“აი, ეს არის საქართველო, აქ ჩანს, რა პრობლემები აქვს ჩვენს ქვეყანას”. ეს სიტყვები თქვა მედიატურის ერთ-ერთმა მონაწილემ, როცა ქარელის რაიონში ახალსოფლის დევნილთა კომპაქტურ დასახლებას მივუახლოვდით. მედია ტურის მიზანი, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციამ - ქეა(CARE) საერთაშორისო კავკასიაში - შიდა ქართლში მოგვიწყო, დასახლებაში ქეას საქმიანობის გაცნობა იყო.
ხრიოკი გზის გავლის შემდეგ ტრიალ მინდორს მივადექით, აქვე მიწას ხნავენ, სულ 10 კაცია, ერთი ტრაქტორი დგას, რომელიც ქეამ იძულებით გადაადგილებულ პირთა ცხოვრების სტაბილიზაციისა და მათი საზოგადოებაში ინტეგრირების პროექტის (SIIMS) ფარგლებში ფერმერებს გადასცა. ხანში შესული გრიგოლ მამაცაშვილი გამოგველაპარაკა, ტრაქტორის პრობლემა მოგვარებულია, მიღებულით კმაყოფილი სხვა მოსაგვარებელ პრობლემებზე გვესაუბრა.
გრიგოლ მამაცაშვილი, ზნაურის რაიონის სოფელ ნულიდან დევნილი
- 8 აგვისტოს გამოვიქეცით, ფეხმოტეხილ მეუღლესთან ერთად ძლივს გამოვაღწიეთ. ტანსაცმელიც კი არ წამოგვიღია. ვისაც ოსი ცოლი ჰყავდა, არ აწუხებდნენ. ორსართულიანი სახლი დავტოვეთ, მთლიანად დაინგრა, ბლოკიც კი აღარ არის.
ჩვენი სოფლის დაბომბვა ომამდე ორი კვირით ადრე დაიწყო, დიდხანს ვიკავებდით თავს, წამოსვლა არ გვინდოდა, მაგრამ ბოლოს სახლმა ისე დაიწყო ზანზარი იძულებული გავხდით, ეს გაგვეკეთებინა და ახლა, 70 წლის ნაშრომი წყალში ჩაგვეყარა.
ამჟამად, ახალსოფელში რა პრობლემები გაქვთ?
- გადახედეთ, გვალვები იყო, ამიტომ მოსავალმაც გვიღალატა. თითო ოჯახს ჰექტარზე 25 მეასედი ეკუთვნის.
წყალი?
- მთავრობა დაგვპირდა, მაგრამ ცოტა იგვიანებს სარწყავი არხების დამონტაჟება. არადა, თუ არ მოვრწყეთ მოსავალიც არ იქნება, არც ჭარხალი, კარტოფილი, სიმინდი და გოგრა გვექნება. ბუნების იმედად ვართ. მთავრობიდან მოდიან ხოლმე, რაღაცას ჩაიწერენ და ისევ უკან მიდიან. ამას წინათ ძეხვი დაგვირიგეს. საჭმელი მოაქვთ ხოლმე.
თქვენ რა შემოსავალი გაქვთ?
- მე 30 ლარს ვიღებ სახელმწიფოსგან, რა გითხრა შვილო, თავი როგორღაც გაგვაქვს. ოჯახში 5 სული ვართ, მათზე 22 ლარია სახელმწიფო დახმარება, ეს კი არადა, ომიდან სულ 6 თვე იყო გასული, რომ პირველ სამ თვეს მოხმარებული დენის გადასახადი გადაგვახდევინეს, ზოგმა 400, 600, 1000 ლარი გადაიხადა. სინამდვილეში, 100 კვტ ელექტროენერგიას სახელმწიფო ანაზღაურებს და თუ ზედმეტს დავხარჯავთ, გაჭირვებით გადავიხდით.
სათავსოები არ გვაქვს, გვეუბნებიან ძვირი ჯდებაო. ევრორემონტს კი გვიკეთებენ, “გიბსოკარდონს” აკრავენ და ლესავენ. 500 ლარი გვაქვსო თითოზე გამოყოფილი, და ვეუბნებით, მოგვეცით ეგ ფული და მასალების მოზიდვას საკუთარ თავზე ავიღებთ, გვითხრეს, ყველაფერს გადარიცხვა სჭირდება და “პეჩატით” დამოწმებაო, “პეჩატისთვის” ხაშურში და გორში როგორ ჩავიდე, სად მაქვს ამის შესაძლებლობა?
