თბილისს ჟანგბადის გარეშე დარჩენა ემუქრება

თბილისს ჟანგბადის გარეშე დარჩენა ემუქრება

ჭადრების ძირ–ფესვიანი ამოძირკვა თუ ასეთი სწრაფი ტემპით გაგრძელდა, თბილისში ჟანგბადი სანატრელი შეიძლება გაგვიხდეს – აღმაშენებლის გამზირზე, “აპოლოსა“ და 24–ე საჯარო სკოლას შორის მიმდებარე ტერიტორიაზე ამოძირკვულ ჭადრებს, ლაგუნა ვერესთან ფესვიანად მოთხრილი 45 ჭადარიც დაემატა, რასაც არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები კატასტროფად აფასებენ, ხოლო თბილისის მერიასა და “თბილისის განვითარების ფონდში“ განმარტავენ, რომ “ალერგიული“ ჭადრებისგან გამოთავისუფლებულ აღმაშენებელზე ძვირფასი ჯიშის ხეებს – კატალპებს და რუბინიებს დარგავენ, ხოლო ლაგუნა ვერესთან – ფიჭვებს;

 

აღმაშენებელზე ჭადრების მოჭრას იმით ხსნიან, რომ მიწისქვეშა კომუნიკაციებს და შენობებს აზიანებს, ხოლო ლაგუნა ვერესთან გზის სავალ ნაწილს აფართოვებენ და შუქნიშნების ქვეშ ე.წ. კუნძულებს (გადასასვლელებს) აკეთებენ.

 

პრესა.გე ტელეფონით ესაუბრა: “კონსერვატიული პარტიის“ ერთ–ერთ ლიდერს, ლაშა ჩხარტიშვილს; ა/ო. “თბილისის ჰამქრის“ უსტაბაშს, ალეკო ელისაშვილს; “მწვანეთა პარტიის“ თავმჯდომარეს, გია გაჩეჩილაძეს და თბილისის მერიის პრესსამსახურის წარმომადგენელს, ნანუკა ზაქარეიშვილს.

 

ჭადრების ძირ–ფესვიანად ამოღების თემაზე პრესა.გე–მ 28 ოქტომბერს გამოაქვეყნა მასალა სათაურით – აღმაშენებლის გამზირზე ჭადრების მოჭრა დაიწყეს. აღმაშენებლის გამზირზე ხეების მოჭრა 27 ოქტომბერს დაიწყეს და დღემდე “წარმატებით“ აგრძელებენ, გვიან ღამემდე მუშაობენ. ამოძირკვული ჭადრების ნაცვლად იქ დღემდე არაფერი დაურგავთ.

 

რაც შეეხება ლაგუნა ვერესთან და კულტურის სამინისტროს პირდაპირ, ჩოგბურთის კორტებთან ხეების ჩეხვას, ეს პრესა.გე–ს თავის თვალით არ უნახავს – ამაზე ინფორმაცია სააგენტო “პირველმა“ გაავრცელა, რის შემდეგაც “კონსერვატორ“ ლაშა ჩხარტიშვილს დავუკავშირდით.

 

“გაჩეხილია მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გასწვრივ მდებარე მწვანე ზოლი; ლაგუნა ვერესთან 42 მოჭრილი ჭადარი დავთვალეთ; საუბარია მონაკვეთზე, ვერის ბაღის ქვედა კიბეებიდან იმ ადგილამდე, სადაც იყო რესტორან “არაგვის“ შესასვლელი.   

ჭადრებთან “ბრძოლა“ ადვილია, იმ გაგებით, რომ ამ ხეს გარკვეული ალერგიულობა ახასიათებს, მაგრამ მისგან მიღებული სარგებელი ქალაქისთვის გაცილებით მეტია, ვიდრე ზარალი. ხეების ჩანაცვლებაზე რომ იყოს ლაპარაკი, ამ შემთხვევაში ჯერ უნდა დაირგოს სხვა სახეობის ხეები, წამოიზარდოს, რასაც სულ მცირე 5 წელი სჭირდება და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება მოჭრაზე, ან გადარგვაზე საუბარი.

