საიუბილეო ღონისძიებები თსუ-ში

საიუბილეო ღონისძიებები თსუ-ში

23 აპრილს, 15.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში  იწყება  უნივერსიტეტის და საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ლექციათა ციკლი, რომელიც მოიცავს საქართველოს დამოუკიდებლობის 100-წლოვან ისტორიასა და უნივერსიტეტის მნიშვნელობას  ქვეყნის განვითარების პროცესში.

ლექციათა ციკლს 23 აპრილს  საჯარო ლექციებით გახსნიან: უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შარვაშიძე  -„საუნივერსიტეტო განათლება საქართველოში“ და თსუ ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი  ზურაბ გაიპარაშვილი „პირველი ქართული უნივერსიტეტი 1918-1921“. ლექციათა ციკლი ერთი თვის მანძლზე საქართველოს დამოუკიდებლობის დღემდე, 26 მაისამდე გაგრძელდება და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები საჯარო სკოლის მოსწავლეებს, საზოგადოების წარმომადგენლებს ქვეყნის დამოუკიდებლობის და განვითარების მნიშვნელოვან ასპექტებს გააცნობენ. 

23 აპრილს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მუზეუმი წარმოგვიდგენს ივანე ჯავახიშვილის დაბადების დღისადმი მიძღვნილ ექსპოზიციას, სადაც გამოფენილი იქნება იშვიათი რარიტეტები, ფოტოდოკუმენტური და მემორიალური ნივთები, რომელიც ასახავს მეცნიერისა და უნივერსიტეტის დამაარსებლის - ივანე ჯავახიშვილის მრავალმხრივ სამეცნიერო და საზოგადოებრივ მოღვაწეობას.

უნივერსიტეტის დამაარსებელი, ქართველი ისტორიკოსი და საზოგადო მოღვაწე  ივანე ჯავახიშვილი 1876 წლის 23 აპრილს დაიბადა თბილისში, დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლურ ენათა ფაკულტეტი. 1918 წელს ივანე ჯავახიშვილმა თანამოაზრეებთან ერთად დააარსა ევროპული ყაიდის უნივერსიტეტი თბილისში, პირველი უნივერსიტეტი კავკასიაში. 

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ მუზეუმის ცენტრალური საგამოფენო დარბაზი