნების“ ოფისში თამამად გაკეთებული განცხადების შემდეგ რატომღაც ველოდით, რომ „სუხიშვილების“ მოცეკვავეები თავიანთ პოლიტიკურ სიმპათიას ჩვენთანაც არ დამალავდნენ, თუმცა, რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, მათ საუბრისგან თავი შეიკავეს. რა თქმა უნდა, ჩვენ მაშინვე დავინტერესდით, ანსამბლის ხელმძღვანელობის ან ვინმეს მხრიდან მათზე ზეწოლა ხომ არ განხორციელდა, თუმცა ისინი პირად საუბარში ყოველგვარ ზეწოლას გამორიცხავდნენ და აცხადებდნენ, რომ იმაზე მეტს, რაც „ქართული ოცნების“ ოფისში თქვეს, არ იტყვიან.
ამასთან, მოცეკვავეებს ხმაზე აღელვება ეტყობოდათ. აშკარად ჩანდა, რომ მათ რაღაც აფრთხობდათ, წინააღმდეგ შემთხვევაში, შეთქმულებივით ზუსტად ერთსა და იმავე პასუხს არ გაგვცემდნენ და საუბრისგან თავს არ შეიკავებდნენ. ჩვენ ნინო სუხიშვილთნაც ვცადეთ დაკავშირება, მაგრამ მისი მობილური გამორთული იყო. როგორც აგვიხსნეს, იგი სატელევიზიო კომენტარებს აკეთებდა და არ ეცალა.
რაც შეეხება სუხიშვილების მენეჯერს, ხატია ეკიზაშვილს, ერთი შეხედვით, ისიც გაოცებული იყო თავიანთი მოცეკვავეების საქციელით. მანვე For.ge-სთან საუბარში დასის წევრების შესახებ სამართლიანად აღნიშნა - „თავდაპირველად კომენტარს აკეთებენ, მერე იმალებიან და, მათ ნაცვლად, ჩვენ, ადმინისტრაციას, გვიწევს კომენტარების გაკეთება“.
ხატია ეკიზაშვილი ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ მათი მოცეკვავეები ზრდასრული ადამიანები არიან და ყველა მათგანს თავიანთი პოლიტიკური შეხედულება აქვს.
„როგორც გადაწყვიტეს, ისე მოიქცნენ. ამაში პრობლემას ვერ ვხედავ. როგორ შეიძლება, მთლიანად დასი ან ერთ აზრზე იყოს, ან მეორეზე?! ანსამბლში 200-მდე მოცეკვავეა და ზოგიერთი ერთ პოლიტიკურ ძალას ემხრობა, ზოგიერთი - მეორეს, ზოგიერთი - საერთოდ არცერთს. თუმცა, ეს ხუთი მოცეკვავე შეუერთდა „ქართულ ოცნებას“. ეს მათი გადაწყვეტილება იყო“.
ამასთან, ხატია ეკიზაშვილი აცხადებს, რომ მომხდარი ფაქტი დასში პრობლემებს არ შექმნის. მისი თქმით, ანსამბლის წევრები პოლიტიკურ თემებზე არ საუბრობენ და არც ის იცის, მოცეკვავეებს შორის ვინ ვის უჭერს მხარს, რადგან მათ ამაზე საუბრის დრო არ აქვთ.
„პოლიტიკური ნიშნით არც არავის ვღებულობთ ანსამბლში, არც არავის ვათავისუფლებთ. ეტყობა, ნინო სუხიშვილის გამოსვლა ცუდად გაშუქდა. ნინომ აღნიშნა, რომ ჩვენ სახელმწიფო ანსამბლი ვართ; ის, რომ ახალი წლის კონცერტზე მონაწილეობას ვიღებთ, რატომ უნდა იყოს ეს ვინმესთვის წლების მანძილზე აღშფოთების საგანი?! არადა, ფაქტია, რომ აღშფოთების საგანია. დიახ, სახელმწიფო ანსამბლი ვართ და სახელმწიფო პროექტებში მიგვიღია მონაწილეობა“.
ხატია ეკიზაშვილის განმარტებით, საკუთარ არჩევანში ყველა ადამიანი თავისუფალია. ამდენად, ეს გადაწყვეტილებაც მათთან არ შეუთანხმებიათ. უფრო მეტიც, დასის ადმინისტრაცია არც მომავალში ითხოვს, რომელიმე მოცეკვავემ პოზიცია შეუთანხმოს.
„არცერთი მოცეკვავისთვის არანაირი მითითება არ მიგვიცია. ანსამბლში ბევრი მოცეკვავეა, რომელიც არ ემხრობა ნაციონალურ მოძრაობას, ისინი ემხრობიან „ოცნებას“, ან „ქრისტიან-დემოკრატებს“ და სხვებს,“-აცხადებს ეკიზაშვილი.