 

ჭადრებს მასიურად ჩეხავენ, ფესვიანად თხრიან. ლაგუნა ვერეს შემთხვევაში საუბარია თითქოსდა გზის გაფართოვებაზე, რასაც არა მგონია ქალაქისთვის რაიმე მნიშვნელოვანი ეფექტის მოტანა შეეძლოს. ყოველ შემთხვევაში, არც პროექტი გვინახავს და არც ჟურნალისტებთან აკეთებენ კომენტარებს, მერიის წარმომადგენლები. აქედან გამომდინარე, როგორც ჩანს, ხელისუფლება ფულს

იშოვის მოჭრაზეც, მოჩეხვაზეც, ამოთხრაზეც და გზის გაფართოებაზეც“.

 

მტკვრის სანაპიროზე ჭადრების საჭიროებას “კონსერვატორი“ ლაშა ჩხარტიშვილი, რომელიც ამავდროულად ეკოლოგიის მაგსტრიცაა, ასე ხსნის:

 

“გარდა იმისა რომ მტკვარს უხდება და ესთეტიური ღირებულება აქვს, გზისპირა გამწვანების დატვირთვა არის ორმაგი – გარდა იმისა რომ ჟანგბადს გამოჰყოფს, მწვანე ნარგავებს აქვს ფილტრაციის უნარი. ანუ მავნე ნივთიერებებს, რომლებიც მანქანების გამონაბოლქვთან ერთად გამოიყოფა, ხეები ჰაერში ფილტრავს; მავნე ნივთიერებები ფოთლებში და ხის სხვა ნაწილებში ილექება. შესაბამისად, ეს არის ფარი, რომელიც იცავს მაგისტრალებს და იქიდან დანარჩენ განაშენიანებულ ტერიტორიებს, რადგან მაგისტრალებზე გამონაბოლქვის რაოდენობა უფრო მეტია, ვიდრე სხვაგან და შესაბამისად, ასეთი ფარების, მწვანე ზოლების მოსპობა ქალაქისთვის ძალიან სერიოზული ზიანის მომტანია. 2000 წლიდან მოყოლებული, სიმსივნური ავადობის მაჩვენებელი ქვეყანაში ორნახევარჯერაა გაზრდილი, ხოლო თბილისში ამ კუთხით არსებული ვითარება კიდევ უფრო მძიმეა“.

 

ლაშა ჩხარტიშვილი ამბობს, რომ სამართლებრივ ბრძოლას აპირებენ, რადგან ჯერ კიდევ მოქმედია არა ერთი სამართლებრივი აქტი, რომელიც კრძალავს თბილისის ტერიტორიაზე რეკრეაციული ზონების განადგურებას – “იურიდიული მექანიზმების გამოყენებასაც ვაპირებთ, მაგრამ თუ საზოგადოება აქტიური არ იქნება, მხოლოდ სასამართლოსთვის მიმართვით შედეგის მიღწევა არარეალურია, რადგან საქართველოში სასამართლო პრაქტიკულად არ არსებობს“.

 

ჩხარტიშვილისგან განსხვავებით, “მწვანეთა პარტიის“ თავმჯდომარე, გია გაჩეჩილაძე ამბობს, რომ კანონმდებლობა იმგვარადაა გადაკეთებული, რომ ხეებს მერიის ნებართვით ჭრიან, რის წინააღმდეგაც სამართლებრივ ბრძოლას აზრი არა აქვს.

 

“გარემოს დაცვითი კანონმდებლობა დაამახინჯეს – მოსახლეობას უფლება არა აქვს იჩივლოს; არასათანადო მოსარჩელედ გვთვლიან. რამდენიმე ანალოგიური შემთხვევა გვქონდა და სასამართლოში ჩვენი სარჩელი არც მიიღეს. კანონმდებლობაში იმგვარი ცვლილებებია შეტანილი, რომ გარემოს დაცვის სამინისტრომ უნდა უჩივლოს უგულავას და თქვენ ახლა როგორ წარმოგიდგენიათ ეს ამბავი?!“ – კითხულობს გია გაჩეჩილაძე.

