ჩაშლილი ქეიფი

ჩაშლილი ქეიფი

ფილმის “არაჩვეულებრივი გამოფენა” გადაღებები ქუთაისში მიმდინარეობდა. გაგიკვირდებათ და ამ სურათში მონაწილე მსახიობები ერთხელ მდინარე რიონში დახრჩობას გადარჩენილან.

ალბათ უმჯობესია თუ ამ ისტორიას ბატონი გურამ ლორთქიფანიძეს მონაყოლით შევიტყობთ.

“ერთხელ ფილმში “არაჩვეულებრივი გამოფენა” რიონზე, ხიდქვეშ გვქონდა ქეიფის სცენა გადასაღები. მე და დოდო აბაშიძე ვსხედვართ შიშვლები.

ამ დროს მოვიდნენ ჩვენი მეგობრები, ქუთაისის კოლორიტები: სოსო ხარაბაძე, ჟორჟიკა იაშვილი, ოთარ სულაბერიძე, ვლადიმერ ლომინაძე, მერაბ კიკნაძე და ქუთაისური დიალექტით ზემოდან გადმოგვძახეს: “მორჩით, სიმონ, გლახაობას და საქმეს ვეწიოთ”. ფილმის გადაღება მათთვის გლახაობა იყო და პურმარილი – საქმე. გელათში პურმარილია გაშლილი და წავედითო. ელდარმა უთხრა, კაცო, გვაცალეთ გადაღება, მოვრჩებით და ამოვალთო. იმ წუთს მზე იყო და უნდა გადაგვეღო.

მეორედ კიდევ გვითხრეს, მესამედ, მეოთხედ და რომ აღარ ავედით, წავიდნენ. რა ქნეს, იცით? “რიონჰესში” ასულან და ცოტა ხნით წყალსაცავი გაუხსნიათ. წარმოიდგინეთ ახლა თქვენ ეს? რომ მოიმატა წყალმა, ძლივს ამოვასწარით! ვისღა ახსოვდა გადაღება? გადავეშვით ადიდებულ რიონში და შეშინებულები ავბობღდით ნაპირზე. ჩვენ სიცივისგან ვკანკალებდით, ქუთაისლები კი ერთმანეთს აწყდებოდნენ სიცილით – რა ქენით, მორჩით გლახაობასო? რას ვიზამდით, ავდექით, წავედით და დიდებულად ვიქეიფეთ გელათში”.