მეკობრეები გემის ჩაძირვით და ქართველი მეზღვაურების დახოცვით იმუქრებიან

მეკობრეები გემის ჩაძირვით და ქართველი მეზღვაურების დახოცვით იმუქრებიან

უკვე ორ თვეზე მეტია, რაც სომალელმა მეკობრებმა მალტის დროშით მცურავი ხომალდი დააკავეს, რომელზედაც საქართველოს 13 და თურქეთის 3 მოქალაქე იმყოფებოდა. გავრცელებული ინფორმაციით, დამნაშავეები ქართველების გასათავისუფლებლად მილიონ დოლარს ითხოვენ. 

გემი ბერძნულ კომპანია „რიო ვენტურეს“ ეკუთვნის. ცნობილია, რომ ხომალდმა განგაშის სიგნალი გადასცა აშშ-ს სამხედრო გემს „პრინსტონს“, თუმცა სანამ „პრინსტონმა“ რეაგირება მოახდინა, სავაჭრო გემთან კავშირი გაწყდა.

როგორც მეზღვაურთა პროფკავშირში აცხადეებენ, დატყვევებული გემის მფლობელი კომპანია ორი გემის გაყიდვას და ამ გზით საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლებას გეგმავს.

ბოლო ინფორმაციით კი, მოლაპარაკება ჩიხში შევიდა. კომპანიის ადვოკატმა მეკობრეებს საბოლოო თანხა დაუსახელა. თუმცა მეკობრეებისთვის თანხა მიუღებელი აღმოჩნდა და ისინი მეზღვაურების დახოცვით და გემის ჩაძირვით იმუქრებიან.

„მოლაპარაკება ჩიხშია. ისინი ქართველი მეზღვაურების გასათავისუფლებლად მილიონ დოლარს ითხოვენ. ქართულ მხარეს ეს თანხა არ აწყობს“, - აცხადებს ბათუმის საზღვაო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სულიკო სურმანიძე. გუშინ გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებამ, მეზღვაურთა პროფკავშირთან ერთად, 15 ქართველი მეზღვაურის გადასარჩენად სოლიდარობის ფონდი შექმნა. საქართველოს პროფკავშირებმა გამოსასყიდის შეგროვების მიზნით უკვე მიმართა ევროპის სხვადასხვა ქვეყნების მეზღვაურთა პროფკავშირებს და მათ თანადგომისკენ მოუწოდა. პროფკავშირები კამპანიას იწყებს ქვეყნის შიგნითაც და გამოსასყიდის შესაგროვებლად სხვადასხვა აქტივობებს გეგმავს.

მეზღვაურთა პროფკავშირის ხელმძღვანელის, ანატოლი ჩიჯავაძის თქმით კი, ერთ-ერთი ქართველი საკუთარი ოჯახის წევრებს დაუკავშირდა და დახმარება სთხოვა. მეზღვაურის თქმით, მეკობრეები მათ გაუსაძლის პირობებში ამყოფებენ. არ აქვთ წყალი და საკვები.

დატყვევებული მეზღვაურების ოჯახის წევრებმა აჭარის უმაღლეს საბჭოსთან დახმარების თხოვნით აქცია გამართეს.

ბათუმელი მეზღვაურები მემედ ზაქარაძე, შალვა ვერძაძე, დავით დევაძე, თემურ ბედინაძე, ზურაბ შერვაშიძე, გიორგი სირაძე, ჯაბა ქარჩავა, ნუკრი ჯიჯავაძე, ირაკლი ჯიქიძე, თემურ ვარშანიძე, ანზორ ფარტენაძე, ასლან დემურაძე, ჯიმშერ ასანიძე, თემურ მახარაძე და გენადი ტიმოფეევი ორ თვეზე მეტია ტყვეობაში იმყოფებიან. კიდევ ერთი მეზღვაური, ოლეგ ნოდია კი ერთი კვირის წინ დაატყვევეს.