ჩვენ დავუკავშირდით ამავე ანსამბლის ერთ-ერთ წევრს, სახელად ადამს. თუმცა მისგან ასეთი პასუხი მივიღეთ: „ასეთი სურვილი არის, რომ ჩვენ არ გვინდა, კომენტარი გავაკეთოთ“. ჩვენს შეკითხვაზე, მაშინ ტელევიზიისთვის რატომ გააკეთეს კომენტარი, ჩვენმა რესპონდენტმა გვითხრა, რომ არც ტელევიზიისთვის უთქვამთ რაიმე. უბრალოდ, საკუთარი აზრი „ოცნების“ ოფისში დააფიქსირეს და ამით ყველაფერი დამთავრდა, მეტი აღარ არის საჭირო.
როცა სხვა მოცეკვავის ნომერი ვთხოვეთ, ადამის პასუხი ასეთი იყო: „გენაცვალე, რა მკერავთ, ახლა, თუ რა ხდება? გთხოვთ, რომ კომენტარს ვერ გავაკეთებთ; არ ვთვლით საჭიროდ, რომ ამ თემაზე მეტი ვისაუბროთ,“- მოკლედ მოგვიჭრა რესპონდენტმა და არც ის აგვიხსნა, რა მოტივით არ სურდა საუბარი და ეს მოტივი ზეწოლა ხომ არ იყო. „თუ რაიმე განცხადების გაკეთება მოგვინდება, ზეწოლა არის თუ არ არის ჩვენზე, მაშინ გავაკეთებთ ამაზე კომენტარს,“-აღნიშნა სუხიშვილების მოცეკვავემ.
„სუხიშვილების“ მეორე მოცეკვავე, გიორგი დაუშვილიც არ გამოირჩეოდა სიტყვაუხვობით.
„ჩემო კარგო, საკმარისია ჩვენი კომენტარები, უკვე რამდენიმე ტელევიზიამ ჩაგვწერა. ისეთ ადგილას და ისეთ მდგომარეობაში ვარ, რომ ვერ დაგელაპარაკებით და ვერც იმ მოცეკვავეების ტელეფონს მოგცემთ, ვისაც კომენტარის გაკეთება შეეძლება“.
როცა ზეწოლის შესახებ ვკითხეთ, გიორგი დაუშვილმა განაცხადა: „ალბათ, უყურეთ კადრებს და ჩვენი ხელმძღვანელობის მხრიდან ჩვენზე ზეწოლის შესახებ არაფერი გვითქვამს. ახლა უნდა დაგემშვიდობოთ, დიდი ბოდიში“.
რაც შეეხება „ერისიონს“, ანსამბლი სრული შემადგენლობით შეუერთდა „ქართულ ოცნებას.“ თუმცა, სუხიშვილებისგან განსხვავებით, კომენტარების გაკეთებისას აქ მეტი თავისუფლება იგრძნობოდა.
ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელი ჯემალ ჭკუასელი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ მანაც მოისმინა ანსამბლის ბიჭების ნათქვამი, თუმცა ყველაფერი ისე არ ყოფილა, როგორც გავრცელდა.
„ბიჭებს სხვანაირად უთქვამთ. თუმცა მათ არ ჰქონდათ ანსამბლის სახელით საუბრის უფლება. მეტიც, ისინი ცხრანი იყვნენ. არ ვიცი, დასის დანარჩენი წევრები რა შეხედულების არიან და ეთანხმებიან თუ არა ამ ბიჭებს, ან სულ სხვა ჭკუაზე არიან თუ არა. ეს ბიჭები თავს იკლავენ, ასეთი რამ არ გვითქვამს, თითქოს „ქართულ ოცნებას“ შევუერთდითო. უბრალოდ, ბიჭებმა თქვეს, რომ მომხდარი ფაქტი არის დასაგმობი და ეს ხალხი უნდა დაისაჯოს. ეს „ქართულ ოცნებასთან“ შეერთებას არ ნიშნავს. მე არ ვუკრძალავ მათ არაფერს, ისინი ზრდასრულები არიან, როგორ განცხადებასაც უნდათ, ისეთს გაკეთებენ, მაგრამ ანსამბლის სახელით არ უნდა ელაპარაკათ. საერთოდ, მათ ვუკრძალავ პოლიტიკაზე საუბარს. არც პარტიის წევრის ვყოფილვარ, ღმერთმა დამიფაროს, ყოველი არჩევნების მოსვლა გულს მიხეთქავს. მოდიან და მთხოვენ, იყავით ჩემი დეპუტატიო. ახლა არ შემოუთავაზებიათ, მაგრამ, საერთოდ, მთხოვენ“, - აცხადებს ჯემალ ჭკუასელი.
