“რუსებს შეუძლიათ, პარტნიორები მტრებად გადაიკიდონ”

“რუსებს შეუძლიათ, პარტნიორები მტრებად გადაიკიდონ”

[ლევან სეფისკვერაძე]
მსოფლიო პოლიტიკაში ბოლო დროს მეტად საინტერესო მოვლენები ხდება. შეერთებულ შტატებში რუსეთის რამდენიმე აგენტი დააკავეს, ძალიან გამწვავდა ურთიერთობა რუსეთსა და ბელარუსს შორის, უკრაინის ახალმა ხელისუფლებამ რუსეთისათვის სასურველი პოლიტიკის გატარება დაიწყო... მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებზე სინტერსო მოსაზრებებს გვიზიარებს პოლიტიკის ექსპერტი – ირაკლი მარგველაშვილი.

ბოლო დროს, შეერთებულ შტატებში რუსეთის რამდენიმე აგენტი დააკავეს. შეიძლება თუ არა ეს ფაქტი განვიხილოთ ამერიკის ახალი მთავრობის მხრიდან რუსეთის მიმართ პოლიტიკის შეცვლად?
- არ ხდება გლობალურ პოლიტიკაში ასე ხისტად პოლიტიკის შეცვლა. ამ შემთხვევაში, ეს ყოველივე შეიძლება განვიხილოთ როგორც ჟესტი და მინიშნება, რომ არსებობს ზღვარი, სადაც შესაძლოა ამერიკულ-რუსული ურთიერთობები ერთმანეთს დაემთხვეს, მაგრამ არსებობს ის წერტილიც, სადაც ეს ურთიერთობები აღარ დაემთხვევა ერთმანეთს. რამდენიმე დღის უკან რუსეთის საგარეო მინისტრმა ლავროვმა განაცხადა კიდევაც, რომ საქართველოს საკითხში და სხვა საკითხებში ამერიკასა და რუსეთს შორის სრულიად განსხვავებული შეხედულებებია.

ჩვენს შემთხვევაში ეს ნიშნავს იმას, რომ ამერიკა თავის პარტნიორებთან ერთად არ აღიარებს რუსეთის სასურველ სტატუსკვოს საქართველოში და ზოგადად კავკასიაში. თუმცა მთელი მე-20 საუკუნის გეოპოლიტიკა და განსაკუთრებით მეორე მსოფლიო ომის შემდგომი გვაფიქრებინებს, რომ ყველაფერი უკვე გაკეთებულია, დაწერილია და ნათქვამია.

აღარაფერი რჩება გადათამაშების მეტი. მსგავსი სიტუაციები ამერიკისა და რუსეთის პოლიტიკაში ძალიან ბევრი იყო. დათბობას დაძაბვა მოჰყვებდა, მაგრამ ამ გამოცდილებებიდან ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ რუსეთს არასოდეს მიუღია რაიმე სერიოზული დივიდენდი ასეთი პოლიტიკით. სავარაუდოდ ეს გამოცდილებები ასე გაგრძელდება.

ამერიკაში რუსეთის აგენტურული ქსელის გამოაშკარავების შემდეგ, რა შეიძლება იყოს რუსეთის მხრიდან საპასუხო ნაბიჯი?
- აგენტურული ქსელის გამოაშკარავება თითქმის ერთი თვეა რაც მოხდა. ვფიქრობდი, რომ რუსებიც მსგავს რამეს გააკეთებდნენ და ამერიკის საელჩოს რომელიმე ან, რამდენიმე თანამშრომელს გააძევებენ მოსოვიდანთქო, მაგრამ ჯერ ვერაფერს აკეთებენ. დრო გადის. არ არის გამორიცხული, რომ მედვედევის ამერიკაში ვიზიტის მთავარი მესიჯი, დაეხმაროს დასავლეთი რუსებს უახლესი ტექნოლოგიების მიწოდებაში იმდენად მნიშვნელოვანია რუსეთისთვის, რომ შესაძლოა ეს თემა ამ ეტაპზე გაატარონ.

რუსეთის ეკონომიკურ წრეებს ძალიან ცუდი პროგნოზები აქვთ 2011, 2012, 2013 წლების ბიუჯეტის შევსების საკითხებში, რამაც რუსეთი შესაძლოა ძალიან სერიოზული პრობლემების ქვეშ დააყენოს. ამიტომ ეს ე.წ. დათბობა რუსეთის მხრიდან დასავლეთის მიმართულებით სწორედ ამითაა გამოწვეული. ვფიქრობ გაატარებენ ამ სკანდალს.

