როგორც ჩანს, სვანეთში პოლიტიკური დუღილის ტემპერატურა იმდენად მაღალ ნიშნულამდე მივიდა, რომ ხელისუფლება ოპოზიციურ ლიდერებთან გამკლავებას კლიმატის ხელოვნურად შეცვლით შეეცდება. მესტიაში უკვე ღიად საუბრობენ იმის შესახებ, რომ ვანო მერაბიშვილის უწყება დაბაში კომენდანტის საათის შემოღებაზე მუშაობს. დამკვეთი, ამ შემთხვევაშიც რეგიონის ხელისუფლებაა.
“პრესა.გე” - ს ინფორმაციით, მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა ჭელიძე ორი დღის წინ ქვეყნის პირველ პოლიციელს შს სამინისტროში თავად ეახლა და მის წინაშე მთელი რიგი მოთხოვნები დააყენა.
-ჭელიძემ თურმე მერაბიშვილს შესჩივლა, თქვენ დასაჭერთა კიდევ 9-კაციანი სია გაქვთ, მე კი სვანები ჩამქოლავენ, მეტი მხარდაჭერა მჭირდება თქვენგან, დამატებითი ძალები გამოყავით და კომენდანტის საათი შემოიღეთო.
ამ საკითხის გასარკვევად “პრესა.გე” გოჩა ჭელიძეს ტელეფონით დაუკავშირდა, თუმცა კავშირი მალევე გაწყდა და აღდგენა გაურკვეველი მიზეზით ვერ მოხერხდა. მასთან ინტერვიუს უცვლელად გთავაზობთ.
მართლა ეახელით მერაბიშვილს და მესტიაში საგანგებო მდგომარეობის შემოღება ითხოვეთ?
- აღფრთოვანებული ვარ თქვენი სიუჟეტებით, როგორი აღფრთოვანებული, იცით? როგორი მადლობელი ვარ იცი? რამხელა პიარს მიკეთებთ, თქვენ აზრზე არა ხართ. ზოგჯერ შავი პიარი თეთრსა ჯობია.
თუ შეიძლება კითხვაზე მიპასუხეთ?
- რასაც თქვენ ამბობთ, აბსოლუტური ჭორია, ზუსტად იმ დემაგოგების მიერ მოგონილი, ვიზეც შენ მუშაობ, კარგად ჩაიწერე.
განმარტეთ თუ შეიძლება?
- განმარტებულია, ჩემზე უკეთ არ იცი?
ამ ხანმოკლე და მრავლისმეტყველ ინტერვიუსაც მესტიის გამგებელი ალბათ მისი პიარ-აქციის ნაწილად ჩათვლის. ჭელიძის აზრით, “შავი” პიარია ის, რომ მან გუბერნატორ გოროზიასთან და სამხარეო პოლიციის უფროსთან, თენგიზ გუნავასთან, მესტიის მაჟორიტარ დეპუტატთან, კახა კვიციანთან ერთად 3 მაისის ღამეს, მესტიის გამგეობის შენობაში საკუთარ მოსახლეობას სპეცრაზმი მიუსია და დეპუტატობის კანდიდატობიდან თავის მოხსნა ავტომატების ქვეშ აიძულა.
ადგილობრივი არჩევნების წინა ღამეს, მთელი სვანეთი დაატერორა და ნაცმოძრაობის სასარგებლოდ ხმის მიცემა აიძულა, მისი უშუალო პროვოცირებით ციხეში აღმოჩნდნენ ნელი ნავერიანი და მისი ნათესავები, ხოლო სპეცრაზმს, იმ სვანებისთვის, ვინც მათი დაკავება გააპროტესტა, რეზინის ტყვიები და ხელკეტები დააშენინა.
ეს არის მოკლე ჩამონათვალი იმ ძალადობებისა, რომელიც ბოლო დროს მესტიაში განხორციელდა და რომლის შესახებაც “პრესა. გე” თვითმხილველებისა და ძალადობის მსხვერპლი ადამიანების ინტერვიუებზე დაყრდნობით წერდა.
ამ სტატიებსა თუ ვიდეოინტერვიუებში გოჩა ჭელიძის კომენტარებიც აქტიურად ფიგურირებდა...