ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორ სტუდენტს საქართველოს ეროვნული ლატარია 2018-2019 სასწავლო წლის სწავლის საფასურს დაუფინანსებს. თსუ-სა და საქართველოს ეროვნულ ლატარიას შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში განხორციელდება ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტები, სოციალური აქციები. საქართველოს ეროვნულმა ლატარიამ სოციალური აქციის პირველ ადრესატებად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ის სტუდენტები შეარჩია, რომლებიც გამოირჩევიან მაღალი აკადემიური მოსწრებით და ესაჭიროებათ ფინანსური მხარდაჭერა. თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ და საქართველოს ეროვნული ლატარიის დირექტორმა გიორგი გედევანიშვილმა მოაწერეს.
თსუ რექტორის გიორგი შარვაშიძის თქმით, საქართველოს ეროვნული ლატარია ერთი საუკუნის წინ შეიქმნა და 100 წლის შემდეგ კვლავ უბრუნდება თავის დანიშნულებას: ,,ეროვნულმა ლატარიამ უნივერსიტეტის ორი სტუდენტი შეარჩია მათი სწავლის დასაფინანსებლად. სოციალური პარტნიორობის ფარგლებში ვახორციელებთ ამ პროგრამას. ჩვენი თანამშრომლობა სხვადასხვა აქტივობებსაც ითვალისწინებს, მათ შორის, კომპანიაში ჩვენი სტუდენტების სტაჟირებასაც.“.
,,საქართველოს ეროვნული ლატარია გამოირჩევა მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით. ჩვენთვის სიმბოლურია, რომ ზუსტად 100 წლის წინ შედგა პირველი ეროვნული ლოტო, რომლის მიზანი იყო რომ შეექმნა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ქართული თეატრი. მემორანდუმი, რომელსაც დღეს მოვაწერეთ ხელი, ითვალისწინებს, რომ ჩვენ ამ ერთი წლის განმავლობაში სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად აქტიურად განვახორციელოთ კიდევ სხვა ბევრი პროექტი“- აღნიშნა საქართველოს ეროვნული ლატარიის წარმომადგენელმა თათია თოფურიამ.
საქართველოს ეროვნულმა ლატარიამ თსუ ერთი მაგისტრანტი და ერთი დოქტორანტის სწავლა დააფინანსა. ,,მოულოდნელი და სასიხარულო იყო, როდესაც გავიგე საქართველოს ეროვნული ლატარიის გადაწყვეტილება. ის მიფინანსებს მეორე კურსის სწავლების საფასურს. სტუდენტებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი მხარდაჭერა, დიდი მადლობა საქართველოს ეროვნულ ლატარიას“- განაცხადა თსუ სტუდენტმა მარიამ ყვავილაშვილმა.