საპარლამენტო არჩევნებამდე სულ უფრო ნაკლები დრო რჩება. საარჩევნო ციებ-ცხელებაში ქართული საზოგადოების ყველა ფენაა ჩართული და გამონაკლისს არც ხელოვანები წარმოადგენენ. ამ მხრივ განსაკუთრებით მმართველი პარტიის მეხოტბეები გამოირჩევიან. დადიან ჩვენი ქვეყნის ყველა კუთხეში დუტა, შორენა და მათი „ოფიციოზი“ კოლეგები და ხალხს „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერისთვის მოუწოდებენ.
ბატონი სააკაშვილი არჩევნების გასაყალბებლად ემზადება. თადარიგი უკვე დაიჭირა და მოსალოდნელი საპროტესტო გამოსვლების დასარბევად რამდენიმე ათას პოლიციელს გულდასმით ამზადებს.
ორი დღის წინ ახლობელი შემხვდა. მისი ძმა შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობს. ცოტა ხნის წინ ვაზიანში ორჯერ წაიყვანეს და მიტინგების დაშლის „ტექნიკაში“ გულდასმით ავარჯიშეს. უფრო მეტიც. იმ მოხალისეებს, რომლებიც არჩევნებამდე კვირაში რამდენჯერმე „ივარჯიშებენ“, ანაზღაურების სახით 1500 ლარს გადაუხდიან.
რასაკვირველია სადამსჯელო ქმედება „ქართული ოცნებისა“ და პირადად ბატონი ბიძინა ივანიშვილის საწინააღმდეგოდ მზადდება. რა უნდათ ამ ადამიანისგან? დღევანდელი წერილი ქართველ მსახიობებს ეძღვნება და ამ პროფესიის ადამიანებს წლების განმავლობაში სწორედ რომ ივანიშვილი ინახავდა. სააკაშვილმა „სამეფო კარის“ კულტურის მოღვაწეებს „შემოქმედების“ სრული თავისუფლება მისცა და შესაბამისი მატერიალური პირობებიც შეუქმნა, დანარჩენები კი პრაქტიკულად შიმშილისთვის გაწირა. ივანიშვილი კეთილ საქმეს უჩუმრად აკეთებდა, განსხვავებით მიხეილისგან, რომელიც თუნდაც ერთი კინკილა შადრევანის გახსნას ეროვნულ დღესასწაულად აქცევდა.
ნება მომეცით ორი მაგალითი წარმოგიდგინოთ.
მარლენ ეგუტია:
„ამასწინათ ოთარ მეღვინეთუხუცესმა უთხრა ამ ხელისუფლების წარმომადგენლებს: - სხვა ქვეყანაში რომ მეცხოვრა, თქვენზე მდიდარი ვიქნებოდიო. ხელოვნების სახით ჩვენს ქვეყანას აქვს სუფთა ვალუტა, ამ მხრივ უმდიდრესი ვართ, მაგრამ, კარგად მოგეხსენებათ დღევანდელი ყოფა. ვიღებთ მხოლოდ ხელფასს, სადადგმოს - არა. როგორ შეიძლება, თეატრს არ ჰქონდეს დოტაცია იმდენი, რამდენიც მას სჭირდება.
ახლა ბიძინა ივანიშვილი რომ არ გვაძლევდეს ფულს მსახიობებს, შიმშილით დავიხოცებოდით. ამ თეატრალურ რეფორმას შეეწირა ჩემი მეუღლე, დარჩა უმუშევარი. 1996 წლიდან ყოველდღე „დიაზეპამს“ იღებდა, როგორმე რომ დაეძინა... უჭირდა სერგო ზაქარიაძესაც. საერთოდ მსახიობის ცხოვრება არასდროს ყოფილა დალხენილი საქართველოში. ამერიკის შეერთებულ შტატებს რომ ედრებიან, ხელფასის მხრივ იქ მსახიობის შემოსავალი ექიმისა და იურისტის შემდეგ მესამე ადგილზეა.“
მანანა გეგეჭკორი:
„გავიგეთ, გოგის უკურნებელი სენი სჭირდა. მაშინ მან ეს არ იცოდა. ახლოვდებოდა მისი საიუბილეო თარიღი. ჩემმა მეუღლემ გადაწყვიტა, ფილმი გადაგვეღო გოგი გეგეჭკორის შემოქმედების შესახებ, რადგან ისეთ საღამოს ვერ მოვუწყობდით, რომ თვითონ ეთამაშა ეპიზოდები...
