უფასო სახელმძღვანელოები მხოლოდ “პროგრამაშია”

უფასო სახელმძღვანელოები მხოლოდ “პროგრამაშია”

სასკოლო სახელმძღვანელოების თემა დროდადრო ძალიან აქტუალური ხდება. ამჯერად “პროგრამაშია” უფასო სახელმძღვანელოების თემატიკა, რომელსაც საკრებულოს ოპოზიცია ითხოვს, ხოლო მერია ცალყბად ეთანხმება.

თბილისი მერიამ, შესაძლოა, მოსწავლეებისათვის უფასო სახელმძღვანელოების პროექტი დააფინანსოს. ასეთი აზრი საკრებულოს ფრაქცია “დედაქალაქის” თავმჯდომარეს, კობა დავითაშვილმა თბილისის მერთან გიგი უგულავასთან შეხვედრის შემდეგ გაუჩნდა. 

“დედაქალაქელებმა” უგულავას წარუდგინეს რამდენიმე პროგრამა. კერძოდ: ჯანდაცვის 100%-იანი დაზღვევა მცირე შემოსავლიანი პენსიონერებისათვის, რისთვისაც ბიუჯეტიდან 95 მილიონი ლარია საჭირო; პენსია სტაჟისა და დამსახურების მიხედვით, დანამატი წელიწადზე 1 ლარის ოდენობით, რომლისთვისაც 72 მილიონი ლარია საჭირო; სკოლის მოსწავლეებისთვის უფასო სახელმძღვანელოების პროგრამა.

იმისათვის, რომ მოსწავლეებს სახელმწიფომ სახელმძღვანელოები შეუძინოს, ამისთვის 6 მილიონი ლარი უნდა დახარჯოს. სასწავლო წლის დასრულების შემდეგ კი, ეს სახელმძღვანელოები სხვა მოსწავლეებს გადაეცემათ, როგორც ეს წლების წინ ხდებოდა.  

დავითაშვილისა და უგულავას პროგრამულ შერკინებას შედეგად მოჰყვა ის, რომ წინა ორ პროექტზე დედაქალაქის ხელმძღვანელობამ უარი თქვა. რაც შეეხება მოსწავლეებისთვის სახელმძღვანელოების უფასოდ დარიგებას, მერმა აღნიშნა, რომ თუ პროექტი დამუშავდება, მისი რეალიზება შესაძლებელია. 

რადგანაც დავითაშვილმა უგულავას მეტი ვერაფერი სანუგეშო გამოსტყუა, იმედები სწორედ სასწავლო პროგრამაზე დაამყარა და მისი განხორციელება კატეგორიულად მოითხოვა. უგულავას განცხადებით, თუ მოსწავლეებისთვის უფასო სახელმძღვანელოების დარიგება არ იქნება ასახული 2011 წლის თბილისის ბიუჯეტის პროექტში, “დედაქალაქი” ბიუჯეტის დამტკიცებას ხმას არ მისცემს.

უფასო სახელმძღვანელოების დარიგების იდეაც, პროექტიც და პროგრამაც ყველასთვის ხელსაყრელი და მისაღებია, მაგრამ რამდენად მოახერხებს მთავრობა მის დაფინანსებას და შემდგომ უნაკლოდ განხორციელებას, ეს კიდევ სხვა საკითხია. თუ წლევანდელ გამოცდილებას გავითვალისწინებთ, განხორციელების საკითხში აშკარა ჩავარდნებია.

ცნობილია, რომ ახალი სასწავლო წლისათვის პრეზიდენტს და განათლების მინისტრს მრავალგზის გაპიარებული სახელმწიფო პროგრამა ჩაუვარდათ. საქმე ეხებოდა სოციალურად დაუცველი კატეგორიის პირველკლასელთათვის სახელმძღვანელოების დარიგებას. სასწავლო წლის ორი კვირა ისე მიილია და უამრავმა პირველკლასელმა სახელმწიფოს საჩუქარი ვერ მიიღო. 

საჯარო სკოლის მოსწავლეთა მშობლები, დირექციისგან კონკრეტულ პასუხს ვერ იღებენ იმის თაობაზე, თუ რატომ ფერხდებოდა წიგნების დარიგება. მოკლედ, წიგნების გადაცემის დაგვიანებასთან ერთად შეფერხდა სწავლის პროცესიც, რადგანაც სოციალურად დაუცველი მოსწავლეები, სახელმძღვანელოების უქონლობის გამო, ვერ ახერხებდნენ მასწავლებლების მიერ მიცემული დავალებები შესრულებას. 

ბოლოს, წიგნები მაინც დარიგდა, მაგრამ – საკმაო დაგვიანებით და ნაწილ-ნაწილ. შეფერხება კი იმან გამოიწვია, რომ სახელმძღვანელოები საქართველოში კი არა, ჩინეთსა და ინდოეთში დაიბეჭდა, საქართველოში დროზე ვერ შემოიტანეს და ტვირთის დიდი ნაწილი საბაჟოზე გაიჭედა. 

უფასო სახელმძღვანელოებით ყველა სკოლების აღჭურვას საკმაოდ დიდი ორგანიზება და კოორდინაცია დასჭირდება, ხოლო თუკი ამ კონკრეტულ “გამოცდილებას” გავითვალისწინებთ, გამორიცხული არ არის, მოსწავლეთა უდიდესი ნაწილმა პირველი სემესტრი უწიგნებოდ ჩაამთავროს.