აღსანიშნავია, რომ სომალელი მეკობრეები განსაკუთრებით 2009 წლის დასაწყისიდან გააქტიურდნენ. საერთაშორისო საზღვაო ბიუროს ინფორმაციით, მეკობრეების თავდასხმებმა გასული წლის განმავლობაში რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. ისინი 217 ხომალდს დაესხნენ თავს, აქედან 47-ის დაყაჩაღება მოახერხეს, 2008 წელს კი ადენის ყურეში, არაბეთის ზღვასა და ინდოეთის ოკეანეში, დაახლოებით 130 ხომალდს დაესხნენ თავს.

ზოგიერთმა სახელმწიფომ, მათ შორის რუსეთის ფედერაციამ, აშშ-მა, ინდოეთმა და ევროკავშირის ქვეყნებმა, ადენის ყურეში სამხედრო გემები გაგზავნეს, რომელთაც ზღვაოსნობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა ეკისრებათ. მაგრამ მიუხედავად ამისა, მეკობრეები თავისას არ იშლიან და აგრძელებენ თავდასხმებს. თუმცა საერთაშორისო საზღვაო ბიუროს ინფორმაციით, მეკობრეების თავდასხმების რაოდენობა 2010 წლის პირველ ნახევარში საგრძნობლად შემცირდა.

26 აგვისტოს მონაცემებით, რომელიც გაეროს გენერალურმა მდივანმა პან გი მუნმა გაეროს უშიშროების საბჭოს წარუდგინა, მეკობრეებმა ხელში ჩაიგდეს 30 გემი, მათგან 17 გემი და 450 მეზღვაური ახლაც ტყვეობაში იმყოფება.

მისივე თქმით, ბოლო სამი წლის განმავლობაში საერთაშორისო თანამეგობრობას ამ პრობლემის მოგვრებისთვის ძალისხმევა არ დაუშურებია.

„ამის მიუხედავად, ჩვენ შეგვიძლია უფრო მეტის გაკეთება. აუცილებელია შევიმუშავოთ საერთაშორისო წყლებში მეკობრეებთან ეფექტური ბრძოლის სამართლებრივი რეჟიმი“, - განაცხადა გენერალურმა მდივანმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ უშიშროების საბჭოს მეკობრეების სისხლის სამართლებლივი დევნის შვიდი ვარიანტი შესთავაზა, თვით საერთაშორისო სასამართლო ორგანოს შექმნის ჩათვლით, ასევე საერთაშორისო ტრიბუნალის, ან სასამართლო პალატის შექმნა. გენერალურმა მდივანმა თქვა, რომ საკითხის გადაწყვეტას პოლიტიკური ნება და ფინანსები სჭირდება.

პან გი მუნის თქმით, ამჟამად მსოფლიოს 11 სახელმწიფოში მიმდინარეობს გამოძიება 600 პირის მიმართ, რომლებიც ბოლო 18 თვის განმავლობაში მეკობრეობაში არიან ეჭვმიტანილნი.

მეკობრეები განსაკუთრებით აქტიურობენ მაღალი ტვირთბრუნვის მქონე სანაპიროებთან და ხელს უშლიან ჰუმანიტარული ტვირთის გადატანას. 90% მსოფლიო სასურსათო პროგრამებისა ხორციელდება საზღვაო გადაზიდვებით და ამიტომ გემები უკვე ესკორტირებას ითხოვენ.

კენიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, სომალელმა მეკობრეებმა მარტო 12 თვის განმავლობაში 150 მილიონი დოლარი იშოვეს.

ადენის ყურეში იემენის ხომალდები მოქმედი მეკობრეების მსხვერპლი ხშირად ხდებიან, მაგრამ ხშირ შემთხვევაში მათ ძალიან მალე და გამოსასყიდის გარეშე უშვებენ. სხვა ქვეყნების ხომალდებს კი ნაკლებად უმართლებთ და მოლაპარაკებები ხშირად რამდენიმე თვე გრძელდება. მეკობრეები, როგორც წესი, გამოსასყიდზე მფლობელ კომპანიას უკავშირდებიან. გამოსასყიდად ხშირად რამდენიმე მილიონ დოლარს ითხოვენ, თუმცა მოლაპარაკებების შემთხვევაში შესაძლოა რამდენიმე ათასსაც დასჯერდნენ. 