 

რაც შეეხება ჭადრის თვისებებს, ამაზე “მწვანეთა პარტიის“ თავმჯდომარე  ამბობს –  “ეკოლოგიური თვალსაზრისით ჭადარს განსაკუთრებული თვისებები აქვს; შეუძლია კონცენტრაცია გაუკეთოს ტოქსიკურ ნივთიერებებს, გაწმინდოს ატმოსფერული ჰაერი; საკმაოდ სერიოზულ, დიდ ჩრდილს იძლევა, კომფორტულია და ესთეტიკური თვალსაზრისითაც ლამაზია; აკავებს ხმაურს და ქარს – ქარის სიჩქარეს დაახლოებით ორნახევარჯერ, სამჯერ ანელებს. ამბობენ, რომ ალერგიულია, მაგრამ რეალურად, პრობლემა იმაშია, რომ ადამიანებს არასათანადო კვების გამო, ორგანიზმი დასუსტებული, იმუნიტეტი დაქვეითებული აქვთ და ალერგიულები არიან ყველაფრის მიმართ.

 

ჯერ კიდევ შარშან, საკრებულოში მიიღეს თბილისის მიწათსარგებლობის ოპერატიული გეგმა, გენერალური გეგმა რომ ჰქვია, სადაც გამწვანებული ზოლები საკმაოდ კარგად იყო წარმოდგენილი; ასეთ ადგილებში მშენებლობები იკრძალება. ამ დოკუმენტის მიღებიდან ორ თვეში ადგნენ 40 თუ 45 გამწვანებული ობიექტი – რეკრეაციული ზონა ამოაგდეს. ბუნებრივია, ეს წინა კორუფციული გარიგებაა. რასაც უნდათ იმას აკეთებენ“.

 

თბილისის მერიის პრესსამსახურის წარმომადგენელმა, ნანუკა ზაქარეიშვილმა პრესა.გე–სთან საუბრისას ლაგუნა ვერესთან ჭადრების მოჭრა ასეთი მიზეზით ახსნა:

 

“ ახალი “კუნძულები“ და გზაჯვარედინები კეთდება; შიდა კომუნიკაციები და კაბელები იცვლება; გზის სავალი ნაწილი, იგივე ტროტუარი დიდდება და აი, ამ ყველაფერის გაკეთებას ჭადარი ხელს უშლის. ამიტომ, 45 ჭადარს ამოიღებენ და მათ ნაცვლად იქ 50 ფიჭვს დარგავენ“.

 

გავრცელებული ინფორმაციით, ხეებს ჩოგბურთის კორტებთანაც ერჩიან. ლაშა ჩხარტიშვილი ამბობს, რომ კორტების შემთხვევაში ვითარება ოდნავ განსხვავებულია, მაგრამ თუ საზოგადოება აქტიურობას არ გამოიჩენს, იგივე შედეგი შეიძლება მივიღოთ.

 

“ ე.წ. დინამოს კორტების ტერიტორიასთან მიმართებაში ხელისუფლებას სერიოზული ინტერესი აქვს – კორტების დანგრევას და 180–მდე ხის მოჭრას აპირებენ. იქ არის სხვადასხვა სახეობის, მათ შორის უნიკალური სახეობის ხეები, რომლებიც არის ძალიან დიდი იშვიათობა, არა მარტო თბილისში, არამედ მთელ საქართველოში. კორტებთან დაკავშირებით სხვადასხვა ინფორმაცია ვრცელდება; ერთი ვერსიით იქ რეესტრის შენობა უნდა ააშენონ; მეორით – ეკონომიკის სამინისტრო.

 

მათ შეიძლება პირობითად რეესტრის შენობა საბაბად გამოიყენონ და საბოლოო ჯამში კომერციული განაშენიანება გააკეთონ. ამას ადასტურებს ის გარემოებაც, რომ სანიჩბოსნო ბაზის ტერიტორია განადგურებულია – იქ არსებული პარკი 5 წელია გაჩეხილია; ჯერ არაფერი აშენებულა, მაგრამ როგორც აბრები იუწყებიან, იქ “ტექსს ჯგუფი“ გეგმავს სამშენებლო საქმიანობის განხორციელებას, რაც შედეგად მოგვიტანს მორიგ ფეშენებელურ უბანს, რითაც მხოლოდ ხელისუფლების წარმომადგენლები ისარგებლებენ“.