იატაკს რომ შეხედოთ, ქვემოდან ზემოთ ადის და ჩადის, იატაკთან ერთად ვმოძრაობთ. იწელება. საერთოდ დაიშალა.
ვახტანგ ფირანიშვილი, SIIMS პროექტის დირექტორი, -“დევნილებს კონკურსში გამარჯვებული ადამიანების საშუალებით ვეხმარებით, რომელსაც ჩვენი ორგანიზაცია აცხადებს, ისინი დევნილებს უსასყიდლოდ ემსახურებიან, ტრაქტორების გადასაცემად მალე ახალ კონკურსს გამოვაცხადებთ, ჩვენ ძალიან ბევრს ვმუშაობთ დევნილებისთვის უკეთესი პირობების შესაქმნელად”
ტრიალი მინდორის დატოვების შემდეგ, იქვე, 100 მეტრში დასახლებულ პუნქტთან გადავინაცვლეთ. თვალშისაცემია, მტვრიანი, მოუწესრიგებელი გზა, უმოძრაობა, მიყრუებული ადგილი, თითქოს სხვა ხანაში ცხოვრობენ, მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და არასამთავრობოების წარწერებია ბევრ შენობაზე გაკრული. სიცოცხლის ნიშანწყალად შეიძლება ჩავთვალოთ სტადიონი, სკვერი, რომელიც დიდი ხალხმრავლობით არ გამოირჩევა.
აქ, ყველა დანომრილ ქუჩას დევნილობამდე ნაცხოვრები თავისი ქუჩის სახელები დაარქვეს. შანსიც ნაკლებია, რომ შეზარხოშებულს საკუთარი სახლის ცნობა გაუჭირდეთ. შინ დაბრუნებაზე არავინ საუბრობს, ამაზე ყველა ერთად ვთანხმდებით, შიშით ვეღარც ვეკითხებით, ისედაც მძიმე ტრავმა მიიღეს, ფსიქოლოგების ტრეინინგების ჩატარება დასჭირდათ, რაზეც საერთაშორისო ორგანიზაციებმა იზრუნეს.
მაია პეტრიაშვილი, დევნილი - შემოდით, ნახეთ სად ვათევთ ღამეს. ეს კედლები სულ სველია, უცებ გააკეთეს და გაშრობაც ვერ მოასწრო კედელმა. ახლა გვიკეთებენ რემონტს... სასმელი წყალი გამოგვიყვანეს, მაგრამ სახარჯად არ ვარგა.
რას ნიშნავს სახარჯად არ ვარგა?
- ცოტა მოდის და ვერ მოვიხმართ როგორც საჭიროა. ველოდებით სარწყავი არხების დამონტაჟებას, ამბობენ “მოტორი” გადაიწვაო და აქამდე არ მოდის წყალი.
ყველაზე მძიმე პრობლემა რა გაქვთ, რისი მოგვარებაც გჭირდებათ?
- რა ვიცი, შვილო, მაისის შემდეგ შეწყდა დახმარებები და არ ვიცით, რატომ?! ჩვენი უფროსი შეცვალეს და მას შემდეგ შეწყდა დახმარებები. მანქანები მოდიოდნენ და გვირიგებდნენ ხან ფქვილს, ზეთს და ხან რას. ისიც არ ვიცით, ვინ იყო ეს ხალხი. ახლა, სათავსოც არ გვაქვს, საწოლების ქვეშ ვინახავთ ყველაფერს. ტანსაცმელი “კომპოტზეა” გადაფარებული, ეს ნორმალურია? იატაკის ქვეშ ბაყაყები ყიყინებენ.
ახლა რემონტს გვიკეთებენ, “ლამინატის” იატაკს გვიგებენ, სააკაშვილი ერთხელ მაინც ჩამოვიდეს, ძალიან გთხოვთ, მიაწვდინეთ ხმა ბატონ პრეზიდენტს. მრავალშვილიანი დედა ვარ, მე შეიძლება ასეთ პირობებში ვიყო? ლტოლვილთა სამინისტრომ 2.5 მეტრი კუბური შეშა დაგვირიგა, ეს მთელ ზამთარს არ გვეყოფა და ტყეში ხეების მოჭრა დავიწყეთ, ყველაზე ცუდი ისაა, რომ ვინც ტრიალ მინდორთან ცხოვრობს, მათ რა ქნან? გაყინვა ემუქრებათ!