ფილმს დაფინანსების გარეშე ვერ გადავიღებდით. დაგვაფინანსა იმ არაჩვეულებრივმა პიროვნებამ, რომელიც სულ ამბობს, არ დამასახელოთო - ბიძინა ივანიშვილმა. გამოყო თანხა წიგნისათვისაც. 6 დღე გადაღებაზე დადიოდა მამა. ჩემი ქალიშვილი რეჟისორის ასისტენტი იყო. გადაღებამდე ტექსტს ერთად გადახედავდნენ ხოლმე.
დამთავრდა ფილმი. იუბილეც გადავუხადეთ 23 თებერვალს. 11 მარტს მამა უკვე აღარ იყო. მხოლოდ ბოლო საათები იწვა. თავისმა საქმემ, პროფესიონალიზმმა მისცა დიდი ძალა. მთელი იუბილე ფეხზე იდგა, ბანკეტზე ბოლომდე არ დარჩენილა, მაგრამ... ყველას ჩამოუარა, მოეფერა, გადაკოცნა. მისმა მკურნალმა ექიმმა გვითხრა: - როგორ იდგა ფეხზე, ეს ჩემთვის დიდი საიდუმლოაო. მას ხომ ღვიძლი მთლიანად დაშლილი ჰქონდაო.“
ივანიშვილმა არაერთი მსახიობი გადაარჩინა. ეს ხალხი დღეს მის გვერდით დგას და რასაკვირველია არჩევნების გაყალბების შემთხვევაში თავიანთი ხმების დასაცავად ქუჩაშიც გამოვა. ფრთხილად იყავით ბატონებო, მთავრობა თქვენს დასარბევად ემზადება. სააკაშვილისთვის საკუთარი თავის გარდა სხვა ავტორიტეტი არ არსებობს და პირადი მიზნების მისაღწევად ყველაფერს იკადრებს.
ცოტა ხნის წინ მსახიობი თამარ ციციშვილის შესახებ ერთ მოგონებას წავაწყდი. იმ დროს საქართველოში ბერია ბატონობდა, სსრკ-ში კი სტალინის კულტი იყო გამეფებული. ხმის ამოღების ყველას ეშინოდა. ამის მიუხედავად იყვნენ ადამიანები, რომლებიც საკუთარი სიმამაცის წყალობით უდანაშაულოდ დასჯილების გადარჩენას ცდილობდნენ. მათ რიცხვში ერთხელ ქალბატონი თამარ ციციშვილიც აღმოჩნდა.
მანანა გედევანიშვილი:
„დედაჩემი თამარ ციციშვილი მამაცი და უშიშარი ქალი ბრძანდებოდა. მაშინ მოგეხსენებათ რა დრო იყო, უკმაყოფილების ხმამაღლა გამოთქმის ეშინოდათ. დედა არ იყო ასეთი. იყო გულახდილი, პირდაპირი. ცნობილია მისი სითამამე სტალინთან დამოკიდებულებაში. მაშინ ის პაჭკორიას გუნდში ცეკვავდა და მღეროდა.
ეს გუნდი მიწვეული იყო ქართული ხელოვნების დეკადაზე მოსკოვში - თან „დარიკო“ ახალი გამოსული იყო ეკრანებზე. სტალინი დასწრებია ამ კონცერტებს, კავსაძისათვის უთქვამს - პაჭკორიას გუნდმა გაჯობაო. ამ უკანასკნელს უპასუხია: გუნდის ორი წამყვანი ხმა დაიჭირეს და აბა, როგორ გავართმევდი თავსო. სტალინს უკითხავს - გვარები მითხარითო. გვარების დასახელებისგან ყველას თავი შეუკავებია. არც ბერიას უთქვამს. როგორც დედა ჰყვებოდა, ამ ამბავმა აღმაშფოთა, წინ წარვდექი და გვარები დავასახელეო. სტალინს ეს გვარები ბერიასთვის ჩაუწერინებია. შემდეგ, როდესაც ჩამოვიდა დედა მოსკოვიდან და კავსაძის გუნდის კონცერტზე მივიდა, გათავისუფლებული მომღერლები პირველ რიგში იდგნენ.“
თამარ ციციშვილი ნამდვილი გმირია. მაშინ სხვა დრო იდგა. ქართველმა ქალმა საკუთარი სიცოცხლე ბედის სასწორზე დადო და ორი თანამემამულე გადაარჩინა. ბევრია დღეს მსახიობი, რომელიც მიხეილ სააკაშვილს ჩადენილ არაერთ უსამართლობაზე პასუხს პირისპირ მოსთხოვს? ბატონი რობერტ სტურუა საყვარელი თეატრიდან გაათავისუფლეს და დიდ მიხეილთან დაახლოებულმა რომელმა მისმა კოლეგამ ამოიღო ხმა?