ბოლო დროს ძალიან გამწვავდა ურთიერთობა რუსეთსა და ბელარუსს შორის. როგორ შეაფასებდით ამ ორ ქვეყანას შორის ბოლოდროინდელ ურთიერთობებს?
- ძნელია ბელორუსის პოლიტიკის განსაზღვრა. ჯერჯერობით სახეზერუსეთსა და ბელორუსს შორის მხოლოდ რიტორიკული დაპირისპირება გვაქვს და არა პოლიტიკური. ვფიქრობ კარგად იქნა გამოყენებული ჩვენი მხრიდან ეს დაპირისპირება. შეიძლება ითქვას მივიღეთ დაპირება ბელორუსის მხრიდან, რომ არ ცნობენ ოკუპირებულ ტერიტორიებს, მეტიც ლუკაშენკოს განცხადება, ბელორუსის მოქალაქეები ცხინვალსა და სოხუმში ჩავიდნენ საქართველოს გავლით ძალიან მნიშვნელოვანია.

შესაძლოა ეს მომავალში გახდეს სნგ-ში რუსეთის სერიოზული პრობლემების სათავე. ჯერჯერობით არცერთი მხარე დათმობას არ აპირებს. რამდენად გაუძლებს ლუკაშენკო რუსეთის ზეწოლას მომავალში გამოჩნდება. რუსეთის პოლიტიკა, რომ ყველა ქვეყნის გაღიზიანებას იწვევს თავისი თავკერძობით და არაპარტნიორული ბუნებით ეს არახალია.

რუსეთს არანაირი სურვილი არ აქვს ამ ყველაფერს გადახედოს, რაც საბოლოოდ მხოლოდ მას შეუქმნის პრობლემებს, რომელიც შესაძლოა მისი სახელმწიფოებრიობის ფასი დაჯდეს. ყოველ შემთხვევაში ისტორიული ლოგიკა, იმპერიებზე დღემდე მხოლოდ ამ კონტექსტში საუბრობს.

სრულიად საპირისპირო მოვლენები ხდება უკრაინაში. უკრაინის ახალმა ხელისუფლებამ ფაქტობრივად ყველა სფეროში რუსეთისათვის სასურველი პოლიტიკის გატარება დაიწყო. როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები უკრაინაში?
- უკრაინაში ეს მოსალოდნელიც იყო. გაცხადებულიც იყო იანუკოვიჩის მიერ არჩევნებამდეც, რომ მისი პოლიტიკა იქნებოდა განსხვავებული წინა პრეზიდენტის პოლიტიკისგან.

არ ვფიქრობ, რომ საბოლოოდ უკრაინა იანუკოვიჩის გზას აირჩევს. საკმაოდ საინტერესო იყო ამ რამდენიმე დღის უკან ლუჟკოვის განცხადება, რომ სევასტოპოლი რუსული ქალაქია და გადმოგვეცითო.

რასაც უკრაინელებიდან საკმაოდ მწვავე რეაქცია მოჰყვა, ამჯერად ნოტას არ გამოგიგზავნითო. ეს არის რუსული თავკერძა, ამპარტავნული პოლიტიკის გამოვლინება, რომ მათ შეუძლიათ, პარტნიორები მტრებად გადაიკიდონ, ვინაიდან ის განდიდების მანია, ის მითოსი, რომ რუსეთი დიდია, რომ მას ყველამ თავი უნდა დაუხაროს, პატივი სცეს და ეთაყვანოს მხოლოდ მას ვნებს. დროში ეს ყოველივე, როგორც საბჭოთა კავშირს და მეფის რუსეთს მიუტრიალდა ცუდად, ამ რუსეთსაც ძალიან ცუდად მიუტრიალდება. „ისტორია მეორდება მარად იგივეში“, როგორც მარტინ ჰაიდეგერი იტყოდა.

ამ ზაფხულს თბილისში ძალიან ბევრი დასავლელი პოლიტიკოსი ჩამოვიდა. სტუმრების დიდი ნაწილი აცხადებდა, რომ ვიზიტის მთავარი მიზანი საქართველოში არსებული კონფლიქტების მოგვარებაში დახმარების სურვილი არის. უნდა ველოდოთ თუ არა, უახლოეს მომავალში დასავლეთის ქვეყნების მხრიდან, რუსეთზე ზეწოლას ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის საკითხებთან დაკავშირებით?
- 2008წ. 12 აგვისტოს 6 პუნქტიანი შეთანხმება, რუსეთს ავალდებულებს გაიყვანოს ჯარები 7 აგვისტომდე არსებულ მდგომარეობამდე. რუსეთის მიერ ამ ოკუპირებული ტერიტორიების იურიდიული ცნობა, გამოწვეული იყო ამ შეთანხმებით შექმნილი სამართლებრივი სივრცის ჩანაცვლების მცდელობით. სწორედ ამიტომ მოხდა, რომ რუსეთმა ცნო ეს თვითაღიარებული რესპუბლიკები.

