„ღვინის ქურდების“ გადაღების დროს, კახი კავსაძესა და ქალბატონ გულჩინა დადიანს შორის ერთი „საინტერესო“ დიალოგი გაიმართა, რომელსაც ბატონი კახი შემდეგნაირად იხსენებს:
„ღვინის ქურდებს“ ვიღებთ, ჩემო ბატონო. ერთხელ გადაღების დროს რომ „სოკის“ ნაცვლად ნამდვილი ღვინო ვსვით ჩუმ-ჩუმად, რომ დავითვერით და რომ ჩავშალეთ გადაღება, იმას როგორ გავამხელ?! მთავარი სხვაა. ლოგინის სცენაში პარტნიორობას ქალბატონი გულჩინა დადიანი მიწევდა.
მარნიდან რომ სიმღერის ხმა ისმის, ხომ გახსოვთ? იწყება ეპიზოდის გადაღება და გვიხმობს რეჟისორი.
- ქალბატონო გულჩინა, გვეძახიან-მეთქი, შევახსენე. ქალი მაინც ქალია და ჭორაობდა მსახიობ ქალებთან. რომ დავუძახე, კარგ ეპიზოდს „განიხილავდნენ“ და არ ესიამოვნა.
- რაზე გვეძახიან, არ იცი, კახი?
- ლოგინის სცენაა, ქალბატონო გულჩინა - შევახსენე მოკრძალებით.
- მომეშვი ერთი, თუ კაცი ხარ! – აიბზუა ცხვირი.
- რა ხდება, ქალბატონო გულჩინა? – გამიკვირდასავით.
- კაცო, 25 წელია, ლოგინში ვწევარ და მაგის რეპეტიცია მინდა, ბოშო მე? (25 წლის გათხოვილი იყო იმ დროს).
დავიმორცხვე, მაგრამ ისევ თვითონ „გამომიყვანა“:
- არა, ისე, ქმრებში ნამდვილად მიმართლებს, ჩემო კახი.
- ვერ გავიგე, ქალბატონო გულჩინა?
- რა ვერ გაიგე, თუ კაცი ხარ? ერთ ფილმში დოდო აბაშიძე იყო ჩემი ქმარი, მეორეში – რამაზ ჩხიკვაძე, მესამეში – კახი კავსაძე. ნამდვილი ქმარი ხომ მყავს და მყავს და რაღა რეპეტიცია მინდა, თუ კაცი ხარ? როცა პირდაპირ გადაღება დაიწყება, მაშინ დამიძახეთ, - მომიგდო, აკისკისებულ ქალებს მიუბრუნდა და ჭორაობა განაგრძო“.