მაგალითად 2008 წელს მეკობრეები ეგვიპტური გემისმფლობელი კომპანიისგან გამოსასყიდის სახით 10 მილიონს ითხოვდნენ, თუმცა საბოლოოდ 600 000 აშშ დოლარი იმყოფინეს.

სომალელმა მეკობრეებმა თავის ისტორიაში ყველაზე დიდი გამოსასყიდი „მარან სენტაურუსის“ ტანკერში მიიღეს. ზუსტი თანხა დადგენილი არ არის, თუმცა როგორც ვარაუდობენ, მათ 5-დან 7 მილიონ დოლარამდე გადაუხადეს.

ცნობისთვის: სომალელი მეკობრეები არიან შეიარაღებული დაჯგუფება რომლის მიზანია შეიპყროს სავაჭრო გემები და მიიღოს გამოსასყიდი. თავდასხმებს ახორციელებენ ძირითადად ადენის ყურეში და ინდოეთის ოკეანეში. გადაადგილებისთვის იყენებენ დაბალი ტვირთმზიდობის გემებს, კატერებს, თევზსაჭერ გემებს და მოტორიან ნავებს.

შეიარაღებულები არიან ავტომატური შაშხანებით, ყუმბარმტყორცნებით და ნახევრად ავტომატური პისტოლეტებით. სომალელი მეკობრეები არიან კარგად ორგანიზებულები და იყენებენ კომუნიკაციის თანამედროვე საშუალებებს როგორიცაა თანამგზავრული ტელეფონები და GPS.

1991 წლიდან სომალიმ, როგორც ცენტრალიზებულმა სახელმწიფომ, შეწყვიტა არსებობა. მეკობრეობა ამ რაიონში განსაკუთრებით განვითარდა 2004 წლიდან და, თან, ძალიან სწრაფი ტემპებით. საველე მეთაურები ხშირად ხუჭავენ თვალს მეკობრულ გეგმებზე, ზოგიერთი მათგანი კი თავად მონაწილეობს თავდასხმაში. წლის განმავლობაში ადენის სრუტის გავლით გადაადგილდება 20 000 გემი, დღე-ღამეში კი დაახლოებით 250. 

ტექნიკურად, შეპყრობის პროცესი ისეთივეა, როგორც შუა საუკუნეებში. წრაფმავალი მცურავი საშუალებით მეკობრეები უახლოვდებიან მშვიდობიან სავაჭრო გემს და ადიან ბორტზე. მეკობრეები სხვადასხვა გემზე სხვადასხვა საშუალებებით ახორციელებენ შეტევას იმისდა მიხედვით, თუ რა ტიპის გემით გადაადგილდება მსხვერპლი. პატარა და დაბალი გემები გაცილებით ადვილი დასაპყრობია, მაგრამ დიდ გემებზე ისინი სპეციალური კაუჭებით და სამაგრებით ადიან. ამ დროს მეკობრეების ჯგუფი ავტომატის ჯერით ცხრილავს ბორტს, რათა მეზღვაურები არ შეეცადნონ წყლის ჭავლით ან რაიმე სხვა საშუალებებით ხელი შეუშალონ მათ.

მეკობრეების შეტევის საშუალო ხანგრძლივობა 10-დან 20 წუთამდეა. თუ მათ ამ პერიოდში ვერ შეძლეს გემის კონტროლზე აყვანა, ისინი წყვეტენ შეტევას. თუ მეკობრეებმა შეძლეს გემზე ასვლა, შეიძლება ითქვას, რომ გემი მათ ხელშია. რადგან მშვიდობიანი მეზღვაურები, შიშველი ხელებით არ შეეცდებიან წინააღმდეგობის გაწევას. ერთადერთი გარანტირებული გზა გადარჩენის არის ის, რომ არანაირი წინააღმდეგობა არ გაუწიო სომალელ მეკობრეებს და არ შეეცადო გმირობის ჩადენას.