ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკისა და უნივერსიტეტის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ლექციათა ციკლი დაიწყო.
ლექციათა ციკლი გახსნეს უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ საჯარო ლექციით ,,საუნივერსიტეტო განათლება საქართველოში“ და თსუ ბიბლიოთეკის ხელმძღვანელმა ზურაბ გაიპარაშვილმა - ,,პირველი ქართული უნივერსიტეტი 1918-1921“.
,,ერთი თვის მანძილზე გვექნება ღია ფორმატის საჯარო ლექციების ციკლი. აღსანიშნავია, რომ პირველი საჯარო ლექცია დაემთხვა ივანე ჯავახიშვილის დაბადების დღეს. ინტერესი მაღალია და იმედია ბევრი მოსწავლე, რომელიც ესწრება ამ ღონისძიებებს, მომავალში გახდება ამავე უნივერსიტეტის სტუდენტი,“ - განაცხადა თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ.
უნივერსიტეტის იდეის დაბადებაზე, დამფუძნებელთა საქმიანობაზე, სახელმწიფოსა და უნივერსიტეტის ურთიერთობაზე ისაუბრა საჯარო ლექციაზე თსუ ბიბლიოთეკის ხელმძღვანელმა ზურაბ გაიპარაშვილმა. მისი თქმით, ,,ეს წელი გამორჩეულია, რადგან წელს არის უნივერსიტეტის და საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების 100 წლისთავი, ივანე ჯავახიშვილის დაბადების დღე, ასევე წიგნის საერთაშორისო დღე. სწორედ ამიტომ, წელს ამ ღონისძიებებს განსაკუთრებული მასშტაბი აქვს“.
საუნივერსიტეტო ღონისძიებათა ფარგლებში, ივანე ჯავახიშვილის დაბადების დღისადმი მიძღვნილ ექსპოზიციას უმასპინძლა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მუზეუმმა, სადაც გამოფენილი იყო იშვიათი რარიტეტები, ფოტოდოკუმენტური და მემორიალური ნივთები, რომელიც ასახავს მეცნიერისა და უნივერსიტეტის დამაარსებლის მრავალმხრივ სამეცნიერო და საზოგადოებრივ მოღვაწეობას. მუზეუმის დირექტორის მაია გურაბანიძის თქმით „ექსპოზიციაზე გამოფენილია ივანე ჯავახიშვილის მემორიალური ნივთები - ოჯახური ალბომი, მისი ხელით დაწერილი უნივერსიტეტის წესდება, პირადი მოხმარების საგნები“.
ლექციათა ციკლი თსუ-ში ერთი თვის მანძლზე საქართველოს დამოუკიდებლობის დღემდე, 26 მაისამდე გაგრძელდება. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები საჯარო სკოლის მოსწავლეებს, საზოგადოების წარმომადგენლებს ქვეყნის დამოუკიდებლობის და განვითარების მნიშვნელოვან ასპექტებს გააცნობენ.