ეს პროექტი რუსეთისთვის წარმატებული იქნებოდა, თუ ის შეძლებდა ამ ტერიტორიების ცნობის ინვესტირებას მსოფლიო თანამეგობრობაში. რაც ვერ შეძლო. რუსული პროექტი ჩავარდა. რუსეთის მცდელობა, შეეცვალა 2008წ. 6 პუნქტიანი შეთანხმების სამართლებრივი სივრცე წარუმატებელი გამოდგა. ამიტომ მას ამერიკაში შეახსენეს, რომ ტერიტორიები ოკუპირებული აქვს საქართველოში.

ზოგადად უნდა გვესმოდეს, რომ მსოფლიო პოლიტიკაში უმნიშვნელოვანესია საკითხის დაყენების დროისა და ადგილის შერჩევა. ვფიქრობ სწორედ ასე მოხდა, როდესაც ამერიკის რიტორიკა გამკაცრდა რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს სასარგებლოდ, რასაც შემდეგ სახელმწიფო მდივნის თბილისში გაკეთებული მწვავე განცხადებები დაემატა იგივე კონტექსტში. ეს სერიოზული მინიშნებაა, რომ რუსეთმა დეოკუპაცია უნდა დაიწყოს. მიუხედავად იმისა, რომ ეს ასე უცებ არ განხორციელდება, მთავარია პროცესი დაიწყოს და მუშა მდგომარეობაში ვამყოფოთ ეს პოლიტიკა.

ვფიქრობ საქართველოში სხვადასხვა მაღალი თანამდებობის პირების გახშირებული ვიზიტები ამ საკითხებს ეხებოდა და არამარტო. საქართველო თავის მეგობარ ქვეყნებთან ერთად უნდა ჩამოყალიბდეს საერთო ხედვაზე ამ საკითხში და შესაბამისად ამ თვალსაზრისების შეჯერება იყო სწორედ ამ ვიზიტების მიზანი. საინტერესოა ის, რომ საქართველოში ვიზიტად, ახალი ევროპის- პოლონეთის საგარეო მინისტრი, ძველი ევროპის - საფრანგეთის საგარეო მინისტრი და ამერიკის სახელმწიფო მდივანი იმყოფებოდა.

რა შეფასებას მისცემდით, ყირგიზეთში დატრიალებულ ბოლოდრიონდელ ტრაგედიას? ურევია თუ არა რუსეთის ხელი ამ ყველაფერში და რამდენად მყარია ის სტაბილურიბა, რასაც ცოტა ხნის წინ, ყირგიზეთის ახალმა მთვარობამ მიაღწია?
- მე ვფიქრობ ეჭვი არავის ეპარება, რომ რუსეთის ხელი ამ პროცესებში ურევია. სამწუხაროდ, საქართველოს გამოცდილი აქვს მსგავსი პროცესი 90- იანი წლების პირველ ნახევარში. ეს საშინელი პროცესია. საქართველოშიც რუსეთის მხარდაჭერით განხორციელდა სახელმწიფო გადატრიალება. შედეგები სავალალო გვქონდა. ტერიტორიების ფაქტობრივი ანექსია, ასი ათასობით დევნილი, დანგრეული ეკონომიკა, კრიმინალების თარეში, შიდა სამოქალაქო დაპირისპირება...

არა მგონია ყირგიზეთი ამას გადაურჩეს. ეს პროცესები კიდევ იჩენს თავს წლების განმავლობაში, რისი სურვილიც ნამდვილად არ მაქვს, მაგრამ ასეთია ამ ქმედების ლოგიკა. დიდხანს ეს პროცესები თავს მტკივნეულად იჩენს ქვეყნის ცხოვრებაში. ეს ფსიქოლოგიური მომენტიცაა.

მთავარი საშინელება ამ პროცესებში ისაა, რომ ის ანგრევს მოქალაქეში სახელმწიფოებრივ აზროვნებას, სახელმწიფოებრივ მენტალიტეტს. არამგონია ოტუნბაევას ხელისუფლებამ ის დაპირებები შეასრულოს, რომლის გამოც ბაკიევი გადაატრიალეს, ვინაიდან მას ამის არანაირი რესურსი არა აქვს. ამიტომ პროცესი დროში დენადი იქნება შეიძლბა არა ასეთი ფორმით, რაც დღესაა, მაგრამ სხვა ფორმით მაინც.