მამასახლისი გოჩა ჟამირაშვილი ამბობს, რომ სასმელი წყლის პრობლემა დევნილებს უკვე მოუგვარდათ, ახლა კი სარწყავი არხების პრობლემის მოგვარებაზე მუშაობენ. დასახლებიდან სალონამდე რამდენიმე მეტრი ფეხით გავიარეთ, სალონიც ქეა საქართველოს პროგრამის ფარგლებში აშენდა. აქვეა ახლად აშენებული, უმოქმედო აბანო, რომლის ბედიც ჯერჯერობით გაურკვეველია. სამაგიეროდ, მოქმედია კომპიუტერის, ინგლისური ენის ცენტრი, იქვე ასწავლიან ცეკვას.
დარბაზი საკმაოდ კარგად არის მოწყობილი, საჭირო ინვენტარით აღჭურვილი, 6 ახალი კომპუტერით. სალონი სრულ მოთხოვნებს აკმაყოფილებს, აქვეა შამპუნი - “სიოსი”, რაღაც ბალზამს ვერ ვხედავ, მაგრამ არაუშავს, სამაგიეროდ, ე.წ. “ბიგუტები შევნიშნე” და გასახარია, რომ ხალხს ხალისი მთლად არ დაუკარგავს, რადგან თმების დახვევა გადაუწყვიტავთ. პლუს თმის საშრობი, სარკეები, “მაგთიფიქსი”.
მაია მაისურაძე, სალონის მეპატრონე: სალონი საერთაშორისო ორგანიზაციის დახმარებით შევისყიდე და ძალიან კმაყოფილი ვარ, სტილისტებს სპეციალური სამთვიანი კურსები ჩაუტარდათ და მას შემდეგ დაიწყეს აქ მუშაობა. წყალი დროებით გათიშული გვაქვს, მოტორი გადაიწვაო.
თმის შეჭრა რა ღირს?
- მამაკაცი 3, ქალი – 4 ლარი. დავარცხნა - 3 ლარი
დღეში რამდენი ადამიანი შემოდის?
- კვირაში 3 კაცი, თვეში დაახლოებით 40 ლარი გვაქვს შემოსავალი.
ჩემი ბიზნესი წამოვიწყე და მომავლის იმედი გავქვს.
გორის მეშვიდე საჯარო სკოლა
აქ რეაბილიტირებული ბიბლიოთეკა და საკონფერენციო დარბაზი უნდა დავათვალიეროთ, მაგრამ ყველაზე საინტერესო სკოლის ბიბლიოთეკაში მოხდა. თვალი თაროზე შემოდებულმა წიგნმა მოგვჭრა სახელწოდებით: “მოსკოვი ქვეყნად ერთია” ავტორი – ვანო ურჯუმელაშვილი.
ბიბლიოთეკის თანამშრომელისთვის წიგნის გამორთმევა და დათვალიერება მოვინდომე, მაგრამ ქალბატონი წიგნს გვარიანად ჩაებღაუჭა და გეგმაც ჩამიშალა. თუმცა რაღაცის ახსნა-განმარტებას გამალებით ცდილობდა: “პუტინს და მედვედევს რუსი კლასიკოსები არ უნდა გადავაყოლოთო”.
უკვე ცხინვალიდან ერთი კილომეტრის მოშორებით ვიმყოფებით, კარალეთში...
თონე... ეზოში ძაღლი სახელად კოკი შემოგვეგება...
ამავე რეგიონში ქეას მიერ განხორციელებული სხვა პროექტის კონფლიქტისპირა არეალში სოფლის მოსახლეობის საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესება (ERLA) ფარგლებში, მერაბ შავაძემ მცირე ბიზნესი წამოიწყო.
მერაბ შავაძე: დღეში 180 პურს ვაწარმოებ, სოფელში 100 ოჯახი ცხოვრობს, პური 50 თეთრი ღირს, აქაც ყიდულობენ და მაღაზიაში, სადაც ვაბარებთ და 60 თეთრად იყიდება. ყოველთვიური შემოსავალი 150-200 ლარია.
P.S. შიდა ქართლის შემდეგ, პირად საქმეზე იმერეთს ვეწვიე. ეს ყველაფერი თქვენამდე ბებიაჩემს მოვუყევი, გამყრელიძის ქალბატონის შეფასება ასეთი იყო: შვილო, ეს ყველაფერი გერმანელების მიერ საკონცენტრაციო ბანაკების მშენებლობას მაგონებსო...