 

კორტებთან დაკავშირებით მერიის პრესსამსახურის წარმომადგენელი ამბობს, რომ

ამის შესახებ მათ არაფერი იციან – “იქ ამჟამად ხეებს არ ჭრის, არც მერიის შესაბამისი სამსახური და არც გამგეობა“. როგორც ნანუკა ზაქარეიშვილმა განგვიმარტა, ჩვენი სატელეფონო ზარის შემდეგ, ვითარების ადგილზე გადასამოწმებლად მივიდა მერიის გამწვანების სამსახურის უფროსი, რომელზე დაყრდნობითაც ზაქარეიშვილი ამბობს, რომ იქ ამჟამად ხეებს არ ჭრიან დ არაფერს აკეთებენ.

    

სანაპიროზე, ლაგუნა ვერესთან ჭადრების მოჭრის თაობაზე ა/ო. “თბილისის ჰაქმრის“ უსტაბაშს, ალეკო ელისაშვილსაც იგივე ინფორმაცია აქვს, რაც ლაშა ჩხარტიშვილს და გია გაჩეჩილაძეს; ელისაშვილის ამბობს, რომ ლაგუნა ვერესთან მისულ მისი ორგანიზაციის წარმოამდგენელს უთხრეს, რომ ჭადრებს სამანქანე გზის გასაფართოებლად ჭრიან:

 

“ლაგუნა ვერესთან ხომ საცობებია და გზა უნდა გავაფართოვოთო, – უთხრეს ჩვენს წარმომადგენელს. აღმაშენებლის გამზირის შემთვევისგან განსხვავებით, აქ არც იმ ტყუილს იგონებენ, რომ თითქოს მოსახლეობამ უთხრა გვაწუხებს და მოჭერიო. თბილისში კატასტროფული ჰაერია, მაგრამ ამათთვის გზის გაფართოვება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ადამიანის ჯანმრთელობა. თბილისში საშინელი ჰაერია. ჩვენი შვილები, შვილიშვილები უბრალოდ, ინვალიდები იქნებიან. საერთაშორისო  ექსპერტების დასკვნაც არსებობს იმაზე, რომ თბილისში არის საზიზღარი ჰაერი, ნამდვილი კატასტროფა.

 

იმის მაგივრად რომ მთელი ერი, ბერი და უპირველესად ხელისუფლება დარაზმული იყოს, რომ სადაც ერთი ხის ჩარგვა არ შეიძლება, ორი ჩავრგოთ, ზრდასრულ, უზარმაზარ ხეებს ჭრიან, გზა უნდა გავაფართოვოთო, იმისთვის, რომ სააკაშვილის ესკორტი, რომ ჩაიქროლებს, არ შეფერხდეს. აი, ეს არის ამ ქვეყანაში ყველაზე მნიშვნელოვანი და არა ის რომ ხეიბრები გვეყოლებიან შვილები და შვილიშვილები.

 

კანონში ისეთი ცვილებები შეიტანეს და კანონი ისე გაამარტივეს, რომ გამგეობის დონეზე შეიძლება ხის მოჭრის უფლების გაცემა, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე. გარდა იმისა რომ შეუძახო და უთხრა, რომ ხეების ასე მასიურად მოჭრა არის ამაზრზენი და რომ ასე არ შეიძლება, სხვა რა უნდა გავაკეთო?! ყველა ხესთან ხომ ვერ დადარაჯდები?!  გაიხედავ იქ არის ხეები აჩეხილი, გამოიხედავ, აქ არის აჩეხილი“. 

 

ელისაშვილის აზრით, ამ ვითარების გამოსწორება პოლიტიკური გადაწყვეტილებით და სამოქალაქო აქტივობითაა შესაძლებელი. ფაქტია, რომ ის, რასაც სამოქალაქო აქტივობას უწოდებენ, ჯერ არ გამოვლენილა. შესაძლებელია იმიტომაც რომ ზამთრის პირია, ტემპერატურა დაბალია და სიცივეში დაბინძურებული ჰაერი ნაკლებად შესამჩნევია.

 

ზაფხულში, ტემპერატურა 40 გრადუსს, რომ მიაღწევს, რასაც ზედ მანქანების გამონაბოლქვიც დაემატება და მაგალითად, აღმაშენებლის გამზირზე, თაკარა მზეში რომ ვერ გაივლი და იქ მაცხოვრებელი რომ ვეღარ ისუნთქებს, მერე უკვე სამოქალაქო აქტივობაც გვიანი იქნება.