ბატონ რობერტ სტურუაზე ჩამოვარდა საუბარი და მისი ერთ-ერთი ინტერვიუდან ორი ნაწყვეტი მსურს რომ წარმოგიდგინოთ.
თეატრი და პოლიტიკა გადაჯაჭვულია. თქვენზე როცა ამბობენ, რა უნდა, რატომ ერევა პოლიტიკაში, დადგას თავისი სპექტაკლები და იცხოვროს მშვიდადო, ალბათ ამას არ ითვალისწინებენ?
- მშვიდად შეიძლება ხელოვნების ნებისმიერი დარგის წარმომადგენელი იყოს, თუ ეს მოსწონს... პოეტებმა დაწერონ ოდები და დითირამბები, მხატვრებმა დახატონ ბელადები... ყველაფერს მაინც ის სჯობია, რომ თავისუფალი იყო და იმას დგამდე, რაც გინდა. ბოლოს და ბოლოს, რამდენი კაცი ეტევა ჩვენს თეატრში? – 700... ყოველდღე რომ ანშლაგი იყოს... 300 დღე ითამაშებ წელიწადში. 35 ათასი კაცი დაესწრება სულ... ეს რიცხვი სულაც არ არის საშიში ვინმესთვის... მით უმეტეს, რომ არც ვფიქრობ, დღეს თეატრის ეშინოდეს ვინმეს.
როცა „რეციზორი“, რომლის დადგმისაც ძალიან ეშინოდათ, ნიკოლოზ მეორემ ნახა, თქვა: ყველას მოხვდა, განსაკუთრებით მეო... მას ჭკუა ეყო და აღიარა, რომ რაც რუსეთში ხდებოდა, ამასთან ბრძოლა იყო საჭირო. „რევიზორი“ პირდაპირ, ყოველგვარი მეტაფორების გარეშე ლაპარაკობს როგორაა გახრწნილი უმაღლესი ფენა...
ახალი სახელმწიფოს შენების განცდა გაქვთ?
- სახელმწიფოს შენებაში ყველაზე მთავარ ფაქტორად მიმაჩნია კანონის მყარად შესრულება. რუსეთში სულ ბოლო სპექტაკლი ლენინზე მე დავდგი... ძალიან საინტერესო იყო. აქ ვაჩვენებდით, ლენინმა თავისი დიქტატორული პიროვნული თვისებებით დემოკრატიულობის პრინციპი როგორ განავითარა, სახელმწიფოს ჩამოყალიბების მომენტში განაცხადა: ასე მიმაჩნია და ასე უნდა იყოსო (მან სამარცხვინო ზავი დადო გერმანიასთან)...
როცა სახელმწიფოს საფუძველში, როგორც ქვაკუთხედს, ჩადებ სიცრუესა და ანტისახელმწიფოებრივ გადაწყვეტილებას, აუცილებლად დაინგრევა შენი აშენებული სახელმწიფო. ჩვენთან, ჩვენს რეალობაშიც მნიშვნელოვანი კანონები დაირღვა სახელმწიფოს შენებისას... ეს არის ჩემთვის ყველაზე მტკივნეული.
ვეთანხმები ბატონ რობერტს. დემოკრატის ნიღბით მოსულმა სააკაშვილმა და მისი გუნდის წევრებმა ახალი სახელმწიფოს შენების რთულ პროცესში კანონის უზენაესობა არაერთხელ უგულებელყვეს. უფრო მეტიც, საქართველო აფრიკისა და სამხრეთ ამერიკის დიქტატორული რეჟიმის ქვეყნად გადააქციეს.
საბედნიეროდ ხალხი გამოფხიზლდა და თავის სიტყვას მომავალ არჩევნებში აუცილებლად იტყვის. მთავრობა, მთავრობა კი განსხვავებული პოლიტიკური ორიენტაციის თანამემამულეების დასარბევად ემზადება. ალბათ დადგა დრო, რომ რამდენიმე ათას თამარ ციციშვილად გადავიქცეთ და ჩვენი სიმართლისთვის ბოლომდე ვიბრძოლოთ.