ციხეებში მომხდარ ფაქტს ჯემალ ჭკუასელი საზიზღრობას უწოდებს. მისი თქმით, იგი ამ ხნის კაცია და ამას სახელს ვერ უძებნის. უფრო მეტიც, არ წარმოედგინა, თუ საქართველოში ქართველ კაცს შეეძლო, ასეთი სიბინძურე გაეკეთებინა.
„ეს გასაგიჟებელია. ორი ღამე დავდივარ და ვერ დავიძინე. ახლა პოლიტიკური განცხადების გაკეთება არ მინდა, ვერც იმას გეტყვით, ვინ უნდა გადადგეს, მაგრამ დაუსჯელი არავინ არ უნდა დარჩეს, ვინც არ უნდა იყოს“.
ჩვენს შეკითხვაზე, თუკი ანსამბლის წევრები მართლა გადავიდნენ „ქართულ ოცნებაში“, მათ ხომ არ დასჯიდნენ, ჯემალ ჭკუასელმა აღნიშნა: „როგორ ვაკადრებ მათ დასჯას. უბრალოდ, ანსაბლის სახელით არ უნდა გამოსულიყვნენ. თუ რამე შეეშალათ მაგათ, ბოდიშიც მომიხადეს, როცა დამირეკეს. მე ამ შეურაცხყოფას მათ არ მივაყენებ, რომ საკუთარი პოზიციის გამოხატვა ავუკრძალო. ვისი რა საქმეა, პოლიტიკურად მათ ვინ მოსწონთ. რაც არ უნდა მწარე სიმართლე თქვან, ეს მათი აზრია“.
აქვე ჯემალ ჭკუასელი აღნიშნავს, რომ სასურველია, მოცეკვავეები პოლიტიკაში არ ჩაერიონ, რადგან არავინ იცის, სიმართლე სად არის. „მათ ვეუბნები, თქვენ არ იცით პოლიტიკა,“ - განმარტავს ანსამბლ "ერისიონის" სამხატვრო ხელმძღვანელი.
„ერისიონის“ მოცეკვავე ლადო გელაშვილი კი For.ge-ს უცხადებს, რომ, მათ, როგორც ხელოვანმა ადამიანებმა, ეს ამაზრზენი კადრები გააპროტესტეს და ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ვინმეს შეუერთდნენ.
„უბრალოდ, მივედით და საკუთარი პოზიციის საჯაროდ გამოხატვის საშუალება მოგვცა „ქართულმა ოცნებამ“.
ჩვენი შეკითხვის საპასუხოდ, თვით ის ფაქტი, რომ მაინცდამაინც „ქართული ოცნების“ ოფისიდან თქვეს სათქმელი, ხომ არ ნიშნავს, რომ ისინი მართლაც „ქართულ ოცნებას“ შეუერდნენ, ლადო გელაშვილი აცხადებს, რომ ისინი არავის უერთდებიან, არცერთ პოლიტიკურ დაჯგუფებას, რადგან ხელოვანები არიან და პოლიტიკასთან საერთო არ აქვთ.
„უბრალოდ, მოგვეცა საშუალება, რომ „ქართული ოცნების“ ოფისში დაგვეფიქსირებინა საკუთარი აზრი. ჩვენ ცხრანი ვიყავით და გარეთ კიდევ რამდენიმე ადამიანი იდგა. ანსამბლის ხელმძღვანელობას არ დავუშინებივართ, ჩვენს ანსამბლში პოლიტიკაზე არ ვსაუბრობთ, ჩვენ ჩვენი საქმე გვაქვს, დილიდან საღამომდე რეპეტიციები“, - აღნიშნა ლადო გელაშვილმა.
ანსამბლის მეორე წევრი, სანდრო ლომინეიშვილი კი აღნიშნავს, რომ იგი ქართველი ერის გვერდითაა, ქართველი ერი კი ვისთანაც დგას, ეს ცალსახაა - ეს არის „ქართული ოცნება“.
„უბრალოდ, მე ვთქვი, რომ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავარ. ქართველი ხალხი კი „ქართული ოცნების“ გვერდითაა. მე მგონი, ყველა ხედავს, რომ სრულიად საქართველო „ქართული ოცნების“ გვერდითაა. ვერ ვიტყვი, რომ „ქართულ ოცნებას“ შევუერთდი, მე პარტიული არ ვარ, პოლიტიკაში არ ვერევი, მაგრამ ხალხის გვერდით ვარ“, - აცხადებს სანდრო ლომინეიშვილი.