გუშინ, ვანის რაიონში გალაკტიონის დაბადების დღესთან დაკავშირებით, ტრადიციული სახალხო დღესასწაული "გალაკტიონობა" აღნიშნეს. პოეტის მშობლიური სოფელი ჭყვიში და გალაკტიონ ტაბიძის სახლ-მუზეუმი სტუმრებს დილიდან მასპინძლობდა.
ტაბიძეების კარმიდამოში სხვადასხვა ტიპის შემოქმედებითი ღონისძიებები გაიმართა. სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები მუზეუმის ყველა კუთხეში გალაკტიონის ლექსებს კითხულობდნენ. გალაკტიონის პოეზიის თაყვანისმცემლებმა გვირგვინებით შეამკეს პოეტის ძეგლი.
როგორც იცით, გუშინ გალაკტიონ ტაბიძეს დაბადებიდან 119 წელი შეუსრულდა. მომავალ წელს, ვანის რაიონი პოეტის 120 წლის იუბილეს გრანდიოზულად შეხვდება. სახალხო ზეიმი ტრადიციულია და იგი საბჭოთა პერიოდიდან აღინიშნება. ზეიმში მონაწილეობა საქართველოს მწერლებმაც მიიღეს.